სტივ ჰოუ გიტარისტთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მსმენელს არასოდეს აწუხებს და რომლის დაკვრამაც შეუძლებელია რომ დაგღალოს. დაკვრის ელეგანტური მანერა, დახვეწილი ჟღერადობა, ფართო ჟანრობრივი თვალსაწიერი – აი ის დამახასიათებელი ნიშნები, რომელთაც შეკრეს მუსიკოსის რეპერტუარში ჯაზის, ბლიუზის, ფლამენგოსა თუ შუასაუკუნეობრივი რენესანსის პერიოდის გიტარის სახეები, რითაც აგრერიგად მდიდარია ჯგუფ Yes–ის შემოქმედება, 40 წელზე მეტ ისტორიას რომ ითვლის.
სტივი მუსიკალურად განათლებულ ოჯახში აღიზარდა და კლასიკური და ჯაზური მუსიკა მისთვის ბავშვობიდანვე არ ყოფილა უცხო. უეს მონტგომერისა და განსაკუთრებით ჩეტ ეტკინსის დაკვრამ მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და გიტარისტობაზე ოცნებას სტივი 12 წლის ასაკიდანვე შეუდგა...
შემდეგ კი მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. ერთ მშვენიერ დღეს პატარა სტივის მშობლებმა შობის დღესასწაულზე პირველი გიტარა უყიდეს, რომელიც ჟღერადობით „გიბსონის“ ფირმის ინსტრუმენტს ჩამოგავდა, თუმცა საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა, ამიტომაც მოზარდ გიტარისტს ახალგაზრდა კოლეგები ზოგჯერ ღიმილით შესცქეროდნენ. მაგრამ როდესაც ჰოუმ დამწყებ ჯგუფ The Syndicats–თან ერთად ჩაკ ბერის ცნობილი Maybellene ჩაწერა, ყველამ დაინახა, რომ ლონდონურ სცენას განსხვავებული ხედვის მქონე, მოაზროვნე ყმაწვილი მუსიკოსი მოევლინა, რომელსაც უკვე 17 წლის ასაკში შეეძლო, რომ როკ’ნ’როლი ოდნავ განსხვავებულად წარმოეჩინა. საბოლოოდ სტივ ჰოუმ კიტ ემერსონის Nice–ისა და იან ანდერსონის Jethro Tull-ის წინადადებები უარყო და პიტი ბენქსის ადგილზე აღმოჩნდა Yes–ში, რომელშიც დღემდე მოღვაწეობს და რომლის სახელთანაც გაიგივებულია ამ ლეგენდარულ კოლექტივში გიტარისტის ცნება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში 80–იან წლებში, მის ადგილზე Yes–ში კიდევ ერთი შესანიშნავი გიტარისტი – თრევორ რებინი უკრავდა.
Yes–ის ეპოქა გიტარისტის ცხოვრებაში, მესამე – The Yes Album-ით იწყება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის არაერთი ერთგული მსმენელისათვის კოლექტივის დისკოგრაფიაც ამ ალბომიდან იღებს სათავეს. სწორედ აქ გამოჩნდა სიმღერები, რომლებიც მომდევნო ალბომების Fragile და Close To The Edge –ეს რეპერტუართან ერთად, დღემდე Yes–ის ძირითად საკონცერტო ბაზას წარმოადგენს და ზოგადად პროგრესივ–არტ როკის ოქროს ფონდშია შესული, როგორც გავლენიანობის, ასევე უბრალოდ – მუსიკალური თვალსაზრისით. The Yes Album-ში ჯერ არაა მოსული კლავიშებიანი ინსტრუმენტების ჯადოქრად წოდებული რიკ უეიკმანი, ტონი კეის სადა და მარტივი აკომპანემენტის ფონზე კი თითოეული ინსტრუმენტალისტი, როგორც ცალკე, ასევე ერთობლიობაში ჯგუფის განუმეორებელ ჟღერადობას ჰქმნის ჯონ ანდერსონის უსუფთავესი ვოკალისა და აშკარად გამოხატული მელოდიურობის ფონზე, რაც 70–იანი წლების პროგრესივ ჯგუფებისათვის, ხშირად მეორეხარისხოვან როლსაც კი ასრულებდა ხოლმე.
ამ ალბომში ახალწვეული გიტარისტის კომპოზიტორული მხარე ჯგუფის ლიდერებთან – ქრის სქუაირთან და მომღერალ ჯონ ანდერსონთან შედარებით მოკრძალებულია, მაგრამ ხარისხობრივად? სტივ ჰოუ ალბომის და მომავალში ჯგუფის ხშირად საკონცერტო გამხსნელ Yours Is No Disgrace–ის თანაავტორია, მის კალამს ეკუთვნის საოცარი გიტარული პიესა Clap, რომელიც სტივ ჰოუს დაკვრის სკოლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ და რომელიც იდეალურია დამწყები გიტარისტებისათვის, როგორც კლასიკურ გიტარულ სკოლასთან საზიაროდ, ასევე ფლამენგოსა და რეგ ტაიმის მიმართულების დაუფლებისათვის, საიდანაც ჰოუს ხელწერით ჯაზურ გიტარამდე და როკ’ნ’როლამდე არც აღარაფერია დარჩენილი.
მესამე და უმნიშვნელოვანესი მხარე სტივი ჰოუს კომპოზიტორული ტალანტისა ალბომის პირველი გვერდის დამაბოლოვებელი სამნაწილიანი Starship Trooper-ის დამაგვირგვინებელ ნაწილ Wurm-ს უკავშირდება, რომელიც არსით დიალოგში მყოფი გიტარების დაუსრულებელი მუსიკალური თემაა.
აღსანიშნავია, რომ 1983 წლის კონცერტზე „დაუსრულებლობის“ განცდას მისდა სასახელოდ კონცერტზე ამძაფრებს ზემოთხსენებული გიტარისტი თრევორ რებინი და თემა სტუდიური 2 წუთის ნაცვლად 10 წუთამდე იწელება... აქ სულში ჩამწვდომ ინსტრუმენტულ ანსამბლში ცალკე გამოსარჩევია ტონი კეის კლავიშური აკომპანემენტი, რომლის ოდნავი გაღრმავების შემთხვევაში Black Sabbath-ის Sabotage-დან Thrill Of It All–ის მეორე ნაწილის მუგ სინთეზატორულ ჟღერადობას მივიღებდით... არც ესაა გასაკვირი, Black Sabbath-თან ხომ თავად ბატონ რიკ უეიკმანსაც უთანამშრომლია. მოაზროვნე მუსიკოსების სამყარო კი იმდენად შეკრულია, რომ სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მაგალითად The Yes Album –ის ჩაწერას ტონი აიომი დასწრებოდა...
ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტივ ჰოუს პარტნიორობა უკვე გაცილებით მრავალფეროვან პიანისტებთან – რიკ უეიკმანთან და პატრიკ მორაცთან. 1974 წლის ალბომი Relayer გიტარისა და სხვადასხვა ტიპის კლავიშებიანი ინსტრუმენტების შერწყმის უკიდეგანო სპექტრის მაგალითად უპირველეს ყოვლისა ეპიკურ ნაწარმოებში The Gates Of Delirium იქცა.
მაგრამ პროგრესივ ერის საუკეთესო წლები 1974 წელთან ერთად ისტორიას ჩაბარდა, რადგან ამ დროს შემოქმედებით მწვერვალზე ყოფნისას სახეცვლილება განიცადეს ან გარკვეული პერიოდით დაიშალნენ ერთდროულად King Crimson, Emerson Lake & Palmer, Genesis და Yes...
საბოლოოდ კომერციულ მოთხოვნებთან შეწყობილი უძლიერესი შემადგენლობის Yes, 1977 და 1978 წლებში ალბომებით Going For the One დაTormato ბრუნდება, ჯგუფში თავს იჩენს შიდა უთანხმოება და 1981 წელს სტივ ჰოუ King Crimson–ის მომღერალ და ბას გიტარისტ ჯონ უეტონთან, Emerson Lake & Palmer–ის დრამერ კარლ პალმერთან და იმავე Yes –ისა და იქამდე The Buggles-ის კლავიშებზე შემსრულებელ ჯეფ დაუნსთან ერთად, სუპერჯგუფ Asia–ში ერთიანდება. ამ პერიოდიდან მოყოლებული სტივ ჰოუ ხან Asia –შია, ხან ათობით სოლო ალბომს გამოსცემს, ხან კვლავ Yes–შია. ამ უკანასკნელ ხანს კი სამივეს ერთდროულად ახერხებს.
10–წლიანი სტუდიური პაუზიდან გამომდინარე დიდი მოლოდინის მიუხედავად, Yes –ის ახალმა ალბომმა მაინცდამაინც ვერ გაამართლა. უფრო საინტერესო Asia-ს ახალი ალბომებია, რომელთაგან მარგალიტი 2008 წლის Phoenix-ში გვხვდება სამნაწილიანი Parrallel Worlds/Vortex/Deya სახით. კომპოზიცია არაფრით ჰგავს Starship Trooper-ის Wurm-ს, თუმცა ჰოუ რომ კინო მუსიკისათვისაც დიდებული კომპოზიტორია, ეს მის მიერ შექმნილი დასკვნითი რომანტიკულ გიტარული Deya-დან გამომდინარეობს. აქვე იმასაც დავსძენთ, რომ კომპოზიციის პირველ ნაწილში ჯონ უეტონი Starless-ს იხსენებს, ხოლო დრამ-ხერხემალი კი დასარტყამი ინტრუმენტების ვირტუოზ კარლ პალმერს ეკუთვნის, რომლის კულმინაციურ მომენტსაც უნატიფესი გიტარით ეგებება სტივ ჰოუ, საბოლოოდ რომ საოცარ დასასრულში გადაჰყავს ულამაზესი კომპოზიცია.
ჰოუ იმდენად ფართო სპექტრის გიტარისტია, რომ Deep Purple-ს სტივ მორსთან და ერიკ ჯონსონთან ერთად, იგი ჟურნალ Guitar Player-ის მიერ მინიჭებული ტიტულის - "Best Overall Guitarist" მატარებელია...