გიორგი კვირიკაშვილი:  დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ძალიან ღირსეულად ვხვდებით

გიორგი კვირიკაშვილი: დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ძალიან ღირსეულად ვხვდებით

დღეს საქართველოს წარმატებას აღიარებს მთელი მსოფლიო, ევროპაში საქართველო მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყნად და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, ძალიან ღირსეულად ვხვდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება უმთავრეს მისიას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას, ღირსეულად შეასრულებს. 

„დღეს საქართველოს წარმატებას აღიარებს მთელი მსოფლიო, ევროპაში საქართველო მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყნად და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, ძალიან ღირსეულად ვხვდებით. ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი ჩასატარებელი სამუშაო და უმთავრესი საქმე არის მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ ამ მისიას დარწმუნებული ვარ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მანვე სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

„1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში არის შემდეგი სიტყვები - „ამიერიდან, საქართველოს ხალხი, სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. ჩვენ ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. მინდა წინასწარ მოგილოცოთ ყველას, მთელს ჩვენს ქვეყანას ეს უდიდესი დღესასწაული. ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, რომ ამჯერად შეუქცევადად გამხდარიყოს ევროპული ოჯახის წევრი და ის უდიდესი საქმე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1918 წლის 26 მაისს, დაგვირგვინებულიყოს საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულუფლებიან წევრად მიღებით. ჩვენ ამის ყველას გვჯერა და გვწამს. ამ თარიღს აღვნიშნავთ მთელი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 200-მდე სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. საქართველოს ესტუმრება ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია. ასევე, მთელი მასშტაბით აღინიშნება საქართველოს საელჩოების მიერ ორგანიზებული სპეციალური ღონისძიებები. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მეგობრებთან ერთად ვიზეიმებთ ამ უდიდესი მნიშვნელობის თარიღს. უნდა ითქვას, რომ ევროკომიის პრეზიდენტი ჩამოვა დღეს საღამოს, ასევე საქართველოს 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ათობით ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, რომელთან ერთადაც ამ უდიდეს დღესასწაულს ვიზეიმებთ. ასევე უნდა ითქვას, რომ გაერო-მ ამ დღესთან და რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა საფოსტო მარკა და მისი პრეზენტაცია ორი დღის წინ გაიმართა გაერო-ს სათაო ოფისში. ერთდროულად 6 ადგილზე გაიმართება ფიცის დადების ცერემონიალი. იქნება სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაცია ყველა წერტილიდან“, - აღნიშნა პრემიერმა.