პიარ-გეგმები, რომელიც იხარშება გიორგი მარგველაშვილის გუნდში, ძალიან მარტივია და მგონია, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კალაძის თქმით, მარგველაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს დაჩაგრულის მანტია მოირგოს.
"ეს არის გიორგი მარგველაშვილის მიზანმიმართული პიარ-გეგმა, რომ უნდა რაღაც დაჩაგრულის მანტია მოირგოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. ჯერ ვისმენდით, რომ იმპიჩმენტი იგეგმებოდა, მე არ ვიცი ვინ აწყობდა ამ იმპიჩმენტს ან რატომ წამოიწია ეს თემა საერთოდ, როცა რამდენიმე თვე დარჩა მისი უფლებამოსილების დასრულებამდე, ეს სრულიად გაუგებარია. პიარ-გეგმები, რომელიც იხარშება მის გუნდში ძალიან მარტივია და მგონია, რომ არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო. არ ვიცი, რა დანაშაულზეა საუბარი; თუ რაიმე კითხვები არსებობს, უნდა დაინტერესდეს შესაბამისი სამსახურები",- განაცხადა კალაძემ.