ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” დადებითად აფასებს ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” დადებითად აფასებს ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” დადებითად აფასებს ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” წევრმა კობა კობალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით შემუშავებულ ამ ინიციატივას პოზიტიური შეფასება მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, ვინაიდან აღნიშნული სამშვიდობო ინიციატივა ითვალისწინებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინტეგრაციასა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მიმოსვლის წახალისებას. 

„მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის გააქტიურებას, რასაც რეალური შედეგები ექნება. სამშვიდობო ინიციატივების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გააქტიურებას ეხება. გასული წლების მანძილზე ცალკეული ინიციატივები პერიოდულად ხორციელდებოდა, ძირითადად, ჯანდაცვის მიმართულებებით, მაგრამ ასეთი სისტემური მიდგომა არასოდეს ყოფილა. ინიციატივა შესაძლებელს გახდის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქციის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ქსელებში განთავსებას სტატუს-ნეიტრალური მარკირების გამოყენებით, პროდუქციას მიეთითება მწარმოებლის სახელი ან წარმოების ქალაქი, მაგალითად: სოხუმი, გაგრა, რასაც ემოციური დატვირთვაც აქვს. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას მოსახლეობას შორის, თაობებს შორის დაახლოებას, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის გაცნობა-დაახლოებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობების დათბობისთვის. ასეთი ტიპის კონფლიქტების პოლიტიკური გადაწყვეტა, სამწუხაროდ, ძალიან გრძელვადიანი პროცესია. ამ პროცესის დამაჩქარებელი ერთადერთი ალტერნატივა კი სწორედ ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის გზების ძიებაა“, - განაცხადა კობალაძემ.

მისი თქმით, ამ ინიციატივას ეფექტურობას ისიც მატებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მყისიერი და სრული მხარდაჭერა მოჰყვა. 

„მართალია, რუსეთის აკონტროლებს ყველა სფეროს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მაგრამ ინიციატივის დახვეწა, კონკრეტული ნაბიჯების შეთავაზებითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, აბსოლუტურად განხორციელებადია. ნდობის მოსაპოვებლად კი აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული მაგალითების ჩვენება ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღნიშნული ინიციატივის შესახებ ინფორმაცია სწორად მივიტანოთ არა მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებამდე, არამედ რიგით მოსახლეობამდეც. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს ინფორმაცია ამ ინიციატივის სიკეთეების, მათი განვითარების შესაძლებლობების შესახებ, რადგან მოქალაქეთა ერთიანობას აქვს ძალა, გავლენა იქონიოს დე ფაქტო ხელისუფლებაზე დემოკრატიის არარსებობის პირობებშიც კი“, - განაცხადა კობალაძემ.