ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„2018 წლის 2 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა მორიგი გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერაა ასახული. მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე დაფიქსირებულია ის, რომ ადგილი აქვს კონფლიქტს საქართველოსა და რუსეთს შორის. ევროპის საბჭომ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
ევროპის საბჭოს მიერ მიღებული მორიგი ოდიოზური რეზოლუცია მხოლოდ სინანულს და იმედგაცრუებას იწვევს. კვლავ გვიწევს იმის დაფიქსირება, რომ ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტებს არაობიექტური და პოლიტიზებული ხასიათი აქვთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა გადაწყვეტილების მიღება ხდება აფხაზური მხარის ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, ისინი არ ასახავენ რეალურ სიტუაციას და სერიოზულ ზიანს აყენებენ მხარეებს შორის სახელმწიფოთაშორისი სრულმასშტაბიანი დიალოგის დამყარების პროცესს“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ „მიუღებელია საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტისთვის ქართულ-რუსული კონტექსტის მინიჭება“. მათივე განცხადებით, „სხვადასხვა ევროპული სტრუქტურის მიერ მიღებულ დოკუმენტებს არ აქვთ იურიდიული ძალა და უფრო პოპულისტურ და პროპაგანდისტურ ხასიათს ატარებს“.
„რაც შეეხება საქართველოს ე.წ. სამშვიდობო ინიციატივებს, მათი შეფასება ასევე შეიძლება როგორც მორიგი პოპულისტური ნაბიჯის, რათა შთაბეჭდილება მოახდინონ დასავლელ პარტნიორებზე“, - დასძინეს დე ფაქტო საგარეო უწყებაში.