პრემიერი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას უშუალოდ კიდევ ერთხელ პირადად აწარმოებს, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კუბლაშვილის თქმით, მხარეების გადაწყვეტილებით, მაჩალიკაშვილი ადვოკატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, პრემიერ-მინისტრს და შს მინისტრს მარტო შეხვდნენ.
კუბლაშვილის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა დღეს პრემიერისგან კიდევ ერთხელ მიიღო სამძიმარი, თუმცა მოლოდინებზე და კმაყოფილებაზე საუბარი ნაადრევია.
“შეხვედრა დასრულდა. ჩვენ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია. მოხდა აქცენტირება იმ მინუსებსა და პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და მის უდანაშაულოდ ცნობას. პრემიერი გვისმენდა ყველაფერზე, დეტალურად მოინიშნა ყველაფერი. აშკარა იყო, რომ მან ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები იცოდა, მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს, უშუალოდ აწარმოებს საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას, ასევე შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას. პირობა ძალიან რთულია მისი მხრიდან, ვინ იქნება დასჯილი და ა.შ. თუმცა ჩვენს მოთხოვნებზე, ის რაც ადეკვატურია, უშუალოდ შეისწავლის და მოხდება რეაგირება. კონკრეტული შედეგი, რომ ხვალ დაისჯება დამნაშავე არ გვაქვს, თუმცა გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და მასზე რეაგირება აუცილებლად იქნება, თუკი ამის საფუძველი იარსებებს“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ადვოკატის თქმით, პრემიერის ადამიანური პირობა იყო, რომ ამ საქმეზე ის გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ცხადია აქციები იქნება, კიდევ უფრო მასშტაბური. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. პრემიერს აქვს გონივრული ვადა, 10-14 დღე“, - აღნიშნა ადვოკატმა.