მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალურმა ფესტივალმა „საჩუქარი“, მრავალ უცხოურ დასს უმასპინძლა. ფესტივალზე ჩამოსვლა ვერ შეძლო ცნობილმა რეჟისორმა, მიხეილ თუმანიშვილის დიდმა მეგობარმა, პიტერ ბრუკმა.
ფილარმონიაში ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იქნა პიტერ ბრუკის მილოცვა ქართველი ხალხისადმი ინგლისურ ენაზე. ეს ჩანაწერი ჩამოიტანეს ბრუკის ქალიშვილმა და ბრუკის თეატრის წარმომადგენელმა, ფესტივალის საერთაშორისო დირექტორატის წევრმა, ნინა პარიმ.
თეატრმა უნდა იმოძრაოს
„რეზონანსთან“ საუბრისას ნინა პარიმ აღნიშნა, რომ პიტერ ბრუკის მილოცვის ჩანაწერის ერთადერთი პირობა მისი ქართულ ენაზე თარგმნა იყო.
ფესტივალის გახსნაზე მოხდა გაუგებრობა: ქეთი დოლიძემ პუბლიკას ამცნო, რომ ბრუკის თხოვნით, იმისთვის, რათა ქართველებს ორგინალში მოესმინათ რეჟისორის ხმა, მიმართვა სპეციალურად არ იყო თარგმნილი.
არადა, ბრუკმა ეს ჩანაწერი ქართველ ხალხს გამოუგზავნა და გაუგებარია, რა დაშავდებოდა, რომ მას სინქრონული თარგმანი ხლებოდა თან.
პარიმ, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ქართულ თეატრს, ძალიან მაღალი შეფასება მისცა მას.
პარიმ აღნიშნა, კინომსახიობთა თეატრი მიხეილ თუმანიშვილმა შექმნა. ეს იყო შესანიშნავი საქმე, მაგრამ თეატრი არ შეიძლება მუზეუმად იქცეს. თეატრმა უნდა იმოძრაოს წინ, ზუსტად ისე, როგორც ბატონ მიშას უნდოდა.
„დღევანდელი სპექტაკლით „ბაკულას ღორები“ აღფრთოვანებული ვარ. თეატრში მიხეილ თუმანიშვილის სული ტრიალებს. მსახიობები ზუსტად მის ტრადიციებს აგრძელებენ,“- თქვა პარიმ.
მისი თხოვნით ითარგმნა, პიტერ ბრუკის მიმართვა ქართველი ხალხისადმი.
„ძალიან მიყვარდა მიხეილი“
„ვუყურებ კამერას და ძალიან ვცდილობ, დაგინახოთ ყველა. მაგრამ ეს შეუძლებელია. რასაც მე ამ კამერის ლინზაში არეკლილს ვხედავ - საქართველოა.
მე ვხედავ ჩემთვის ძალიან ძვირფასს, არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებებს, რაც თქვენს მშვენიერ ქვეყანაში სტუმრობისას მივიღე.
ვხედავ პეიზაჟს, ვგრძნობ თქვენს სტუმართმოყვარეობას, ადამიანების სითბოს, მესმის სიმღერა სუფრაზე ერთად ნამღერი, ეკლესიაში მოსმენილი. ამ ჰანგებს ვერასოდეს დავივიწყებ.
ყველაზე ცხადად კი ვხედავ ჩემს პირველ სტუმრობას თბილისის ერთ- ერთ თეატრში, სადაც ვნახე დასი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი და რომელსაც ჩემთვის უცნობი რეჟისორი ხელმძღვანელობდა.უეცრად უჩვეულო, სულიერი ნათესაობა დამეუფლა, ის უცნაური შეგრძნება, რომელსაც დიდ ხელოვნებასთან შეხებისას განიცდი.
სწორედ ეს მოხდა როცა მე ვნახე „დონ ჟუანი“, დადგმული ვინმე მიხეილ თუმანიშვილის მიერ, რომელსაც არ ვიცნობდი და რომელიც მოგვიანებით ჩემი მეგობარი გახდა. დავმეგობრდით ისე, როგორც ადრე მე და რობერტ სტურუა.
ძალიან მიყვარდა მიხეილი, ბედნიერი ვიყავი, როდესაც იგი ლონდონში ჩამოვიდა თავისი ლამაზი „ზაფხულის ღამის სიზმრით“.
მე თქვენთან ერთად ვგლოვობდი მას, როდესაც გარდაიცვალა.
დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება გავხსნა ეს ფესტივალი, მიუხედავად იმისა, რომ ამას კამერისა და ეკრანის საშუალებით ვაკეთებ.
ეს ფესტივალი ახალი, მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული რენესანსისთვის.
დარწმუნებული ვარ ქართული ფესტივალი „საჩუქარი“ დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს მთელ მსოფლიოში.
ვწუხვარ რომ თქვენთან ერთად არა ვარ - ვმუშაობ და ჩემს თეატრს ვერ ვტოვებ.
ყველანი მიყვარხართ“, - პიტერ ბრუკი