საქართველოში დამკვიდრებული ელიტარული კორუფციის შესახებ საკმაოდ ბევრს მსჯელობენ, მაგრამ ხშირად მისი დამტკიცება არგუმენტირებულად საკმაოდ რთულია, რადგან ელიტარული კორუფციის ორგანიზაციული სტრუქტურა თავისი არსით ჩვეულებრივ დანაშაულებრივ მაფიოზურ დაჯგუფებას წარმოადგენს და მისივე მეთოდებით მოქმედებს. კერძოდ, თუ მაფია ინიღბება პატიოსანი ბიზნესის საფარველით, ზოგჯერ ქველომოქმედებითაც, რათა თავისი რეალური ბოროტმოქმედი ბუნება საზოგადოებაში კეთილშობილებად წარმოაჩინოს, ანალოგიურად, ელიტარული კორუფციული კლანი სახელმწიფოსა და ხალხზე მზრუნველის მანტიაში გახვეული მალავს თავის ნამდვილ ბოროტმზრახველურ მიზნებს.
ელიტარული კორუფცია ორგანიზაციულ დანაშაულობათა შორის ყველაზე მაღალი კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს, რადგან დიდი მასშტაბის ბოროტმოქმედებას სჩადის იმ ადამიანთა სტრუქტურული გაერთიანება, რომელსაც თავად ევალება სახელმწიფოში კანონების დაცვა და მისი საშუალებით საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე დგომა. მაშასადამე, ელიტარული კორუფციაში ჩართული ხელისუფლების ზედა ეშელონებში მყოფი ჯგუფი დანიშნულებას უცვლის მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კანონის აღსრულება-დაცვაში გამოიხატება და თავად გვევლინება სახელმწიფოს მთავარი საფუძვლის, კანონის უპირველეს დამრღვევად საკუთარი მერკანტელური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით.
აქედან გამომდინარე, თუ კარგად ჩავუკვირდებით, ადვილად გავიცნობიერებთ, რომ ელიტარული კორუფციით დასნეულებული ხელისუფლება არის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული მთავარი ბოროტი ძალა, რომელიც მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას არადანიშნულებისამებრ იყენებს, რითაც ანგრევს და ასუსტებს სახელმწიფოს, ხოლო ამ სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხს უუფლებობისა და გაღატაკებული მდგომარეობისათვის სწირავს.
პოლიციურ-ავტოკრატული რეჟიმით ხალხის უუფლებობის დამკვიდრება კორუფციაში ჩაფლულ ხელისუფლებას სჭირდება საკუთარი პერმანენტული ბოროტმოქმედებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნისა დასაკუთარი დაუსჯელობის გარანტირებული უზრუნველყოფისათვის, ხოლო ეს ბოროტმოქმედებანი, რომელთა კონკრეტული სახელებია სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვა, თავისუფალი ბიზნესის ხელყოფა, მონოპოლისტური ბიზნესი და საქონელზე კარტელური გარიგებებით დაწესებული მაღალი ფასები იწვევს სწორედ ხალხის მაქსიმალურად გაღატაკებასა და უპერსპექტივო ყოფას.
ამ სტატიის მიზანია ელიტარული კორუფციის ერთ-ერთი მიმართულების გაშოაშკარავების მცდელობა, რომლის გამოც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში სახელმწიფოს მასშტაბური ძარცვის მექანიზმი ეფექტურად მუშაობს და მრავალ ასეულ მილიონიანი ელიტარული კორუფციის ასპარეზს ქმნის.
სადავო არ არის, რომ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მაგრამ აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში ტარდება იმდენად არაკომპეტენტურად, რომ განუსაზღვრელი რაოდენობის ზარალს აყენებს სახელმწიფოს. ამის მიზეზია უძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებელთა ინსტიტუტის არსებობის უგულვებელყოფა სახელმწიფოში, რომლის გარეშეც ხორციელდება სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და პრივატიზაცია.
ქონების შეფასებას საკმაოდ ღრმა ფესვები გააჩნია. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შემუშავებული იქნა შეფასების ძირითადი პრინციპები და მეთოდები. 50-იანი წლებიდან უძრავი ქონების შეფასება პროფესიის სახით იწყებს ჩამოყალიბებას და დღევანდელ ეტაპზე ცივილიზებულ ქვეყნებში კანონის საფუძველზე რეგულირდება. შექმნილია და ფუნქციონირებს შეფასების სტანდარტების საერთაშორისო კომიტეტი. თვით პოსტსაბჭოთა სივრცეშიც სახელმწიფოთა უმრავლესობის ეკონომიკურ ურთიერთობებში ქონების პროფესიონალურ შეფასებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ხოლო ქონების პრივატიზება ხორციელდება კანონის მოთხოვნით სერთიფიცირებულ შემფასებელთა მიერ.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების პაკეტების საკონკურსო წესითა თუ აუქციონებზე რეალიზაციის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი რეალური საბაზრო ღირებულების დადგენა, რადგან საქმე ეხება ქართველი ხალხის მრავალი თაობის მიერ ოფლით შემნილი და სისხლით შენარჩუნებული ქონების გასხვისებას.
საკანონმდებლო ვაკუუმის არსებობის გამო, ქონების შეფასებას ახორციელებენ აუდიტორები, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია, არ იყენებენ შესაბამის საერთასორისო სტანდარტებს, რაც განაპირობებს შეფასების სუბიექტურ მიდგომას და საერთო ჯამში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სავალალო მდგომარეობას.
სტრატეგიული მნიშვნელობის უდიდესი ობიექტების უცხოელთა საკუთრებაში გადაცემა ისეთი უპასუხისმგებლობით ხორციელდება, რომ გაოცებასა და აღშფოთება იწვევს. საქართველოს საოკეანო ფლოტის გაყიდვის მაგალითის მოყვანაც საკმარისია ამ აზრის დასამტკიცებლად. როგორც ცნობილია, თავდაპირველად აღნიშნული ფლოტის შესასყიდად ერთ-ერთი უცხოური კომპანია 107 მილიონ დოლარს იხდიდა, რაც ჩვენი მთავრობის დიდ მოწონებას იწვევდა. შემდგომ გამოჩნდა კომპანია “ჯორჯიან ტანკერსის” სახით, რომე;ლმაც იმავე ფლოტში 160 მილიონი დოლარი გადაიხადა. მაშასადამე, საქართველოს საოკეანო სანაოსნოს 107 მილიონად გაყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო 50 მილიონ დოლარზე მეტ ზარალს ნახავდა, ხოლო მისი რეალური საბაზრო ღირებულების შეუფასებლობის გამო ზარალი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. ამის თქმის უფლებას იძლევა აღნიშნული ფლოტის შემძენი კომპანიის წარმომადგენლის ჯეიმს მიურეის სიტყვები - შენაძენით ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან ის იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდითო. (გაზ. კვირის პალიტრა 25.04.05 წ.)
უბრალო გლეხიც კი არ გაყიდის თავის საქონელს მისი საბაზრო ღირებულების გარკვევის გარეშე, რადგან ეს ეკონომიკის ელემენტარულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო მიეღო კანონპროექტი “ქონების შეფასებისა და საშემფასებლო საქმიანობის შესახებ”, რომელიც პარლამენტში უკვე რამდენიმე წელია შეტანილი განსახილველად, მაგრამ უყურადღებოდ არის დატოვებული. ამავე დროს, თბილისში ფუნქციონირებს ქართულ-გერმანული ერთობლივი “უძრავიქონების კავკასიური აკადემია”, რომლის საკმაოდ მაღალი დონის სერთიფიკატის მფლობელია ამ აკადემიის მრავალი კურსდამთავრებული.
შეფასების ინსტიტუტის დამკვიდრების შემთხევვაში შესაძლებელი იქნებოდა იმის გარკვევა, თუ რა ეკონომიკური პოტენციალისა და პერსპექტივების მქონეა საქართველო. ეს კი მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებისა და პოტენციური ინვესტორების თვალში საქართველოსადმი ინტერესს კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა. ამასთან ერთად, ამ მეთოდით შესაძლებელი გახდებოდა კონკრეტული ეკონომიკური პროექტების კომპლექსური განვითარების პროგრამების შემუშავება. ამგვარი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების რეალურობას ამყარებს შემფასებელთა მიერ ჩატარებული ზოგიერთი წინასაწარი გამოკვლევა, რომელიც მინდა რომ გაგაცნოთ.
გეოლოგიური დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჭიათურის საბადოებში მანგანუმის მადნის მარაგი 200 მილიონ ტონას შეადგენს. დღევანდელ ეტაპზე მოიპოვებენ 100 ათას ტონა მადანს, ხოლო 80-იან წლებში მადნის ამოღება 5 მილიონ ტონას შეადგენდა. ნორმალური საინვესტიციო პროექტის დაგეგემვისა და განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა მოკლე ხანებში ერთი მილიონი ტონა მადნის ამოღება და გადამუშავება ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში, რაც ჭიათურის მადნის ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხიდან გამომდინარე (მადანში მანგანუმის შემადგენლობა 40-50%) დაახლოებით 500 ათასი ტონა პროდუქციის წარმოებას უდრის. საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა გადამუშავებული მადანი საშუალოდ 2 ათასი აშშ დოლარი ღირს, რაც ამ სფეროში ერთ მილიარდიან ფინანსურ ბრუნვას მოგვცემდა. მიღებულ თანხას თუ გამოვაკლებთ მადნის მოპოვების, გადამუშავებისა და გადაზიდვის ხარჯებს, რაც მისი საერთო ღირებულების მაქსიმუმი 75%-ს შეადაგენს, ამ ზედაპირული გაანაგარიშებითაც კარგად ჩანს, რომ მანგანუმის წარმოებას შეუძლია ყოველწლიურად 250 მილიონ დოლარამდე მოგების მოტანა.
რაც შეეხება აღნიშნული საწარმოების საბაზრო ღირებულებას, უძრავი ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შემოსავლების მეთოდის გამოყენებით, ამ რაოდენობის მოგების საწარმოს საბაზროღირებულება დაახლოებით1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თანაც მასში არ არის გათვალისწინებული ვარციხეჰესის ღირებულება, რომელიც დამატებით ამ საპრივატიზაციო ობიექტის შემადგენლობაში იქნა მოქცეული. გაუთვითცნობიერებელ ადამიანს შესაძლოა ეს თანხა გაბერილად მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უკრაინაში, კერძოდ ნიკოპოლში მსგავსი სამრეწველო კომპლექსისი პრივატიზების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის კუჩმას სიძემ 800 მილიონ დოლარად შეიძინა. აღნიშნულ ობიექტში ამერიკელი ინვესტორები მზად იყვნენ გადაეხადათ მილიარდ ნახევარი დოლარი, მაგრამ ისინი კანონდარღვევით არ დაუშვეს აუქციონზე. სხვათა შორის, შემდგომი პრეზიდენტის იუშჩენკოს მთვარობამ აღნიშნულ თანხებში სხვაობის გადახდის ვალდებულებაა დააკისრა კუჩმას სიძეს.
საქართველოს ნაცხელისუფლებამ კი თითქმის ანალოგიური ღირებულების მქონე ობიექტი სულ რაღაც 132 მილიონ დოლარად გაყიდა. ამას რომ მარტო დოყლაპიობის სუნი არ ასდის და საქმე კარგად დაგეგმილ ფართომასშტაბიან კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს, შეიძლება დაეჭვდნენ მხოლოდ ბუნებით დაჩაგრული მიამიტები და ბრმადმორწმუნენი.
მიკერძოებულ მსჯელობაში რომ არ დაგვდონ ბრალი, კიდევ ერთი გრანდიოზული კორუფციული საპრივატიზაციო გარიგების მაგალითს მოვიყვან. ამდღეებში „მადნეულისა“ და „კვარციტის“ წილებისგადაყიდვამოხდა. 2005 წელს ამ საწარმოების ერთობლივ საწყისფასად განისაზღვრა 32 500 000 აშშ. დოლარი და გაიყიდა36 010 000 აშშ დოლარად. 2005 წლის 1 ნოემბერს გამარჯვებულად გამოცხადა ბრიტანული კომპანია Stanton Equties Corporation. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მხოლოდ კომპანიის გამარჯვების შემდეგ გაირკვა Stanton Equties Corporation წარმოადგენს რუსული “პრომიშლენნიე ინვესტორის” შვილობილ კომპანიას, რომლის უკანაც მოიაზრებოდა ბენდუქიძის ბიზნესპარტნიორი რუსეთში კობა ნაყოფია, გენერალოვი და სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია. იმ პერიოდში „მადნეულის“ შეძენა, სურდათ უკრაინულ, ამერიკულ, გერმანულ, იტალიურ და ბრიტანულ კომპანიებს, თუმცა ყველაფერი ბენდუქიძე-ნაყოფიას დაჯგუფების გამარჯვებით დასრულდა. ნაყოფია ეროვნული ზარაფხანის მფლობელიც სწორედ იგივე მეთოდით გახდა და ზარაფხანაც სულ რაღაც 2,04 მილიონ დოლარად ჩაიგდო ხელში, რომლის მარტო საწესდებო კაპიტალი 8 მილიონ ლარს შეადგენდა.
2007 წლიდან სს „მადნეულის“ და სს „კვარციტის“ აქციები „პრომიშლენნიე ინვესტორის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, პოვარიონკინს გადაეცა. გარიგების შედეგად სს „მადნეულის“ და „კვარციტის“ მფლობელიკომპანია Geo Pro Mining-იგახდა.
თუ რა ჩალის ფასად არის ჩაგდებული ქართული ოქროსა და ფერადი ლითონების საწარმო იქიდანაც ჩანს, რომ 2010 წელს საზღვარგარეთ გაყიდული ოქროს ღირებულება 85 მლნ 788 ათას აშშ დოლარს აღწევს, რაც საქართველოს ექსპორტის 5,4 პროცენტია. სამაგიეროდ, კობა ნაყოფია სააკაშვილის უამრავ ახირებას აკმაყოფილებდა ამ კორუფციული გარიგების საკომპენსაციოდ. მარტო ის ჰოლივუდური პროპაგანდისტული ბლოგპასტერი და შერონ სტოუნის ფერადი ბიკინების გამოფენა პრეზიდენტის სასახლის გამჭირვალე იატაკზე ნაყოფიას 20 მილიონი დოლარი დაუჯდა.