ჩემთვის დიდი პატივია ჩემს ძმებთან ერთად დიდი გამარჯვების 100 წლისთავის ზეიმი

ჩემთვის დიდი პატივია ჩემს ძმებთან ერთად დიდი გამარჯვების 100 წლისთავის ზეიმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა არმენ სარქისიანს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მოძმე სომხეთი, საქართველოს მსგავსად, დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორივე ქვეყნისთვის ეს თარიღი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა სომხეთთან მრავალსაუკუნოვანი, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დინამიკას შეიძენს.

“ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და ჩემს ძმებთან ერთად დიდი გამარჯვების 100 წლისთავის ზეიმი,“ - განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გიორგი კვირიკაშვილს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

არმენ სარქისიანმა არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი დაადასტურა. შეხვედრისას, აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის სტაბილურობა რეგიონში კეთილდღეობის მომტანი იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ახალ მთავრობას წარმატება უსურვა.