ნარკოგასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშრებით მოხდება ჰუმანიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და აკაკი ზოიძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, საბოლოო ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მომხმარებლები ციხეში აღარ ისხდნენ.
რაც შეეხება ოდენობებს, დოზებს, აკაკი ზოიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, და თუ ვერ მოხდება შეჯერება, არას თქმა ყოველთვის შესაძლებელია - „როგორც იტყვიან ჯიბეში გვიდევს არა“.
„ნარკოგასაღებასთან მიმართებაში პოლიტიკა გამკაცრდება, ხოლო ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით მოხდება ჰუმანიზაცია. რა დონეზე და რა ვადებში - ეს იქნება მსჯელობის საკითხი. რეალურად, საუბარია იმაზე, რომ საბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ. ამაზე ყველა თანხმდება. საუბარი იქნება ვადებთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ რა ფორმით მოხდება გარდამავალ ეტაპზე ამის გაკეთება.
რაც შეეხება გარდამავალ ეტაპს, ჩვენ ყველა ოპონენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ ასეთი ცვლილების შედეგად არ მოხდება არანაირად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობის მატება, მათი წახალისება თუ ახალი მომხმარებლების გაჩენა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.