არ შეიძლება ჩვენ ტოლობის ნიშანი დავსვათ მოძალადეებსა და მსხვერპლს შორის

არ შეიძლება ჩვენ ტოლობის ნიშანი დავსვათ მოძალადეებსა და მსხვერპლს შორის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ოთარ კახიძის განცხადებით, საჭირო იყო პარლამენტთან გამართული კონტრაქციის არა დარბევა, არამედ დაშლა. 

ამის შესახებ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და ხელისუფლება ნეოფაშისტური აგრესიული ჯგუფების მფარველობაში დაადანაშაულა.

„უკანონობის კასკადმა კულმინაციას მიღწია მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ კვლავ ნაცად ხერხს მიმართა - წლების განმავლობაში რომელ ჯგუფებსაც იყენებს ხან პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ და ნებისმიერი საკუთარი შავ-ბნელი მიზნებისთვის, კვლავ ეს ჯგუფი გამოიყვანა. ამ ჯგუფის ძალადობით დააშანტაჟა კანონიერი აქციის მონაწილეები და საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ ფაშისტმა მოძალადეებმა გაიმარჯვეს იმ ახალგაზრდებზე, ვინც თავიანთ ლეგიტიმურ პროტესტს გამოხატავდნენ. ამგვარი დამოკიდებულება კონკრეტულ ერთ მონაკვეთში კი არ არის არასწორი, არამედ ზოგადად არის სახიფათო, ვინაიდან თუ გამოდის, რომ ნებისმიერ მოძალადე ფაშისტთა გამოხტომას ხელისუფლებამ ამგვარი ნაბიჯით უნდა უპასუხოს და კანონიერი აქციები დაშალოს, მაშინ გამოდის, რომ ვემორჩილებით პერმანენტულ შანტაჟს მოძალადე ფაშისტების მხრიდან. ეს არის ძალიან საშიში მიდგომა“, - განაცხადა კახიძემ.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა აშშ-ის ისტორიიდან ის მონაკვეთი, როდესაც არკანზასის მოსახლეობამ გააპროტესტა ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რასობრივი სეგრეგაციაის გაუქმების შესახებ.

„არკანზასში იყო დიდი გამოსვლა, სადაც ითხოვდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო. რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა და მთავრობამ? - თქვენსავით კი არ გამოსულა და მხარეებზე და დაპირისპირების შეზღუდვაზე კი არ უსაუბრია, არამედ გამოიყვანა სპეციალური რაზმი, გამოიყვანა ჯარი, რომელმაც დაიცვა კანონი და დაიცვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. 

არ შეიძლება ჩვენ ტოლობის ნიშანი დავსვათ მოძალადეებსა და მსხვერპლს შორის, არ შეიძლება ჩვენ კოჭი გავუგოროთ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ პირდაპირ ითხოვდნენ ძალადობის უფლებას და სისხლისღვრას. არ შეიძლება ამათ მიმართ კომპრომისის გამოხატვა“, - დასძინა კახიძემ.