პირველად საქართველოსა და რეგიონში, უმაღლესი რანგის საერთაშორისო სკოლა, საგანმანათლებლო საქმიანობას განახორციელებს. სკოლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ბაზაზე იწყებს ფუნქციონირებას. Les Roches საქართველოში შემოსვლა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით მოხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქორთიარდ მერიოტში“ ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ–მინისტრმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხრიდან გადადგმულ პოზიტურ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით უნივერსიტეტი მოწინავეა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ მიღწევებისა და გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით არსებობს, Les Roches შემოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან მოხდება ადგილობრივი კადრების გადამზადება, რომლებიც შეძლებენ მსოფლიოს მასშტაბით იყვნენ კონკურენტუნარიანი.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი განათლებას მისცემს არა ნმხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში დაინტერესებულ პირებს, რაც გაზრდის საქართველოსადმი დაინტერესებას და მის სწრაფ განვითარებას.
„დღეს ძალიან სასიხარულო დღეა. საქართველო სულ უფრო და უფრო იპყრობს ყურადღებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც გამორჩეულად კარგი დინამიკის მქონე ტურიზმის ქვეყანა. შარშან გვქონდა მართლაც რეკორდული წელი, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა საქართველოს მოსახლების რაოდენობას, რაც უდედესი წარმატებაა და სასიხარულოა, რომ ეს დინამიკა გრძელდება. ერთი რამ ცხადია, დღეს დგება დღე, როდესაც საქართველომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს მომსახურების ხარისხზე და სწორედ აქ, ამ დროს, დგება განსაკუთრებულად მწვავედ, მაღალი დონის მენეჯერების მომზადება საქართველოში. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად მივესალმებით, მსოფლიოს სამეულში შემავალ სტუმარმასპინძლობის სკოლას საქართველოში, რომელიც შემოდის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და იწყებს მაღალი დონის მენეჯერების მომზადებას – ეს ძალიან მისასალმებელი ფაქტია. მინდა მივულოცო ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს და ვუსურვო დიდი წარმატება. ბოლო პერიოდში არაერთი პოზიტივი მოდის ამ უნივერსიტეტიდან და ეს ალბათ ყველაზე დიდია, რაც გვსმენია ამ პერიოდის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული მასშტაბის Les Roches სკოლა მოამზადებს მაღალი დონის მენეჯერებს.
უმაღლესი კლასის პრემიუმებში ჩვენ გვყავს უცხოელი მენეჯერები, რა თქმა უნდა მივესალმებით მათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობაში მოვამზადოთ მაღალი დონის მენეჯერები, რომლებიც შეძლებენ მსოფლიო კონკურენტულ გარემოში იყვნენ უნარიანები, ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, Les Roches ქვეყანაში შემოსვლა, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს მაღალი დონის განათლების მიღების, განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაწევის. მისივე თქმით, ეს ყოველივე განაპირობებს მომსახურების ხარისხის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
„უნივერსიტეტის ბაზაზე ფინქციონირებას იწყებს ტურიზმის სფეროში ლიდერი უნივერსიტეტი, რაც გულისხმობს მაღალი პროფესიონალების მიერ, ყველაზე მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამით, ქართველი სპეციალისტების მომზადებას. აღნიშნულის შესაძლებლობა ძალიან ცოტა ქართველს ჰქონდა, რომ ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტში გაევლო განათლება. ეს გაზრდის საქართველოში მომსახურების ხარისხს, დაეხმარება ტურიზმის განვითარებას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. მოხარულნი ვართ, რომ რეგიონში პირველებს ჩვენ მოგვეცა ამის შესაძლებლობა“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
პროგრამას, რომელსაც Les Roches საქართველოში განახორციელებს, ეწოდება სასტუმროების მართვის საერთაშორისო პროგრამა აღმასრულებელთათვის, რისი დასრულების შემდეგაც გაიცემა Les Roches–ს დიპლომი. პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის სექტორში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის.