ახლა საქართველოსთვის საუკეთესო დრო და ოქროს შესაძლებლობაა, გაატაროს რეფორმები, უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს

ახლა საქართველოსთვის საუკეთესო დრო და ოქროს შესაძლებლობაა, გაატაროს რეფორმები, უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს

ევროპა, როგორც მიზანი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც გზა და პროცესი, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობამდე მიჰყავს, – ამის შესახებ პირველ არხს ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

„თქვენ სწორ გზაზე დგახართ. თქვენ კარგად იცით, რა გსურთ, საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ მხარს გიჭერთ და ლიტვა საქართველოს გვერდით დგას. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი თვალშისაცემი და ნათელია. საქართველოს პროგრესი შეაფასა და აღიარა ევროკავშირმა. ასოცირებული პარტნიორებიდან საქართველო მოწინავე ქვეყანაა. სავაჭრო ბრუნვა მარტო ლიტვასა და საქართველოს შორის ერთ წელიწადში 31 %-ით გაიზარდა. საქართველოს მოვუწოდებ რეფორმების გაგრძელებისკენ, ანტიკორუფციული პროგრამების განხორციელებისკენ, მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელებისკენ, რათა მართლმსაჯულება უფრო დამოუკიდებელი გახდეს. ეს არის ყველაფერი, რაც თქვენ თავად ძალიან კარგად იცით. ჩვენ მზად ვართ ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ. ლიტვა თქვენს გვერდითაა ეკონომიკური ურთიერთობებიდან დაწყებული, რეფორმებითა და სამხედრო თანამშრომლობით გაგრძელებული. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება ავღანეთში თანამშრომლობის. ჩვენც და თქვენც ძალიან კარგად ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

მისივე თქმით, ლიტვას ევროკავშირის წევრობის მისაღწევად 10-წლიანი რეფორმები დასჭირდა.

„ამის შემდეგ, 3-4 წელი იყო მოლაპარაკებები. ძალიან ბევრია დამოკიდებული სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებზე. ობიექტური მიზეზები თქვენი რეფორმები, თქვენი სისტემის ტრანსპარენტულობა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაა. ეს არის საკითხები, რომლებიც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს სუბიექტური ელემენტი და ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რაც ნიშნავს ევროკავშირის ქვეყნების მზადყოფნას საქართველოს მისაღებად. ეს სუბიექტური ელემენტი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე და გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, მაგრამ მთავარია, რომ ინტეგრაცია არის საქართველოს პერსპექტივა. დროზე და კონკრეტულ თარიღებზე არ მსურს სპეკულაცია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპული მომავლის გზაზეა. ყველა ფორმატი ეხმარება ევროკავშირთან დაახლოებაში და გაწევრიანების გზაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ძირითადად საქართველოზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

მისივე თქმით, ევროპა, როგორც მიზანი, არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ის გზა და პროცესი, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობამდე მიჰყავს.

„ახლა საქართველოსთვის საუკეთესო დროა და ე.წ. ოქროს შესაძლებლობაა, რომ გაატაროთ რეფორმები, უფრო კონკურენტუნარიანი გახდეთ. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება. ეს არ კეთდება ჩვენთვის, არ კეთდება ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ეს ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. ორგანიზაციის წევრობა და საბოლოო გაჩერება არაა ისეთი მნიშვნელობის მქონე, როგორც ინტეგრაციის გზა. როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება , რეფორმების გატარების მოთხოვნა იკლებს და ზოგჯერ ვხედავთ, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში პრობლემაა კონკურენტუნარიანობა , ადამიანის უფლებები და გამჭვირვალობა“, – აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.

რაც შეეხება ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციას, ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებისთვის გახსნილია შესაძლებლობების ფანჯარა, თუმცა თითოეული ქვეყნის გზა ევროკავშირის წევრობისკენ განსხვავებული იქნება.

„პოლიტიკური მოცემულობა ასეთია. ბალკანეთის ქვეყნები მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კუთხიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით, მათთვის არის გახსნილი შესაძლებლობების ფანჯარა და ევროკავშირში ბალკანეთის ქვეყნების მიმართ ახალი ხედვაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბალკანეთის ქვეყნები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათი გზა ევროკავშირის წევრობისკენ იქნება განსხვავებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათი მიღება კოლექტიურად არ მოხდება, როგორც ეს ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნების შემთხვევაში ვიხილეთ“, – განუცხადა პირველ არხს დალია გრიბაუსკაიტემ.