გიორგი კვირიკაშვილი: იმედი გვაქვს, 2021 წელს საქართველო ნატო-ს ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება

გიორგი კვირიკაშვილი: იმედი გვაქვს, 2021 წელს საქართველო ნატო-ს ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება

დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს, როგორც ევროპული ოჯახის, ასევე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ჭეშმარიტი წევრი.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა, კონკრეტულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოძებნის ძალას, რათა მოახდინოს იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით აუცილებლობას წარმოადგენს.

საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის, საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს, როგორც ევროპული ოჯახის, ასევე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ჭეშმარიტი წევრი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევების, ტერორიზმის, რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ასეთი გამოწვევების დამარცხება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ იუბილეს ძალიან ღირსეულად ვხვდებით.

2018 წელი ჩვენ ჩართულობისა და დიალოგის წლად გამოვაცხადეთ, რათა მოსახლეობა იყოს მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე და შემოქმედი.

მოსახლეობის ინფორმირებულობა და ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების და ინფორმაციული რევოლუციის პირობებში, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს.

სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაცია, კონკრეტულად ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება, ნატო-ში გაწევრიანება, ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები, აშშ-თან საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობა, ჩვენს სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი ცივილიზებულ სამყაროში იმ ფუნქციის შესასრულებლად, რაც საქართველოს გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე აკისრია და რასაც ჩვენ ღირსეულად ვართმევთ თავს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.