აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰიზერ ნაუერტის განცხადებით, ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია. ამის შესახებ ჰიზერ ნაუერტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„ვენესუელაში ე.წ. არჩევნები არალეგიტიმურია. აშშ სოლიდარულია დემოკრატიულ ქვეყნებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ვენესუელელ ხალხს და მის სუვერენულ უფლებას აირჩიონ თავისი წარმომადგენლები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა.
ვენესუელაში არჩევნები 20 მაისს ჩატარდა. მადურომ 5,8 მილიონი ხმა მიიღო. მისმა ძირითადმა ოპონენტებმა - პარტია „პროგრესული ავანგარდის“ ლიდერმა ენრი ფალკონმა 1,5 მილიონი ხმა, ხოლო ყოფილმა სასულიერო პირმა ქსავიერ ბერტუჩიმ - 800 000 ხმა.
ოპოზიციური პარტიების კოალიციამ „დემოკრატიული ერთობის ბლოკმა“ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ბლოკის წარმომადგენლების თქმით, არჩევნები „ლეგიტიმურობის სიმულაციისთვის მთავრობის მიერ დადგმული შოუ იყო“. მათივე განცხადებით, ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი ან ჩამოაშორეს არჩევნებს, ან დააპატიმრეს, ზოგიერთი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.