მწამს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ის, რაც 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს მართლმსაჯულების რწმენას დაუბრუნებს და მომავალში ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საგულისხმოა, რომ ეს საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს და 17 ქვეყნის მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული, თავად ევროპული სასამართლოსთვისაც არის პრეცედენტული.
„მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რაც 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს მართლმსაჯულების რწმენას დაუბრუნებს და მომავალში ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ამ ბრძოლაში საქართველოს მხარეს ნამდვილად არის მტკიცებულებებით გამაგრებული სიმართლე.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეს „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით ჩადენილ მასობრივ დარღვევებს და დანაშაულებებს. 23 მაისს, სტრასბურგში სასამართლებრივი დავა გაიმართა საქართველოსა და რუსეთს შორის. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ბრძოლაში საქართველოს მხარეს ნამდვილად არის მტკიცებულებებით გამაგრებული სიმართლე. საქართველო ევროპული ინსტიტუციური დემოკრატიის მქონე ქვეყანაა და სწორედ ამიტომ, 2008 წლის რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, დანაშაულებებსა და ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი არის სამართლებრივი და პოლიტიკური. რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია. მე აბსოლუტურად საქმის კურსში ვიყავი ყველა ნაბიჯის შესახებ, დეტალებში ვიყავი ჩახედული და მტკიცებულებების შეგროვება, მოპოვება, მათი სამართლებრივი ტრანსფორმაცია და წარდგენა იყო ტიტანური შრომა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციების წარმოსაჩენად. ასეულობით დოკუმენტი და მტკიცებულება იქნა წარდგენილი, რის შედეგადაც სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება - ვიდეო მასალები, ფოტომასალები, რადარების მონაცემები, ექსპერტების დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სეისმური სადგურების მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, დანაღმვის ანგარიშები და ა.შ.“, - აღნიშნა პრემიერმა.