რაც უფრო მეტ რეფორმებს გაატარებს საქართველო, მიტ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოსთვის.
„ჩვენ დიდი გზა გავიარეთ ერთად. მადლობას ვუხდი საქართველოს, ასეთი ევროპული სულისკვეთებისთვის. საქართველო ქვეყანაა, რომელიც ახლოს არის ჩემს და ევროპელების გულთან, ვინაიდან ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ, დაკავშირებული ისტორიით და ჩვენი გეოგრაფიით. დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის. რაც უფრო მეტ რეფორმებს გაატარებს საქართველო, მით უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს. მინდა გამოვაცხადო, რომ 40 მილიონი ოდენობის სახსრები იქნება გამოყოფილი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. საერთო ჯამში სულ 597 მილიონია გამოყოფილი ჩვენი ფინანსური მხარდაჭერის ხაზით 2014-2018 წლების განმავლობაში. ასევე მიკროფინანსური დახმარებისთვის 45 მილიონ ევროს გამოვყოფთ. ჩვენ ასევე მოვახდინეთ ვიზალიბერალიზაცია და ყველა ის, ვინც ევროპაში არ ყოფილა, მინდა დავპატიჟო, ვინაიდან ევროპაში გამგზავრება ღირს. მე და პრემიერი შევთანხმდით, რომ ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება“, - განაცხადა იუნკერმა.