მინდა მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი და ვისურვო, რომ თქვენ იქნებით ჩვენს გვერდით და ჩვენ ვიდგებით თქვენს გვერდით, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გამარჯობა, საქართველო! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით ყოფნა მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობის 100 წელს ზეიმობთ. მეც მინდა საქართველოს ჭეშმარიტი სახელი გამოვიყენო თვენი ქვეყნის აღსანიშნავად, როგორც თქვენ გამოიყენეთ ჩემი ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრობა ყვავის, ჩვენმა ხალხმა იცის და უყვარს საქართველო“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
მისი თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში საქართველო წარმოადგენს მოწინავე ქვეყანას, ხოლო ნატო-სთვის საუკეთესო პარტნიორია კავკასიაში. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.