ჩვენი გზა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობაზე, დეოკუპაციაზე და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილობაზე გადის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერი ქართველი პოლიტიკოსების მოსკოვში ვიზიტებსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, შეიძლება ვინატროთ და ვიოცნებოთ იმაზე, თუ როდის შეიცვლება პრეზიდენტი პუტინი და როდის ეცდება ის მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ ჩვენი გზა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობაზე, დეოკუპაციაზე და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილობაზე გადის. ეს გახლავთ ყველა ის მიმართულება, რომელიც სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შესუსტდა, ამიტომ, რა თქმა უნდა მთავარი გახლავთ ის, რომ უნდა ვიყოთ მშვიდად, დავიცვათ მშვიდობა და არ მივცეთ რუსეთს პროვოცირების საშუალება. მაგრამ ამის პარალელურად უნდა ველოდოთ არა იმას, როდის გარდაიქმნება პრეზიდენტი პუტინი, არამედ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საერთაშორისო მექანიზმები და ბერკეტები რუსეთზე ზეწოლისთვის, რაც სამწუხაროდ დღეს არ კეთდება,’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.