უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ

უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ

ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტების ფარგლებში დაფიქსირდა, რომ უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის საერთაშორისო ვიზიტებზე ისაუბრა.

„ფინანსთა მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტები შედგა, მათ შორის აშშ-ში, სადაც ის დაესწრო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებს, ასევე დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში. ამ შეხვედრებში ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა. მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი - როგორც აზიის განვითარების ბანკი, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებენ საქართველოში პორტფელის გაზრდას და კერძო სექტორის დაფინანსების გაზრდას. ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ზაფხულში, რამდენიმე ფორმალური პროცედურის გავლის შემდეგ დაამტკიცებს ახალ, გაზრდილ საკრედიტო პორტფელს საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, 14-16 მაისს საქართველოში პირველად მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება. მისი შეფასებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტების ფარგლებში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს მიერ დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს აფასებენ ძალიან დადებითად. ეს კი უდავოდ იმის აღიარებაა, რომ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ახალ-ახალი კომპონენტები ემატება, წარმატებით ხორციელდება და ქვეყნის სწრაფი განვითარების რეალურ და ხელშესახებ შედეგებზეა გათვლილი. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ამ ვიზიტებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აისახება გაზრდილ ინვესტიციებში. მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნდობა ქვეყნისადმი, მისი სამეწარმეო და მაკროგარემოსადმი. სწორედ ეს ნდობა შემდგომში უკვე პოზიტიურად აისახება კერძო სექტორის ჩართულობაზე და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ძალიან კარგია ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პრემიერმა.