დადასტურდა, რომ Freedom House-ის ანგარიშთან დაკავშირებით ჩვენი კრიტიკული გამოხმაურება სამართლიანი იყო

დადასტურდა, რომ Freedom House-ის ანგარიშთან დაკავშირებით ჩვენი კრიტიკული გამოხმაურება სამართლიანი იყო

დადასტურდა, რომ Freedom House-ის ანგარიშთან დაკავშირებით ჩვენი კრიტიკული გამოხმაურება სამართლიანი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომლის კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მისივე თქმით, როდესაც ერთი ანგარიშის გამო ეს ორგანიზაცია მესამედ იხდის ბოდიშს და შეცდომის გასწორება უწევს - აშკარაა, რომ ეს ანგარიში რეალობას არ ასახავდა. 

„იმედი მაქვს, მომავალში Freedom House-ი ინფორმაციას არა „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირებისგან, არამედ ობიექტური წყაროებისგან აიღებს“, – აცხადებს თალაკვაძე.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა საქართველოსთვის მიძღვნილ ყოველწლიურ მოხსენებაში შესწორებები შეიტანა. კერძოდ, შესწორებები საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ საკითხებს ეხება.

პირველ შემთხვევაში, 13 აპრილს გაკეთებულ შესწორებაში ნათქვამია, რომ მოხსენების წინა ვერსიაში მოცემული ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ დახურვის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება და არხი აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მისი კონტენტი შემცირებულია.

14 მაისს გამოქვეყნებული შესწორება კი ტელეკომპანია „იმედს“ ეხება.

„მოხსენების წინა ვერსიაში არასწორად იყო მითითებული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იმედი“ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნა. სინამდვილეში, ტელეარხი 2012 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნებასთან“ არჩევნებში მარცხის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუბრუნა. ასევე მოხსენების წინა ვერსიაში ტელეკომპანია „მაესტროს“, ტელეკომპანია „იმედისა“ და ტელეკომპანია GDS-ის გაერთიანება „შერწყმად“ იყო მოხსენიებული, სინამდვილეში კი ეს გაერთიანება ორი ტრანზაქციის შედეგი იყო“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ შესწორებაში.