წარმატებებით გალაღებული საქართველოს პარლამენტის საფეხბურთო ნაკრებმა რესპუბლიკის მასშტაბები არ იკმარა და უკრაინის პარლამენტს გადაწვდა. მეგობრული საფეხბურთო მატჩი საკმაო ხანს მზადდებოდა და როგორც იქნა, „ვეჩეს“ ფეხბურთელები თბილისს ეწვივნენ.
„დინამოს“ სტადიონზე მოსულმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ იხილეს სოხუმის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის, მეტოქეთა რისხვის, გია გვაზავას თამაში, მეკარეების კიბოს გამჩენი ბომბარდირი გია ლომაძე, ძველი პარლამენტიდან გუნდის გასამაგრებლად „შემოპარული“ ყოფილი დეპუტატი შელია. უბერებელი მანუჩარი და ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი, მატჩის აღმოჩენა მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება გია ბარამიძეს, იგი დროის კონტროლის მიზნით მისთვის საყვარელი ფერის მოედანზე მაჯის საათით გამოვიდა. მსაჯის სასტვენმა - „აბა, თქვენ იცით დეპუტატებოო!“ მეტოქეებს საფეხბურთო ორომტრიალის დაწყება ამცნო. დასაწყისში ქართველები თავის თამაშს გაურბოდნენ (ტრავმის შემთხვევაში, სხდომაზე, ალბათ, მძიმე ვითარებაში მოუწევდათ ყოფნა). ტრიბუნაზე გადმოფენილმა უკრაინულმა დროშამ სატუმრებს ვერ უშველა და ჩვენმა ნაკრებმა თანდათან ხელთ იგდო მატჩის სადავეები. მანუჩარ მაჩაიძეს მოედნის სიგრძე-სიგანეზე რამდენიმე უკრაინელი ფეხბურთელი ისე დასდევდა, როგორც ბავშვები უფროსს, „ბიძია, დამარტყმევინეს ძახილით. საქართველოს პარლამენტის ნაკრების წევრები მინდორზე არ ივიწყებდნენ სხდომებზე ქვორუმის ნაკლებობას და ტრავმებს ნაკლებად არიდებდნენ თავს. მიუხედავად ამისა, უკრაინელებმა გია ბარამიძეს მაინც „გაუმწვანეს“ ფეხი, მაგრამ „მტრის“ ჯინაზე „ცხრაჯერ მწარედ გაიცინა“ და თანმხლებ პირთან ერთად, იძულებული გახდა გმირულად დაეტოვებინა მოედანი.
უნდა აღინიშნოს, ვახტანგ ყოლბაიამ ფეხბურთში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ტრიბუნაზე მჯდომმა მოახერხა მეტოქის კარში გოლის გატანა. ბუნებრივია, იგი ამას ვერ შეძლებდა, საკმაოდ დაბნეული დიქტორი ქალი რომ არ დახმარებოდა. მთელი მატჩის განმავლობაში ვიღაც უცნობი ახალგაზრდა ვახტანგ ყოლბაიას გვარით დაკუნტრუშებდა მოედანზე, რომელიც, როგორც მატჩის შემდეგ შევიტყვეთ პარლამენტარი ჯონი თაყნიაშვილი ყოფილა. ეს მან მიფანტ-მოფანტა მეტოქე გუნდის მცველები და როცა მეკარეც მიაწვინა, კარის ბადეში მიჰკარგ-მოჰკარგა ნანატრი პირველი გოლი, რომელიც ასე უცერემონიოდ „მიითვისა“ ვახტანგ ყოლბაიამ. მის პატიოსნებაში დარწმუნებულებს იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იგი პროტესტს განაცხადებს სტადიონზე გამოცხადებული ამ საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციის გავრცელების გამო.
გულშემატკივრები არც მეორე გოლმა გვალოდინა დიდხანს. გია ლომიძემ ტრადიციას არ უღალატა და გაშტერებულ უკრაინელ პარლამენტარებს ქართული ფეხბურთის კლასი უჩვენა. ხოლო, როდესაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და მესამე გოლიც გაიტანა, სტადიონს გულშემატკივარ მანდილოსანთა ოვაციების ტალღამ გადაუარა. ლომიძემ თავი ვალმოხდილად ჩათვალა და მალე საფეხბურთო მოედანი ტრიბუნაზე გაცვალა.
უკრაინელმა პარლამენტარებმა გადაძახილ-გადმოძახილებით კონსენსუსს მიაღწიეს, გუნდში საგანგებო მდგომარეობა - „ტრივოგა“ გამოაცხადეს (ქართულად ალიაქოთს რომ ეძახიან) და ორი საპასუხო გოლის გატანა მოახერხეს. მეორე ტაიმში მინდორზე „ტკბილ ლუკმად“ შემონახული მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა, რომელმაც ყველას გასაოცრად, უბურთოდ ფეხბურთის თამაშის მაღალი კლასი გვაჩვენა. მისი თამაშის ტაქტიკურ მონახაზს აშკარად ეტყობოდა მწვრთნელის ხელი. სააკაშვილის ფეხბურთით განსაკუთრებით ტრიბუნაზე მჯდომი ზურაბ ჟვანია მოიხიბლა. ბოლოს, როგორც იქნა, მსაჯის სასტვენმაც ამოიკვნესა - გეყოთ, ახლა კანონებს მიხედეთო!“ და ქართველმა დეპუტატებმა ფეხბურთში პირველი საერთაშორისო მატჩი მოიგეს - ანგარიშით 3:2
როგორც სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით შევიტყვეთ, მატჩის შემდეგ ბიზნეს-ცენტრში გამართულ ბანკეტზე ქართული მხარე უკრაინელებს შანსს აძლევდა ღვინის სმაში მაინც გამოეჩინათ თავი. თუმცა, გვეეჭვება, ქართველმა პარლამენტარებმა ამ საქმეში პირველობა ვინმეს დაუთმონ.