ჯერ ობამა-სააკაშვილის, მერე კი - კლინტონ-სააკაშვილის შეხვედრების შემდეგ, სადაც გამოითქვა აზრი, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანი გზით (სხვათა შორის, პრესკონფერენციაზე ჰილარი ქლინტონმა აღნიშნა, რომ ლიდერები მიდიან და მოდიან, ღირებულებები და ინსტიტუციები რჩებიანო), მიმდინარეობს გაუთავებელი მსჯელობა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს გადაბარება.
ამერიკელები ამ შემთხვევაში ორმაგ თამაშს ეწევიან: სააკაშვილსა და ვარდების რევოლუცია-ხელისუფლებაში ამერიკელებმა უდიდესი ფინანსური და იდეოლოგიური კაპიტალი ჩადეს, თავიანთ გადაფურთხებულს ასე ადვილად არ ალოკავენ და ნაციონალებს ასე მარტივად არ გაწირავენ. მეორე მხრივ, ისინი თადარიგს იჭერენ და კოჭებს უგორებენ ოპოზიციასაც, რომლის მხარესაც ხალხის მხარდაჭერასთნ ერთად ფინანსები და ძალა დაინახეს.
მოკლედ ისინი ზურაბ ერისთავივით არიან: თუ სააკაძემ გაიმარჯვა, ის ხომ სააკაძის ცოლის ძმაა, თუ თავადები გაიმარჯვებენ – ის ხომ არაგვის ერისთავია.
ასევეა აშშ-იც – თუ სააკაშვილი გაიმარჯვებს (თუნდაც გაყალბებით) და ოპოზიცია ამას შეეგუება, ისინი ხმასაც არ ამოიღებენ, მაგრამ თუ ივანიშვილის კოალიციამ (დიდი) უპირატესობით გაიმარჯვა და ხალხის თანადგომით თავისი ხმების დაცვა შეძლო, მაშინ წყენას ჩაყლაპავენ (როგორც შაჰ-აბას I-მა ჩაყლაპა წყენა კონსტანტინე მირზას მოკვლის გამო და მერე სამმაგად აზღვევინა კახელებს ეს) და იტყვიან, რომ მივესალმებით დემოკრატიის და ახალი ხელისუფლების გამარჯვებასო.
ამას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების გადაბარება ამერიკულად, ქართულად კი ნიშნავს იმას, რაც ვნახეთ თბილისში, ქუთაისში და ოზურგეთში, სადაც ჩატარებული აქციების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების პარალიზება მოხდა.
ქართველებმა ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არა ისე, თუ რა მოეწონება აშშ-ს, ევროკავშირს ან რუსეთს.
მამა-შვილობის ჰარმონია
მამათა და შვილთა დაპირისპირება რომ საკაცობრიო პრობლემაა, ამაზე არავინ დავობს. დღეს ამ დაპირისპირებამ საკმაოდ მწვავე და პრობლემური ხასიათი შეიძინა. თუ მამათა თაობა დღეს ტრადიციული ღირებულებების მიმდევარია, შვილების თაობა ხშირად საეჭვო და ანტიქართულ, ანტიეროვნულ ღირებულებებს სცემს თაყვანს (შეგნებულად თუ შეუგნებლად), რაშიც არა მარტო არსებული ხელისუფლებაა დამნაშავე, არამედ მამების თაობაც, რომელმაც ვერ შეძლო შვილებზე სათანადო ზეგავლენის მოხდენა სხვადასხვა მიზეზის გამო.
ამ ფონზე ძალიან სასიამოვნოდ აღსაქმელია მამა-შვილ ივანიშვილების ურთიერთთანადგომა ცხოვრებაშიც და სხვადასხვა ქალაქებში მოწყობილ აქციებზე. მათი ერთად დგომა, თანამოაზრეობა ხალხში მომავალი, მამა-შვილური, ჰარმონიული, ტრადიციული საქართველოს აღდგენის იმედს აღვივებს და ხალხს ძალზე მოწონს.
ალბათ ბევრ რამეში შეიძლება ისინიც არ ეთანხმებიან ერთმანეთს (მაგ: არა მგონია ქართულ ხმებზე შეყვარებულ ბიძინა ივანიშვილს რეპი მოსწონდეს), მაგრამ მთავარია ის, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხში ისინი ერთად არიან.
დიდი შეგნების მანიშნებელი იყო ისიც, რომ ქუთაისში შენობის ჩამოქცევისა და ადამიანის დაღუპვის შემდეგ აქციაზე არავის უმღერია და ამითაც გამოხატეს თავისი თანადგომა ადამიანური ტრაგედიის გამო. აქვე ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ამ აქციებზეც: ისინი ჰაერივით აუცილებელია არა მარტო სამხარეო ცენტრებში, არამედ ყველა რაიონულ ცენტრშიც. აქციები მართლაც კარგადაა ორგანიზებული. გამომსვლელებიც კარგადაა შერჩეული – სცენაზე არ უნდა დომინირებდეს ხალხი, რომლებიც ქართული საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. ასევე უნდა შეირჩნენ მაჟორიტარებიც. რაც შეეხება არაპოპულარულ პოლიტიკოსებს, ისინი მხოლოდ საარჩევნო სიებში უნდა მოხვდნენ, ისიც – პირველი ათეულის შემდეგ.
ყველაზე მნიშვნელოვანი და საოცარი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, ძალზე სწრაფად გაიზარდა და ქართულ პოლიტიკაში ყველას გადაუსწრო. მისი გამოსვლა ოზურგეთში – ეს იყო ბრძენი ქართველი ერისკაცის გონივრული, მშვიდი და კარგად მოფიქრებული პროგრამით წარდგენა. ის არ ჰგავდა ხელისუფლების მიერ რეპრესიებით შეშინებულ ოპოზიციონერს. მე არ მეგულება ქართულ ოპოზიციაში პოლიტიკოსი, რომელიც ასე დამაჯერებლად და გასაგებად, კონკრეტული და საქმიანი, ხუმრობაშეზავებული მოხსენებით, წარდგებოდა ამდენი ხალხის წინაშე. თავისი გულწრფელობით და პატიოსნებით იგი მთელი თავით მაღლა დგას ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე, რომლებიც სამჯერ განათხოვარი ქალებივით არიან.
როგორც ჩანს, მხოლოდ მას ძალუძს ნაციონალების ჯადოს მოხსნა ქართველი ხალხისთვის. არჩევნებამდე მან უნდა შექმნას კადრების ბანკი, რომელშიც განთავსებული იქნება იმ საგანგებოდ შერჩეულ ადამიანთა მონაცემები, რომლებიც შეიძლება მომავალში თანამდებობებზე დაინიშნონ (ერთ ადგილზე-მინიმუმ ხუთი კანდიდატი).
სასურველია ასევე, რომ ის ცალ-ცალკე შეხვდეს სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებს, მაგ: პროფესორებს და სკოლის მასწავლებლებს, ექიმებს, ინჟინრებსა და მშენებლებს, სოფლის მეურნეობის მუშაკებს, ბიზნესმენებს და ა.შ. და მათ კონკრეტულ საკითხებზე დაელაპარაკოს. ამ შეხვედრებს დიდი ეფექტი მოჰყვება.
მან ასევე ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ გადაიხედება გაუმართლებლად მაღალი ტარიფები დენზე, გაზზე, წყალზე, ნაგავზე, სასუქზე, ბენზინზე და მაზუთზე, ბიზნესის გადასახადებზე, მოხდება უდანაშაულოდ დაპატიმრებულთა ამნისტია, დამნაშავეთა დასჯა (ეს საკითხები მოსახლეობისათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და ივანიშვილს მხარს მათი გადაჭრის იმედით დაუჭერენ და არა მარტო ნაციონალთა დამარცხებისათვის).
ხალხს ასევე ძალზე აღელვებს ელიტური კორუფციის მომავალი საქართველოში. თუ სათავეში მდგომი ადამიანი (პრეზიდენტი, მინისტრი, გუბერნატორი, გამგებელი და ა.შ) თავად არ იპარავს და ქრთამს არ იღებს, მაშინ არც სხვას მისცემს ამის უფლებას. ხალხს იმედი აქვს, რომ ივანიშვილი მკაცრად მოთხოვს ყველას პასუხს, ვინც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას შეეცდება. ხალხის მოთხოვნაა ისიც, რომ პარლამენტი კვლავ თბილისში გადმოვიდეს და არ გაიყიდოს ეს შენობა, ისევე როგორც მთავრობის კანცელარიის შენობა, რომელსაც გაყიდვას უპირებენ თურმე. ხალხს ასევე სურს პარლამენტართა, მინისტრების, გუბერნატორების თანამდებობაზე არჩევა -დანიშვნის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი იყოს 35 წელი, პრეზიდენტის 40 წელი, მოსამართლეების კი – 35-40 წელი. ამ შეკითხვეზე პასუხები დროულად უნდა გაეცეს, ისევე როგორც ყველა იმ დანარჩენ პრობლემაზე, რაც ხალხს დიდად აღელვებს.