პარტიის მუშაობაში სიახლეები იქნება და მგონია, რომ ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის "ქართული ოცნების" ყრილობა იქნება ძალიან საინტერესო მოვლენა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, ყრილობა იქნება სამუშაო ფორმატში, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე.
„შინაარსობრივად როგორი იქნება ყრილობა, ამას ხვალ გაიგებთ. ზოგადად, ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდება, თუნდაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით პარტია ქართული ოცნების" თავმჯდომარედ და მგონია, რომ ეს იქნება დამატებითი სტიმული. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. იქნება სიახლეები პარტიის მუშაობაში და მგონია, რომ ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო მოვლენა",- განაცხადა კალაძემ.
ყრილობის ფორმატს რაც შეეხება, თუ რატომ არის დახურული და მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ მონიტორის საშუალებით შეეძლებათ თვალყურის დევნება, კალაძე აცხადებს, რომ იქნება სამუშაო რეჟიმი ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე და ამიტომ შეარჩიეს ისეთი სივრცე, რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო შეხვედრა დელეგატებისთვის.
"რაც შეეხება ჟურნალისტებს, მე ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ ტელევიზიით გექნებათ დაკვირვების შესაძლებლობა. ჟურნალისტებისთვის იქნება გამოყოფილი სპეციალური ადგილი, სადაც გექნებათ შესაძლებლობა ინტერვიუების ჩაწერის და ყველანაირი შესაძლებლობა გექნებათ, რომ გქონდეთ კომუნიკაცია ადამიანებთან“,- განაცხადა კალაძემ.