საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველას ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ.
"მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ვეტერანებს. ჩვენი ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ, ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში. ისინი არიან ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი. 300 000-ზე მეტი ადამიანი აღარ დაბრუნდა. ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის უცნობი. ასე რომ, დღეს პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გააწირა ქვეყნის გადარჩენისთვის. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას. სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი და ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამას",- განაცხადა კვირიკაშვილმა.