პროცესი იქნება ორგანიზებული იმგვარად, რომ მედიას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყრილობაზე განხილული საკითხებისა და კენჭისყრის შედეგების შესახებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ხვალინდელ ყრილობაზე მედიის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ცნობილია, ხვალინდელ ყრილობაზე მედიის მუშაობის კუთხით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. მედიას მხოლოდ იმის საშუალება ექნება, რომ ტრანსლირებას მიადევნოს თვალყური.
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ყრილობას აქვს მხოლოდ სამუშაო დატვირთვა და მას დაესწრებიან მხოლოდ დელეგატები.
"ყრილობის პირველი ნაწილი წმინდად ტექნიკურ ხასიათს ატარებს, სადაც ყრილობის მდივანი უნდა შეირჩეს, ასევე დღის წესრიგი დამტკიცდეს. ხოლო რაც შეეხება ყრილობის მეორე ნაწილს, რაზეც მედიას ექნება სრული ინფორმაცია, დაგეგმილია პარტიის ლიდერების გამოსვლები და მოხდება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, პარტიის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს თუ არა კომენტარს მედიასთან.