მრავალნაცნობიანი ნაცმო(უ)ძრ(ა)ობა

მრავალნაცნობიანი ნაცმო(უ)ძრ(ა)ობა

 

მაშ ასე, წილი ნაყარია და გემი ისევ მიცურავს (ოღონდ, სოხუმისკენ – აღარ).

წინა სტატიაში – „ირანული გამბიტი“ რამდენიმე დასკვნა გავაკეთე იმის შესახებ, რატომ დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად და რა შემდგომი ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა ამ ნაბიჯს. რამდენადაც 4 ივლისს პროგნოზი ძირითადად (სამთავრობო ცვლილებების ნაწილში) ახდა, თავს უფლებას მივცემ გავიმეორო იგი:

„ა) მიხეილ სააკაშვილი თავდაუზოგავად ცდილობს დაარღვიოს ის ლამის ტრადიცია, როცა მისი ყოველი თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე მას გაცილებით ნაკლებ დივიდენდებს აძლევს, ვიდრე დანაკარგებს!  მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად არის იძულებით ნაბიჯი და მიხეილ სააკაშვილი ამას არაფრით დაუშვებდა 2011 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა ძალიან კარგად ჰქონდა წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით ლამის გარანტირებული მარადიული პრემიერობა.

 ბ) მიხეილ სააკაშვილი ამ ნაბიჯით აპირებს მოიგოს საპარლამენტო არჩევნები მერაბიშვილის ხელით, რომლის რეიტინგი ნამდვილად მეტია ნაცმოძრაობის რეიტინგზე (თუმცა გაცილებით ნაკლებია NDI-ის კვლევის შედეგებზე – ველის შერჩევის და მეთოდოლოგიის ცდომილების გამო). მერაბიშვილის გაპრემიერებით სააკაშვილი ცდილობს უზრუნველყოს ნაცმოძრაობის უსახური პარტიული სიის რეიტინგის მეტ-ნაკლები ამაღლება (ვანოს შხეფების გადმოსხურებით კუბლაშვილზე, ურუშაძეზე, კარბელაშვილზე და სხვა აბსოლუტურად დისკრედიტირებულ პოლიტიკანებზე ), ხოლო საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში თავად ჩაანაცვლოს მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის უკვე გაცილებით უფრო ძლევამოსილ პოსტზე. ამავდროულად, არაა გამორიცხული სარეზერვო ვარიანტებიც – ბ1)მიშა ცდილობს მოახდინოს კონსტიტუციის ხელახალი რევიზია, იმდაგვარად, რომ არა პრემიერ-მინისტრი იყოს ყველაზე ძლევამოსილი, არამედ – პარლამენტის სპიკერი და თავად იყაროს კენჭი საპარლამენტო არჩევნებში (იმ პირობებში, როცა ქვეყანას მერაბიშვილი მიხედავს), ბ2)მოგონილი/გათამაშებული მიზეზით, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და გადადოს საპარლამენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით.

 გ) ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად ეცდება, რომ  არ გააძლიეროს ხელისუფლებაში არსებული სხვადასხვა ბანაკები. პირიქით, მოახდინოს მათი შეძლებისდაგვარად დასუსტება და თითქმის ყველა არსებულ ძალოვან სტრუქტურაში შეცვალოს ხელმძღვანელობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს საკუთარი გადაყენების  შანსი. სწორედ ეს იყო ვანო მერაბიშვილის „დაწინაურების“ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი. აქედანვე გამომდინარე, ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი (ამირან მესხელი ან დიმა შაშკინი) არ დაინიშნება შს მინისტრად, ბაჩო ახალაია არ დარჩება თავდაცვის მინისტრად, დიმა შაშკინი არ დარჩება განათლების მინისტრად, და ხათუნა კალმახელიძე – სასჯელაღსრულების მინისტრად. სააკაშვილს ექნება სერიოზული ცდუნება ასევე გადაანაცვლოს იუსტიციის მინისტრი ზურა ადეიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი – გიგა ბოკერია. თუმცა მეეჭვება, რომ ამ ეტაპზე მან ეს მოახერხოს. მაგრამ ახლო მომავალში რომ ცდას არ დააკლებს, ესეც მალე გამოჩნდება.“

ახლა კი შევეცადოთ იმის ანალიზს, რას ნიშნავს და რას მოიტანს ის სამთავრობო ცვლილებები, რაც უკვე სახეზეა. დავიწყოთ არსებულით და მერე – ტენდენციებზეც შევჩერდეთ:

არსებული მდგომარეობა

 1.  მიშა გაძლიერდა.

 მან პოლიციას მოაშორა, და ხალხის დამსაქმებელ-გამაბედნიერებელი პრემიერ-მინისტრობის სიზიფეს ტვირთის აკიდებით დაასუსტა მერაბიშვილი. მან არ გააძლიერა ბოკერია-ადეიშვილის ისედაც ძლიერი კლანი. ძალაუფლება კი რეალურად გაუზარდა ახალაიებს, რომელთა წარსულის მიმართ სერიოზული კომპრომატები არსებობს და რომლებიც მისი კონკურენტები ვერასოდეს გახდებიან. გარდა ამისა, ძლიერი პიროვნების პრემიერ-მინისტრად დანიშვნით მან შექმნა საკმაოდ მომხიბვლელი ილუზია იმისა, რომ „მიშა გაემიჯნა პუტინის ვარიანტს“ (უკვე ერთმა რუსულმა გაზეთმა დღეს გამოჩეკა ეს „უტკა“) და რომ მან გადაწყვიტა 2013 წლის შემდეგ ქვეყანა მერაბიშვილს დაუტოვოს.

 2. ყოველგვარი ილუზია იმის თაობაზე, რომ «მერაბიშვილი გაძლიერდა», «მერაბიშვილი სუპერ-პრემიერად იქცა», «მერაბიშვილი არის ის პრემიერი, რომელიც პრემიერად დარჩება 2013 წელსაც, როცა სააკაშვილი პრეზიდენტობას დაემშვიდობება» და ა.შ… – მიმაჩნია აბსოლუტურად ფუყედ და უსაფუძვლოდ. მერაბიშვილს არავითარი გაძლიერება არ სჭირდებოდა, იგი ისედაც იყო დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი და უამრავ სამინისტროს – შინაგან საქმეთა და უშიშროებას, განათლებას, სასჯელაღსრულებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას… და პარლამენტის მაჟორიტარ ინსიტატუს-დეპუტატთა რემას – აკონტროლებდა. რაც მთავარია, იგი აკონტროლებდა თავად პრემიერ-მინისტრ გილაურსაც. და ეს ყველაფერი ხდებოდა ნაცრისფერი კარდინალის კაბინეტიდან, რაც მერაბიშვილს იმის კომფორტსაც უქმნიდა (ოხ, ეს სეფერთელაძის ამოჩემებული სიტყვა), რომ ამ სფეროებზე (პოლიცია-უშიშროების გარდა) პასუხი არ ეგო. ახლა კი მერაბიშვილი ძალიან დასუსტდა – ჯერ ერთი მის პასუხისმგებლობაში გადავიდა ის სფეროები, რომელთა ამოქაჩვა მის „ტალანტს“ აღემატება – უმუშევრობა, ეკონომიკა, დასაქმება, სოფლის მეურნეობა, დაზღვევა და ლამის – ნამოცძრაობის მიერ 9 წლის განმავლობაში შეურაცხყოფილი, დაბეჩავებული და დამცირებული ქართველი ხალხის გულის მოგებაც. და მეორეც – მერაბიშვილი იქცა ნაპოლეონად, რომელსაც ჯარი არ ჰყავს და მის კუნძულ ელბას „სახელმწიფო კანცელარია“ ჰქვია… ერთ დროს უძლეველ ხერხემალს მხოლოდ განათლების სამინისტრო და მანდატურებიღა შემორჩა კალის ჯარისკაცებად…

 3. მერაბიშვილის მთავარი იარაღი, მისი ძლევამოსილების საიდუმლო, მისი მრავალათასიანი პოლიცია, მისი ასობით გამჭვირვალე შენობა –  რვა წლის რუდუნებით შეკოწიწებული და პირადი ურთიერთობებით დაცემენტებული, თვალსა და ხელს შუა იშლება! შსს შუშის შენობას დღეს ასეთი აბრა უნდა ამშვენებდეს – „შენი იყო, ახლა ჩვენია!“ (ახალაიები). შს სამინისტროდან წავიდნენ მინისტრის მოადგილე და მარჯვენა ხელი ამირან მესხელი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი დევი ჭელიძე და მრავალი სხვა სამსახურის თუ დეპარტამენტის უფროსი… თუმცა მერაბიშვილის მოთხოვნით ახალაიამ შეაჩერა უმაღლესი რანგის კადრების წმენდა, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლევადიანი პაუზაა. უახლესი ერთი თვის განმავლობაში შსს მინისტრის მაღალი რანგის კადრების უდიდესი ნაწილი გამოცვლილი იქნება. ვინც თავისით და უხმაუროდ წავა, ეცდებიან (ვანო ეცდება, თორემ ბაჩოს სულ ფეხზე არ ჰკიდია!) – რაიმე კარგი თანამდებობა მოუნახონ.  სხვებს კი ისეთ „პირობებს“ შეუქმნიან, რომ თავისით წავიდნენ. ბაჩო ახალაია არასდროს ენდობა მერაბიშვილის მიერ დატოვებულ კადრებს. მეტიც, ასეთი უნდობლობის კარტ-ბლანში და, შეიძლება, – დავალებაც კი მას მიხეილ სააკაშვილისაგან ექნება მიღებული.

 4. ქვეყანა გახდა „საახალაიო“. ამ კონტექსტში არა მარტო ბაჩო ახალაიას შსს მინისტრად მოსვლა არის მნიშვნელოვანი, არამედ მისი ძმის – დათა ახალაიას დანიშვნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. თუ ცოტაოდენ ლოგიკას მოვიშველიებთ და ვანო მერაბიშვილის ცხოვრების ნირს და გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მერაბიშვილის მიერ სააკაშვილისგან პრემიერ-მინისტრობის შეთავაზების პირველი პასუხი ის უნდა ყოფილიყო, ექნებოდა თუ არა მას უფლება შსს მინისტრის პორტფელი შეენარჩუნებინა. სააკაშვილი, სავარაუდოდ, თავის უარს ასეთი „შეთავსების“ დასავლეთის მხრიდან მიუღებლობით გაამართლებდა. მაშინ შემდეგი სვლა ვანოს მხრიდან უნდა ყოფილიყო თავის ადგილზე თავისი ერთგული კადრის დატოვების ბუნებრივი სურვილი – მესხელის, ზღულაძის ან შაშკინის (ამ სამიდან ნებმისმიერი მათგანის შს მინისტრად დატოვება იქ ვანოს დარჩენის ტოლფასი იქნებოდა). მიშამ ამაზეც უარი განუცხადა, სავარაუდოდ, იმის მომიზეზებით, რომ შსს-ს ძლიერი ხელი სჭირდებოდა. და ასეთად მხოლოდ ბაჩო ახალაია ეგულებოდა. ხოლო ვანო რომ ძალიან არ გაღიზიანებულიყო, კარგა მოზრდილი ძვალი გადმოუგდო, – არა უშავს, სამაგიეროდ, შენს კაცს – შაშკინს – თავდაცვის სამინისტროს ჩავაბარებო! ვანოს, ალბათ, ეს ვარიანტი ჭკუაში დაუჯდა. გამოდიოდა, რომ მან და ახალაიამ უბრალოდ სამინისტროები „გაცვალეს“ (ხომ მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ!). და, მართალია, შსს უფრო შეკრული და დიდი სტრუქტურაა (საინტერესოა, ვინმემ თუ იცის, რამდენი ადამიანია შსს სისტემაში?), ვიდრე ჯარი, მაგრამ არც ჯარია მთლად ხელწამოსაკრავი. თან ჯარი ამერიკელებთან აუცილებელ და ხშირ კონტაქტს გულისხმობს, რაც მერაბიშვილისთვის ყოველთვის სუსტი წერტილი იყო და ვანო, (რომელიც თან ამ დანაელთა მოულოდნელ ძღვენში საფრთხეს უეჭველად გრძნობს, მაგრამ თან მოახლოებული საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ჭია ღრღნის და საკუთარ უკვე თავზე მეფის სკიპტრას იზომებს), ამერიკელებთან დაახლოებას თავისი კარიერული ზეაღსვლის აუცილებელ ელემენტად მიიჩნევს.

 მაგრამ ეს „გაცვლა“ იმწამსვე სიაფანდად იქცა, როცა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თავისი თავზეხელაღებულობით ცნობილი დათა ახალაია დაინიშნა. მინისტრი შაშკინი როგორ „დაიმორჩილებს“ მოადგილე დათას, ყველასთვის გასაგებია და არც თავად შაშკინს და არც უკვე ვანოს არ უნდა აწუხებდეს ილუზიები იმის თაობაზე, რა სიაფანდი აღმოჩნდა მიშას დაპირება – ახალაიები არც თავდაცვიდან წამოვიდნენ და შსს-ც ხელში იგდეს! ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კუდის უფროსად ახალაიების მარჯვენა ხელი და უერთგულესი კადრი – ლევან ქარდავა უკვე დანიშნულია და სოდ-ის უფროსის სავარაუდო კანდიდატად მერაბიშვილის მიერ შსს-დან გაგდებულ ერეკლე კოდუას ვარაუდობენ, აშკარაა, რომ შსს-დან ვანოს ფეხისამოკვეთის პარალელურად ახალაიების გაძლიერება სინათლის სიჩქარით მიდის. თუმცა ერეკლე კოდუას „გასოდება“ პირადად სააკაშვილის სურვილი უნდა იყოს, რომელიც „პატარკაციშვილის ოპერაციას“ არ ივიწყებს და საკუთარი ნათლულის მამის ამოტივტივება შეიძლება იმიტომაც უნდოდეს, რომ თავადაც ხედავს, რა თვალუწვდენელი უფლებები ჩაუგდო ხელში ახალაიებს, რომლებიც პროკურატურის დიდ ნაწილს (სამეგრელოში), ჯარს, სოდ-ს, კუდ-ს, სასაზღვრო ჯარებს და პოლიციას აკონტროლებენ.

 5. თავდაცვის სამინისტრო! ბედკრული სამინისტრო, რომელსაც 2008 წლამდე ყველანაირად აძლიერებდნენ და ფულს არ აკლებდნენ, ხოლო 2008 წლიდან მოძულებულ გერად შერაცხეს, ამბოხი და ღალატი დააბრალეს და სადისტების, მანქურთების და, ახლა უკვე, კომიკური ფარშევანგების ადგილსამყოფელად აქციეს. თავდაცვის სამინისტროში ახლა მიდის პოლიციური კადრების გადაქაჩვა. მარტო სოსო თოფურიძის დანიშვნა გენშტაბის ადმინისტრაციის უფროსად რად ღირს! ეს სოსო თოფურიძე რაიმე საგის ღირსია – კაცი ლეგენდა, კაცი-კუდი, კაცი-მამხილებელი, შერონ სტოუნის უბის მაყურებელი, ამავდროულად – წმინდა სინოდის „მაყურებელი“, და ახლა უკვე გენშტაბის „მაყურებელიც“! შეიძლება, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, რომ პოლიციური კადრებით არმიის გაჯერება ვანოს თამაშის ნაწილია, მაგრამ ცოტა უფრო მეტი დრო და მეტი დაკვირვება გამოკვეთავს იმას, რომ სინამდვილეში აქაც ახალაიების და მათი ერთგული კადრების მოზღვავება იქნება.

 ნამდვილად საინტერესო ფიგურაა შაშკინი – ბედის ნებიერი პერი!

 ადამიანი, რომლის ერთადერთი ტალანტი მისი რუსული გვარი და IღI- ული გამოცდილებაა, უკვე მესამე სამინისტროს იცვლის. გასაგებია, რომ სააკაშვილს, მისი პირადი კომპლექსების გამო, კოსმოპოლიტური მისწრაფებების ხაზგასმა მოსწონს – რუსებს თითქოს ვერ იტანს და ბიძამისის რუს მეგობრებს და ბიზნეს პარტნიორებს საქართველოს ნახევარი ბიზნეს-პოტენციალი ჩააბარა, საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქე ვაშაძე ჰყავდა (თანაც იმ დროს, როცა საქართველო და რუსეთი ომობდნენ), ძალიან უყვარს მთავრობაში ისეთი ხალხის ყოფნა, რომელთაც, მის მსგავსად უცხოელი თანამეცხედრეები ჰყავთ – ზღულაძე, იაკობაშვილი, არველაძე, ბაჩო ახალაია, ვიღაც უსურათო თავდაცვის მინისტრის მოადგილე – სიფრაშვილი-ლი… მაგრამ ამ ფონზეც კი რუსული გვარის მქონე შაშკინის კარიერული ცამპა-რუმპა ნამდვილად გაცილებით შთამბეჭდავია. ალბათ იმიტომ, რომ სააკაშვილს გარკვეული იდეა-ფიქსი აქვს, როგორ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ უდიდესი დემოკრატია და ამიტომაც თავად დაასახელა შაშკინი მომავალ პოტენციურ პრეზიდენტად. ამით კიდევ ერთი პიარული ნაბიჯი უნდა გადადგას. – ისეთი, რასაც პუტინი ვერ გაიმეორებს  ). მე პირადად მგონია, რომ  ნარცის-ფარშევანგი დიმა შაშკინი, თავისი განუყრელი სანჩო-პანსა – კოკა სეფერთელაძით, თავდაცვის სამინისტროში ნახევრადკომიკურ მარიონეტად გადაიქცევა. თან ისეთ მარიონეტად, რომელსაც კოორდინირებული მოძრაობა არ გამოსდის. რადგან თუ ადრე მისი ძაფები მხოლოდ ვანოს ეპყრა ხელთ, ახლა  მრავალი ადამიანი მოინდომებს ამ ძაფების ხელში მოგდებას – ვანო, ახალაიები, მიშა, და დიდი შანსია – ბოკერია/ადეიშვილიც.

 6. ბოკერია და ადეიშვილი ვახსენე და აქ ნამდვილად უნდა შევჩერდეთ. ქვეყანაში ამდენი რამ მოხდა და არცერთი არ გამოჩენილა ავანსცენაზე. ბევრი ფიქრობდა, რომ ბოკერია გახდებოდა თავდაცვის მინისტრი, რაც პირადად თქვენს მონა-მორჩილს ერთი წუთითაც არ დამიშვია. სააკაშვილი არასოდეს დაუშვებს ძალოვანი სამინისტროს სათავეში ისეთი ადამიანის მოსვლას, რომელსაც დასავლეთთან ლიბერალის და დემოკრატის პოზიტიური იმიჯი ექნება. ამიტომ იყვნენ დღემდე ძალოვანი სტრუქტურების სათავეში მერაბიშვილი, ადეიშვილი და ახალაია – სამივე დასავლეთისათვის არცთუ მომხიბვლელი და ზოგჯერ – მიუღებელიც კი ფიგურები. ხოლო დასავლეთისათვის მისაღებ ბოკერიას მხოლოდ ფიქტიური ორგანოს – უშიშროების საბჭოს მდივნობა ერგო. რაც დასავლეთში კი ჟღერადი პოსტია, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში ბოკერიას მოსვლამაც კი ვერ შესძინა ამ თანამდებობას სერიოზული დატვირთვა.  ბოკერიამ და ადეიშვილმა, მრავალთა აზრით, თითქოს წააგეს. დღევანდელ დღეს შეიძლება ასეც ჩანდეს – მერაბიშვილი გაპრემიერდა, ახალაიებმა ძალოვანი სტრუქტურები გადაიბარეს, შაშკინს შაშკები (ხმლები) აჩუქეს, ხოლო ადეიშვილი და ბოკერია გამოდის – ხელცარიელები დარჩნენ და თითქოს გავლენის სფეროები სერიოზულად დათმეს. მაგრამ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და თუ მანამდე პრემიერ-მინისტრმა უმუშევრობა, სოფლის გაპარტახება და ინვესტიციური შიმშილი ბეჭებზე ვერ დადო, ხოლო ახალაიებმა მთელ მსოფლიოს ანახეს მიშისტური სადიზმის სახე, არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილს კადაფის აღსასრულისაგან გადასარჩენად სწორედ ადეიშვილ-ბოკერიას მოხმობა დასჭირდეს. ახლა საქართველოში ხელისუფლების აქტიური ქმედებების დრო დადგა, მაგრამ აბსოლუტურად ურეიტინგო და საკუთარი შეცდომების და დანაშაულის ტყვე ხელისუფლებას აქტიურობა ვეღარაფერს შველის და როგორც ჭაობში ჩაფლული ადამიანის გადარჩენის შანსი ფართხალით არ იზრდება, ასევე სათუოა, რომ დღეს ხელისუფლების ვერტიკალში დაწინაურება და აქტივობის დაწყება ვინმესთვის სტრატეგიულად გამარჯვების მომტანი აღმოჩნდეს.

 7. არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ამ კარუსელის შედეგად ერთმნიშვნელოვნდად წაგებული აღმოჩნდა. ეს მერი უგულავაა, რომელმაც გამინისტრებული პირადი მძღოლი დაკარგა. არადა, სუბელიანი, რომლის თავზე მოქუფრული ღრუბლები იმდენჯერ გადაიყარა, რომ თითქოს წაუქცეველ ფიგურად ჩანდა, რას ემსხვერპლა ამჟამად, ძნელი გასაგებია. პრობლემა სუბელიანში არაა – ის ამ ბოლო დროსაც უსეთივე სტანდარტულად უსარგებლო და მატყუარა იყო, როგორც ყოველთვის. პრობლემა არჩევნებშია, როცა ხელისუფლებამ აშკარად დაინახა, რომ უკვე ძალიან უჭირს ლტოლვილებში ხმების მოგროვება და ლტოლვილებს მათი ცრუ დაპირებების აბსოლუტურად აღარ სჯერათ. უმუშევრად დარჩენილი და ტრაპაიძის დასასაქმებელი სუბელიანი იქეთ იყოს და გიგი უგულავამ ამ კვირაში კიდევ ერთი მტკივნეული დარტყმა მიიღო – სახალხოდ გაცხადდა, თანაც სამღვდელოების საკმაოდ პოპულარული წარმომადგენლის მხრიდან, რომ სწორედ გიგი უგულავა არის ის ადამიანი, რომელიც ეკლესიის საქმეებში ჩარევას და პარტრიარქისადმი ხმამაღლა ლაპარაკს და მუქარის გამოყენებას ბედავს. ის, რომ ამ სატელევიზიო სიუჟეტს საპატრიარქოს მხრიდან უარყოფა არ მოჰყოლია, იმას ადასტურებს, რომ უგულავას „მოთხრა“ სწორედ საპატრიარქოს სურვილით და ფარული თანხმობით მოხდა. საინტერესო ისაა, რომ როცა უმაღლეს ხელისუფლებაში მრავლადაა ათეისტებიც, აგრესიული ანტიკლერიკალებიც და სხვა სარწმუნეობის მიმდევრებიც, სწორედ უგულავა გახდა ის პირი, რომელიც ბოლო ხანებში საპატრიარქოს სულ უფრო ფართო ფენების მხრიდან სულ უფრო მზარდი მიუღებლობის შეგრძნებას იწვევს, რადგან აქ ის პრინციპი მოქმედებს, ხემ რომ თქვა, – ნაჯახი რას დამაკლებდა, ჩემი ჯიში რომ არ ეგოს ტარადაო…  ყოფილი სტიქაროსნის მხრიდან საპატრიარქოს საქმეებში აქტიური ჩარევა გახდა ამ, გარკვეულად უკურექციის მიზეზი. არადა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მომავალი პოტენციური ლიდერის  მიმართ სამღვდელოების დამოკიდებულებაზე ვფიქრობდი, სწორედ გიგი უგულავა მეჩვენებოდა იმ პიროვნებად, რომლის მიმართ (სხვათა ფონზე) ეკლესია შეიძლებოდა უფრო ლოიალური ყოფილიყო. ახლა ეს ძალიან ნაკლებსარწმუნოდ ჩანს. ასე რომ გიგი უგულავა „კვირის წაგებულის“ წოდების უალტერნატივო გამარჯვებულია.

 8.  რაც შეეხება ისეთ ახალ მინისტრებს, როგორც დალი ხომერიკი და ხატია დეკანოიძე არიან, სერიოზული კომენტარისაგან თავს შევიკავებ.

 უნდოდათ ქალები და დანიშნეს ქალები! ძირითადად ესაა.

 მიშას ყოველთვის უნდა ქალები, და მთავრობაშიც/ირგვლივაც რომ უნდა, ქალები მეტი იყოს, ეს მისი პირველი დღიდან და პირველი განცხადებიდან გვახსოვს. სხვათა შორის, ბევრს გაუკვირდა მისი „ხუმრობა“ – „პრემიერ-მინისტრიც გვინდოდა ქალი ყოფილიყო, მაგრამ მთლად არ გამოგვივიდაო!“, რომ განაცხადა ვანო მერაბიშვილის დანიშვნის შემდეგ. არადა,  („ყოველივე ახალი – კარგად დავიწყებული ძველია!“)  ზუსტად ეს ფრაზა წარმოთქვა მიშა სააკაშვილმა ჟვანიას დანიშვნის დროსაც და ასე მგონია, რომ ვანო მერაბიშვილს უფრო სწორედ მოკლულ პრემიერ-მინისტრთან ეს პარალელი ემცხეთებოდა უფრო და არა ის საკმაოდ გამჭვირვალე და უხერხული კონტექსტი, რაც სხვებს გაუჩნდათ სააკაშვილის „ხუმრობის“ შემდეგ.  მაგრამ ახლა „ქალების მონდომებას“ სხვა მიზეზიც ჰქონდა: მთავრობის ამ კარუსელამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში NDI-ის დელეგაცია იყო და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა კენეტ ვოლაკმა საკმაოდ სერიოზული რამდენიმე რეკომენდაცია გააცხადა მთავრობის მიმართ, რომელთა ფონზე შედარებით ნაკლებმნიშვნელოდ და ყველაზე საყველპუროდ მე ეს ჩავთვალე – კარგი იქნება, ხელისუფლების სხვადასახვა შტოებში წარმოდგენილ ქალთა რაოდენობა თუ გაიზრდებაო! ჰოდა, მეტი რა უნდოდათ ნაცმოძრაობის პლუტოკრატებს! დანარჩენი (და ძალიან მნიშვნელოვანი!) რეკომენდაციები – ძალადობას შეეშვით, ყველასთვის ამომრჩევლისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყავით და “Mუსტ ჩარრყ” არჩევნების დღის შემდეგაც გააგრძელეთო – ცალ ყურშიც კი არ შეუშვიათ, და მაინდამაინც ეს – „ქალები მეტად!“ აიტაცეს და სამ დღეში საქმედ აქციეს! სწორედ იმიტომ, რომ სათქმელი ჰქონოდათ – NDI-ის რეკომენდაციებს გულისყურით ვისმენთ და აგერ, ერთი სასწრაფოდ გავითვალისწინეთ კიდეც, დანარჩენებზო ვფიქრობთო! კიდევ კარგი, NDI-იმ ისიც არ დაიბარა, არჩევნებს მაინცდამაინც 5 რიცხვში ნუ ჩაატარებთო, თორემ ეგეც ექნებოდათ უკვე ასრულებული და მათ თავმომწონეობას საზღვარი არ ექნებოდა…

 9. არის კიდევ ერთი ახალი მინისტრი, რომელიც არა მარტო ახალი მინისტრია, არამედ ახალი სახელმწიფო სამინისტროს თავკომბალაცაა! აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც თავიდან სამინისტროების შერწყმით და ეკონომიკაში სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევით დაიწყო, ახლა სამინისტროების დაყოფა და სოციალისტურ ლოზუნგებზე გადასვლა დაიწყო.  თავად ეს სახ.მინისტრი, ვინმე პაატა ტრაპაიძე, იმითია ძალიან საინტერესო, რომ მისი წინა ორი ქმნილება – ანაკლიის ხიდი და ქუთაისის პარლამენტი – სააკაშვილის მიერ დასრულებულად გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში კატასტროფულად დაინგრა. ეს კაცი ასევე მორიგი მარიონეტი მგონია, მაგრამ თავად სამინისტრო და ის ფუნქცია, რაც მას დაეკისრა, ხოლო კიდევ უფრო მეტად, – ის მეთოდი, რომლითაც მან თავისი „ფუნქცია“ უნდა განახორციელოს, ძალიან საყურადღებო მგონია და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

ტენდენციები:

 1) მიშა ყველანაირად შეეცდება, რომ გავარდნილი ხმა – „მიშა პუტინობას აღარ აპირებს, ზეძლიერი პრემიერი ვანო იქნება!“ გაამტკიცოს და თავის მომავალზე შეკითხვების დასმა დაავიწყოს ყველას – მაესტროდან დაწყებული და როიტერით დამთავრებული…  სამაგიეროდ ხშირად გამოვა ვანოსთან ერთად და დავალებებს მისცემს, რომ მომავალში (თუ მისი ოცნება ახდა და არჩევნები ისე გააყალბა, რომ გაუვიდა), უცებ მოატრიალოს კეხი და ყველას შეგვახსენოს, რომ სწორედ მისი მზრუნველი ხელმძღვანელობის წყალობით შეძლო ვანომ ის, რაც შეძლო! სააკაშვილს მერაბიშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სჭირდება პრემიერად, ხოლო შემდეგ პრემიერის ვინაობა (მიშასთვის მაინც!) გარკვეულია – „მიშა, მხოლოდ მიშა და არავინ მიშას გარდა!“ (იმ ჰიპოტეთური ვარიანტის გარდა, თუ ავთანდილ კონსტიტუციათერძი დემეტრაშვილი რაიმე ახალ თარგს არ გამოჭრის (მიშას მზრუნველი ხელმძღვანელობის წყალობით, რასაკვირველია). აქვე უნდა ხაზი გავუსვათ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომელსაც არ იმჩნევენ დღემდე რატომღაც დასავლელი ექსპერტები – საქართველოს პრეზიდენტმა ისე მოიფიქრა, ისე დაგეგმა, ისე წარუდგინა მთელს საქართველოს და მსოფლიოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ისე მიულოცა ეს დანიშვნა და ისე დაჰკრა მხარზე ხელი და უთხრა, აბა წავედით და საქმეს შევუდგეთო, რომ პარლამენტი არც კი გახსენებია! ახლა ხომ აშკარა გახდა, როგორ პოლიტიკურ რუდიმენტად აქცია სააკაშვილმა პარლამენტი და რატომ გადააქვს ეს სტრუქტურა დედაქალაქიდან 220 კილომეტრში?

 2)მერაბიშვილი სულ მალე იგრძნობს, რა ძნელია, როცა ჟურნალისტებს უნდა უპასუხო და უწინდელივით ფეხებზე ვეღარ დაიკიდებ. უკვე ნახა! – იმ ეთერშიც კი, რომელიც ნინო ჟიჟილაშვილს ზედმეტად რბილად ჩაუთვალა აუდიტორიის დიდმა ნაწილმა, მერაბიშვილი საცოდავად ბლუკუნებდა, მუდმივად (შეკითხვისდა მიუხედავად)ორ ფრაზას ატრიალებდა და როგორც ია ანთაძემ მოსწრებულად აღნიშნა, სრული „სეფერთელიძეიზაცია“ დაემართა! ვანომ არ იცის, რაა, როცა შენი პოლიციის მიერ საცოხვრებლებიდან რტყმევით გამოყრილ  და დახურული ავეჯის ფურგონებით გადასახლებულ ლტოლვილებს უნდა ელაპარაკო… როცა უნდა ელაპარაკო იმ ხალხს, რომელსაც ქონება აახიე და აუხსნა, რომ ახლა მათ დასაქმებას აპირებ! როცა ყოველდღე გაგახსენებენ გირგვლიანს და ენუქიძეს, 7 ნოემბერს, ომს, ათას მამაძაღლობას და შენ ეს უნდა ისმინო… რომ მხოლოდ ლოგოპედის გაკვეთილება არაა საკმარისი კითხვებზე პასუხის დასაცემად… უკვე იგრძნო დღეს და ჯერ სად ხარ, ვანო… შენ არ იცი, რომ ვახტანგ გორგასლის შემდეგი ორდენი კი გელოდება, მაგრამ „პასმერტნო“! (პოლიტიკურ სიკვდილს ვგულისხმობ, თუმცა სხვები, ვინ იცის, რას გულისხმობენ).

 3) ძალიან საინტერესო მგონია დასაქმების სამინისტროს იდეის სასწრაფოდ მოფიქრება და ელვისებური რეალიზაცია. საერთოდ ისიც ხომ აღსანიშნავია, რომ მთელი ეს სამთავრობო სუპერკარუსელი დაიწყო ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სესიის დახურვიდან ორ დღეში (!) და არავითარი განხილვები, მოფიქრებები, მსჯელობები და დისკუსიებიყველაფერს  ამას ახალ სამთავრობო პროგრამას, ახალ მინისტრებს და ახალ პრემიერ-მინისტრს  - მათ შორის ახალი სამინისტროს ფუნქციების განხილვაც კი – არ ყოფილა! ხომ მაგარი ნიშანია დემოკრატიული სახელმწიფოსი?!  მაგრამ მოდით განვიხილოთ რა იქნება ამ სამინისტროს ფუნქცია, რომელსაც ფორმალურად ვინმე პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს, ხოლო რეალურად ამირან მესხელი, რომელსაც ვანო მერაბიშვილის მეგობრობის და პარტნიორობის (ხოლო ზოგის აზრით – მენტორობისაც!) ხანგრძლივი სკოლა აქვს გავლილი აქვს. თურმე ეს სამინისტრო მოაგროვებს და შექმნის მონაცემთა ბაზას საქართველოში ყველა უმუშევრის შესახებ! ძალიან საინტერესოა, რომ მაშინ როცა მინისტრი ტრაპაიძე აღიარებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია სანდო მონაცემები უმუშევართა რაოდენობაზეც კი, პრემიერ-მინისტრი  უკვე პატაკს აბარებს პარლამენტში, რომ 273,000 უმუშევარი დასაქმდება. ხოლო იმისათვის, რომ უმუშევრები არ შეწუხდნენ, მათ კი არ მოუწევთ მისვლა ტრაპაიძის უწყებაში (ხომ გადაქელეს 900 ათასად დაფინანსებული 30 დასაქმებული თანამშრომელი), არამედ 3,000 სოციალური აგენტი კი, 25 ივლისიდან 9 ნოემბრამდე დასაქმების სამინისტროს მიერ დაქირავებული 3000 რეგისტრატორი (!) მოქალაქეებს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარებს შეავსებინებს. მოქალაქეებთან ვიზიტი კი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით განხორციელდება. ”ამ ბაზის ანალიზი, გეოგრაფიის მიხედვით, ასაკის მიხედვით, პროფესიების მიხედვით, ანუ ვინ არიან დაუსაქმებელნი. პარალელურად ვიმუშავებთ უმუშევრის სამართლებრივი სტატუსის შექმნაზე, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის უმუშევარი”, – ამბობს პაატა ტრაპაიძე.

 და განმარტავს, რომ უმუშევართა ბაზის დამუშავების შემდეგ ბაზაში დარეგისტრირებულ მოქალაქეებს სპეციალური ტესტირების გავლა მოუწევთ, რის შემდეგაც დადგინდება მათი პროფესიონალიზმის ხარისხი და, შესაბამისად, დასაქმების შანსი, ამატებს რა, რომ უმუშევარნი და სამუშაოს მაძიებელნი, საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, გადამზადების კურსებსაც გაივლიან. მოკლედ ჩატარდება კიდევ ერთი სახელისუფლებო „კარდაკარ“, როდესაც საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 2 მილიონი შრომის ასაკისუნარიანი მოსახლიდან, რომელთაგან დღეს ხელფასს მხოლოდ 670,000 ღებულობს, ხოლო 1,4 მლნ – „ნატურით“ ცხოვრობს, 3000 რეგისტრატორი (ჩათვალე – ნაცმოძრაობის მამაშა სოცაგენტი, შერჩეული ამირან მესხელის სტანდრატებით) გამოარკვევს, ვინ რით სუნთქავს და მერე ამ უმუშევრების პოლიტპრიორიტეტების მიხედვით გადაწყვეტს – „ამას – შინ ჯდომა, ამას – დასაქმება!… ამას – შინ ჯდომა, ამას – დასაქმება!“ თან რამდენადაც ბაზა ნოემბერში დასრულდება, მთავრობა უმუშევრობის ამოცანის არჩევნებამდე გადაჭრაზე ერთ თეთრსაც არ დახარჯავს (თუ 3000 მამაშის 3 თვიან ხელფასს – დაახლოებით 1,5 – 2 მილიონ ლარს არ ჩავთვლით) და მხოლოდ ცარიელი დაპირებებით და „მესხელური დარწმუნების“ მეთოდებით  აიძულებს ასეულ ათასობით უმუშევარს მომავლის ფუჭი იმედით მხარი ნაცმოძრაობას დაუჭირონ. თუ 273,000 უმუშევარს დავამატებთ კიდევ მათი ოჯახების 2-3 წევრს, გამოდის, რომ ამ ახალი სიაფანდობით ხელისუფლება სადღაც 600-700,000 ხმის მოსყიდვას ცდილობს – ნათია მოგელაძის სრული ლოცვა-კურთხევით და ლუის ნავაროს ნეტარმორწმუნეობრივი თვალისდახუჭვით, რასაკვირველია!

4)მოგელაძემ უკვე ამოიღო ყველაფერი, რისი ამოღების შანსი ჰქონდა. მალე დაიწყება ამ გამდიდრების სპეცოპერაციის უკუეფექტი – „ქართუ ბანკის“ და „ქართუ ჯგუფის“ დაყადაღების პროცესი გადავა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც მიშას დასავლური – ბიზნესპრომოუტერის – იმიჯის კრახის დასაწყისი იქნება.  არაა გამორიცხული, მოგელაძის უწყება ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებს და რეგიონალურ ტელევიზიებს შეუსიონ. რადგან ფაქტია, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაში ამ ორი სექტორის როლი გადამწყვეტი იქნება და ხელისუფლება დროზე ეცდება მათ სისხლი გამოაცალოს და დააშინოს.

 5)ევროპარლამენტის მოსმენები სერიოზული სილა იყო სახელისუფლებო მანქანისათვის – აქამდე ვაშაძე-ბოკერია-ჩერგოლეიშვილი-თაქთაქიშვილი და თარგამაძეც (!) ახერხებდნენ იმას, რომ ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სტრუქტურებში მიშას ანტიდემოკრატიულობის საკითხი მხოლოდ კულუარული საუბრების თემა ყოფილიყო და არა მოსმენების და გარჩევების. ნამდვილად შეიძლება ეს ყველაფერი ივანიშვილის ლობისტებს დააბრალო, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაქირავებულ  ლობისტებს აქამდე უპირობო მონოპოლია ჰქონდათ,  თანაც მათ მხარს უმაგრებს საქართველოს 30-მდე საელჩო და დიპკორპუსი, რომელიც საჯარო მოხელეობიდან ნაცმოძრაობის პარტიულ ფუნქციონერებად იქცნენ. მართალია, მოსმენებზე გამომსვლელ ეროპარლამეტართა საკმაო ნაწილმა ივანიშვილის ოლიგარქობას და რუსეთის კარტის განხილვას დაუთმო დიდი დრო, მაგრამ ჯერ ერთი, ეს მხოლოდ ორი ფრაქცია იყო – ევროპის სახალხო პარტია და … კომუნისტები (!). მათგან პირველი ფრაქცია მიშას პარტიის დედობილია ევროპაში და ახლა აპირებენ ბათუმში გრანდიოზული შარაფ-კონფერენციის ჩატარებას და ევროკავშირის სახელით მიშას წინასაარჩევნოდ კურთხევას. მათ შორის არის ხალხი, რომელიც ყველაფერს იმის მიხედვით ლაპარაკობს და აზროვნებს, არის თუ არა რომელიმე პოლიტიკური მოღვაწე რუსეთის გამოცხადებული მტერი, რომელიც მზადაა რუსეთის დარტყმა თავის ქვეყანაზე მიიღოს და იმპერიას კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოაგლიჯოს… 1989 წელს ვიტაუტას ლანდსბერგისი მეც მიმაჩნდა ქართველი ხალხის ძალიან დიდ მეგობრად, მაგრამ დღეს ეს მხცოვანი ადამიანი რომ აბსოლუტურად ვერ ერკვევა იმაში, ვინაა ქართველი ხალხის ლიდერი და ვინ – ქართველი ხალხის წურბელა და ქართველთყლაპია, ეს აშკარაა. კიდევ უფრო საინტერესო იქნება მსგავსი მოსმენების გამართვა ამერიკაში, სადაც პოლიტიკურ პროცესში ჩაბმული პირისათვის ქონებრივი მდგომარეობის გამო სპეციალური და არნახული შეზღუდვების დაწესება ნონსენსია! იქ პირიქით, ძალიანაც მიესალმებიან, რომ ხელისუფლებაში მდიდარი და უზრუნველყოფილი ადამიანი მოდის და არა მიშას და ვანოსნაირი „გაღლეტილები“, რომლებსაც მერე სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარ ჯიბეში გადაქაჩვის მაღალი ხარისხის ცდუნება ექნებათ.

 6)   ჩვენ ყველა მალე ვიგრძნობთ ხელისუფლების ძირითად ტაქტიკას არჩევნების მოსაგებად – „ძალადობა! ძალადობა! ძალადობა!“

 უკვე სახეზეა ცალკეული მონახაზები და სქემები, რომელთაც ახალაიას ბანაკი ამუშავებს და შეეცდება გამოიყენოს:

 ა. ტაქსებში მძღოლად გაფორმებული პოლიციელები, რომელთა ამოცანა ჯერ ყასიდად ხელისუფლების, ხოლო შემდეგ ივანიშვილის გინება იქნება და იმის „ფაქტები“, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია…

 ბ. ივანიშვილის შეხვედრებზე დაძაბულობის შექმნა ნაცმოძრაობის აქტივისტების ოჯახის წევრების (განსაკუთრებით – ქალების და ახალგაზრდების) აქტიურად გამოყენებით; ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ ნაცმოძრაობის უკვე გაშიფრული სატელიტი პარტიების – ქრისტიან-დემოკრატების, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტების, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, გია (პადოშა) თორთლაძის, ირაკლი წერეთლის და სხვა მოტივტივე, მიძინებული თუ დანაფტალინებული ”პოლიტიკოსების” გამოყენება;

 ც. მე-9 არხის, მაესტროს და რეგიონალური ჟურნალისტების მიმართ ფსიქოლოგიური ტერორის კამპანია, რომელიც უკვე   დაიწყო და სულ უფრო ფართოვდება ყალბი ლოზუნგით „ჟურნალისტები ამხელენ ჟურნალისტებს!“ აქ გათვლა იმაზეა, რომ ფსიქოლოგიური პრესით გატანჯულ ნორმალურ ჟურნალისტებს ნერვები უმტყუნებთ და თავადაც დაიწყებენ პროვოკატორ-ურნალისტებისთვის ”ხურდის დაბრუნებას”, რის შემთხვევაში მათ მიმართ ადმინისტრაციულ ღონისძიებებს გაატარებენ…

 დ.ზონდერბრიგადების ჩართვა შს ოფიციალურ სტრუქტურებში (ძირითადად  კუდ-ში) და პოლიციის უფრო მსაშტაბური გადაყვანა პოლიტიკურ პოლიციად (გესტაპოდ);

 ე. ციხეებიდან პირობით და ვადამდე გამოშვებულების, განსაკუთრებით – ნარკომანების კონტრაქტირება ზონდერბირგადების ცვლის დასაკომპლექტებლად, მათი ოჯახის წევრების ჩათრევა ოპოზიციის საწინააღმდეგო მიტინგებში და აქციებში;

 ფ. ერთი რაიონის ზონდერბრიგადების გადასროლა მეორე რაიონში და – პირიქით (რაც საქართველოს კუთხეებს შორის სამოქალაქო შუღლის გაღვივების მცდელობის და საქართველოს კიდევ უფრო მეტად გათიშვის ნაცმოძურ ამოცანასაც პასუხობს);

 გ. ტერაქტების მოწყობა სხვადასხვა პრო-სამთავრობო სტრუქტურებში – გაზეთები, ტელევიზია, ასევე რიგ ბანკებში და ამ ტერაქტების შედეგად – ქართული ოცნების ატრიბუტიკის ამოღება, ან ქართული ოცნების აქტივისტებად გასაღებული დავერბოვკებული აგენტების „აღიარებები“ საჩვენებელი იარაღის ამოღებებით და „ენვერიადის“ მორიგი სერიალებით.

მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ადვილად იშიფრება და უკვე ვეღარ შეიყვანს შეცდომაში ვერც ქართულ საზოგადოებას, და ვერც – უცხოელებს (თუ ლუის ნავაროს კალიბრის მხარედქცეულ რამდენიმე პირს არ ჩავთვლით). და ძალიან ამაზრზენია იმისათვის, რომ თუნდაც ლიზეკის ან ლანდსბერგისის ან ნავადვორსკაიას მხარდაჭერა გარანტირებულად ჰქონდეთ. დღეს ნაციონალურ მოძრაობას როგორც თანხების, ასევე – „კრეატიული“ იდეების და უკვე შემსრულებლების დეფიციტიც აქვს. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჟურნალისტის ბირკებით და მიკროფონ-კამერებით  შეიარაღებულ უბირ ლაწირაკებს, რომელთაც 2003 წელი ვერ ემახსოვრებათ, დანარჩენებს გვახსოვს, რომ ზუსტად ანალოგიურად შევარდნაძის ხელისუფლების დაისი მაშინ დაიწყო, როცა ხალხი მიხვდა, რომ მთავრობას მათი ოჯახის წევრების და რამდენიმე ასეული ყველაფერზე მზადმყოფის მეტი მხარს არავინ უჭერდა. ნებისმიერი ის ზონდერი( და მათი სრული რიცხვი 3000-ც კი არ იქნება), რომელიც კადრში ხვდება და იშიფრება, იმ დღიდანვე – მეზობლების და ნაცნობებს დამოკიდებულებით უკვე მშვენივრად გრძნობს, რომ ის უმცირესობაშია, და როცა მიშა და მისი გუნდი თავს მშვენივრად უშველის გაქცევით, მათ პასუხის გაცემა მოუწევთ საკუთარი მეზობლების და ახლობლებისათვის, ვისაც ახლა ძალადობის ობიექტებად უსახავენ. 

სააკაშვილის მთავარი პრობლემა იმაშია,  რომ მან ასე თუ ისე პოპულარული ვანო, და დასავლეთში ასე თუ ისე ჯერ კიდევ დემოკრატის და დასავლელის იმიჯის მქონე ბოკერია „ჩააჩოჩა“ და სრული ბანდიტები მოიყვანა ხელისუფლებაში: ახალაიები და ქარდავები ხომ ის სისხლისმსმელი ავაზაკებია, რომლებიც ყველას სძულს – მათ შორის თავად ნაცმოძრაობის წევრებსაც! აქამდე მიშა ეყრდნობოდა პატრულს, ლიბერტარიანელებს, საჯარო მოხელეებს, სკოლების პერსონალს… მაგრამ ახალაიების და ქარდავების გამეფება ხომ ის საშინელებაა, რაც არცერთ ამ კატეგორიას არ მოეწონება! როგორ წარმოვიდგინო, რომ ე.წ. ”მედასავლეთე ინტელექტუალები” – გია ნოდია, ალექს რონდელი, კახა ლომაია, თემურ იაკობაშვილი,  და სხვები – ახალაიების და ქარდავების მანქურთულ-ზონდერული ოპრიჩნინის მომხრეები გახდებიან? თუ გახდებიან და ამით საკუთარ თავს და შთამომავლებს გამოუტანენ სამარცხვინო განაჩენს ისტორიის სამსაჯავროზე.

ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ხვდება, ვისთან აქვს საქმე – ეს არის საქართველოს სახადი, რომელიც მანამ უნდა მოვიშოროთ, სანამ სულ არ მოგვაშთო და დაგვახრჩო.

ეს არის როგორც ნეტარი ავგუსტინე განმარტავს – ხელისუფლება კანონის გარეშე – ანუ ავაზაკთა ბანდა, რომელიც ჩვენს ნაშრომს, ნაჯაფს, ჩვენს მიწას, ჩვენს კულტურას, ჩვენს საგანძურს, ჩვენს ტყეებს, ჩვენს მდინარეებს, ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენს შვილებს გვართმევს… და უნდა ეს ყველაფერი ისე მოზილოს და გადაზილოს, რომ არც ქართული აღარ იყოს და არც – ჩვენი!

მათ უნდა ტარასი შავშიშვილების, ბაჩო და დათა ახალაიების, მეგის და ლევან ქარდავების, ნუგზარ წიკლაურების, მიშა თავხელიძეების, ქეთა გაბიანების, დავით ახლოურების საქართველო გამოძერწონ, სადაც ჩვენი და ჩვენი შვილების ხვედრად მხოლოდ მონობას და პირ-უტყვობას დაგვიტოვებენ. მათ უნდათ ჰქონდეთ მარადიული უფლება, ურტყან ნებისმიერ ქართველს, ვისაც ისინი არ მოსწონს… ჰქონდეთ უფლება 7 ქართული სოფელი ჩალის ფასად მიჰყიდონ ირანელ „ბიზნესმენს“. მათ უნდათ თურქების ბორდელად გადაქცეული აჭარა და ქართველებისაგან დაცვლილი და ჩინელებით ავსებული იმერეთი და კახეთი… მათ უნდათ დაგვტოვონ უმუშევრები, გვაყურებინონ ჩვენი დამშეული ოჯახების გაჭირვებას… გვაიძულონ, გადავიხვეწოთ საზღვარგარეთ და საკუთარ შვილებს და მშობლებს დანატრულებს იქ სხვისი მშობლების და შვილების მოვლაში გვძვრებოდეს სული… უნდათ, ყველას გაგვიყიდონ სახლები ბანკის ვალებში, რათა მერე მათ მიერ დაქურავებულ მანქურთებად ვიქცეთ და ყველაფერი თავად გავყიდოთ – ჩვენი სიცოცხლის და სინდისის ჩათვლით… მათ უნდათ მანდატურებით გავსებული სკოლები, სადაც ჩვენს შვილებს მიშმადიდებელ უსულო რობოტებად გამოზრდიან და სახლებში ჩვენს მაკონტროლებელ ჯაშუშებად დაგვიბრუნებენ.

მათ უნდათ სამუდამო ბატონობა ჩვენზე…

მათ უნდათ, როცა მოუნდებათ, დახოცონ ჩვენი ახალგაზრდები, გააუპატიურონ ჩვენი ქალიშვილები და ცხვირში ძმრად მუდამ ამოგვადინონ ის, რომ საქართველოში მანქანებს აღარ იპარავენ, გვაქვს შუქი (ღრმად შეიტენეთ მსოფლიოში ყველაზე ძვირი დენი ზედ მიბმული ნაგვით, რომელსაც ახლა თურმე ორი თვით დროებით გაგვიუქმებთ!) და 80 კმ ბეტონის გზა, რომელზეც მალე ფეხით მოგვიწევს სიარული, რადგან მათი ბენზინის ფასს ჩვენს ვეღარ შევწვდებით!

და ამას ყველაფერს მჟღერი სიაფანდი სახელი ჰქვია -

-         „უფრო მეტი სარგებელი ხალხს!“

საინტერესოა, ეს რომელ „ხალხს“ – უფრო მეტი სარგებელი?

ალბათ იმ „ხალხს“, ვისაც უკვე ძალიან ბევრი სარგებელი აქვს და კიდევ უფრო მეტი უნდათ?!

მაგალითად, გიგი უგულავას, რომლის სანათესაო მთელ პლეხანოვს დაეპატრონა! ან – გია უდესიანს, რომელმაც ნახევარ საქართველოს ბიზნესი აახია! ასევე – დავით კეზერას, რომელიმაც მთელი საქართველო ნაბადივით გათელა და მერე იეფად ისრაელში გადაიტანა და იქ დააბანდა! და კიდე კახა ბენდუ ბენდუქიძეს, რომელიც პუტინის ერთგული ოლიგარქი იყო და ახლა მიშას ერთგული ოლიგარქია!..

 

და რატომაც არა – მიშას, ერთადერთს და განუმეორებელს, რომელიც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მიუხედავად კიდევ დიდხანს და დიდხანს აპირებს ჩვენს ხარჯზე უფრო მეტი და მეტი სარგებლის მიღებას?!..

P.შ. მურად გორგაძე, რომან სურმანიძე, მარად ართმელაძე – სამი უდანაშაულო აჭარელი ახალგაზრდა, რომლებიც  2006 წლის 1 დეკემბერს ჩამოვიდნენ თბილისში ნავთლუღის ბაზართან მათი განადგურების მიზნით და შეთითხნილი ბრალდებით სპეცოპერაციის დამგეგმავმა დათა ახალაიამ საკუთარი ხელით დახვრიტა!

ასე იწყებოდა „უფრო მეტი სარგებელი ხალხს!“