ბარამიძე - მაჭავარიანი „კერკეტი“ შალიკოს წინააღმდეგ

ბარამიძე - მაჭავარიანი „კერკეტი“ შალიკოს წინააღმდეგ

გუშინ დილით დიდუბის რაიონის სასამართლოს წინ მოსარჩელე პარლამენტარები გია ბარამიძე და მიხეილ მაჭავარიანი ნაცრისფერ „გაზ-31“-ში ისხდნენ და ღირსების შემლახველის დადგენას ღირსეულად ელოდნენ. კერკეტი შალიკო კი (ხუმრობით ასე უწოდებენ შალვა რჩეულიშვილს) სასამართლოში კენტად მოსულიყო და პროცესის დაწყებას ელოდა.

სასამართლო კოლეგიას, რომელიც პატივისა და ღირსების დარღვევის შესახებ სამოქალაქო საქმეს განიხილავდა, მიხეილ კოტრიკაძე თავმჯდომარეობდა. მოსამართლემ მხარეებს სასამართლოს აცილების უფლება მისცა.

-აზრი არა აქვს, - ჩაილაპარაკა შალვა რჩეულიშვილმა. მოსამართლე ადვოკატს ქარაგმას მიუხვდა და შუამდგომლობის დაყენების უფლება მისცა.

რჩეულიშვილმა პროცესის გადადება მოითხოვა.

-ჯერ ერთი. მე სარჩელს არ ვიცნობ, მეორეც, იგივე საქმეზე ცილისწამებისთვის სისხლის სამართლის სარჩელია შეტანილი და გენერალური პროკურორის განკარგულებით მოკვლევაც დაწყებულია. ამიტომ დღეს ამ საკითხზე სამოქალაქო სასამართლო ვერ იმსჯელებს.

მოსარჩელე მხარის ადვოკატმა, დავითაშვილმა გაპროტესტება სცადა, მაგრამ მოსამართლემ შეახსენა, აღშფოთების უფლება არა გაქვთო.

-ის მაღალჩინოსნებს წარმოადგენს და ყველაფრის უფლება აქვს, - ხელიდან არ გაუშვა ბარამიძე-მაჭავარიანის „კბენის“ შანსი რჩეულიშვილმა.

სასამართლომ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 31 ივლისისთვის გადადო. მანამდე კი კოლეგია, კოტრიკაძის თავმჯდომარეობით, დაადგენს, დაწყებულია თუ არა შალვა რჩეულიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელის მოკვლევა.