რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის პრაღაში გამართულ მორიგ შეხვედრას ეხმაურება.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში პრაქტიკული საქმეები მიმოიხილეს“.
„რუსეთ-შვეიცარიის საჭირო დოკუმენტების ხელმოწერას პრაქტიკულ სტადიაში გადაჰყავს რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზება. კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კეთილსინდისიერად და არაპოლიტიზირებულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება ასევე ამახვილებს ყურადღებას რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნავს, რომ „სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 337 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“.
„დინამიურად ვითარდება სატრანსპორტო თანამშრომლობა. საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში 1,5-ჯერ გაიზარდა, სარკინიგზო კონტეინერების გადაზიდვა კი სამჯერ. ასევე აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში“, - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის საგარეო უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აბაშიძესთან შეხვედრაზე კარასინმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ნატო-სთან ღრმა თანამშრომლობით.
„კავკასიის სამხედრო ათვისება რეგიონის გარეთ მყოფი ძალების მიერ პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. საქართველოს პარტნიორები ნატო-ს ფარგლებში არ მალავენ იმას, რომ საქართველოს რუსეთის შეკავებისთვის აიარაღებენ. ამ ვითარებაში რუსეთი ადეკვატურ ზომებს მიიღებს თავისი და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.