ისლანდიის შტურვალთან ისევ ძველი კაპიტანია

ისლანდიის შტურვალთან ისევ ძველი კაპიტანია

შაბათს ისლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ქვეყნის ხელმძღვანელად ზედიზედ მეხუთედ ოლაფურ რაგნარ გრიმსონი (Ólafur Ragnar Grímsson) იქნა არჩეული.

ისლანდია დანიის ყოფილი კოლონიაა, რომელმაც დამოუკიდებლობას საბოლოოდ 1944 წელს მიაღწია. მისი მოსახლეობა თითქმის 320 ათასს აღწევს. ქვეყანას არმია არ ჰყავს, მის უსაფრთხოებას ნატო უზრუნველყოფს, რომლის წევრიც ისლანდია 1949 წლის 4 აპრილიდან არის. 2006 წლამდე კეფლავიკში ამერიკის სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. ქვეყნის ეკონომიკის საფუძველს ძირითად თავზჭერა წარმოადგენს.

მსოფლიო კრიზისის დაწყებამდე ისლანდია ევროპაში ეკონომიკური ზრდის ტემპით წამყვან პოზიციებზე იყო. რეცესიის შემდეგ, რომლის დროსაც კუნძულელებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება მიიღეს, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ნელი, მაგრამ დინამიური ზრდით ხასიათდება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ისლანდიას ხუთი პრეზიდენტი ყავდა, მათგან სამმა ამ პოსტზე ოთხი ვადით იმსახურა. აღსანიშნავია, რომ ისლანდია ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომლის პრეზიდენტიც ქალი გახდა - ვიგდის ფინბოგადოტირი 1980 წელს კუნძულელთა ხელმძღვანელი გახდა.

ისლანდიის პრეზიდენტი საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭის ყრით ოთხი წლის ვადით აირჩევა. არჩევის ჯერადობა შეუზღუდავია. პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება გახდეს 35 წელს მიღწეული მოქალაქე, რომელსაც არანაკლებ 1500 ამომრჩეველი წამოაყენებს. საინტერესოა, რომ ერთადერთი კანდიდატურის არსებობის შემთხვევაში, არჩევნები არ ტარდება და კანდიდატი ოფიციალურად პრეზიდენტად არჩეულად ითვლება. არჩევნების გამართვის შემთხვევაში კი ის კანდიდატი ითვლება გამარჯვებულად, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

პრეზიდენტის უფლებამოსილება 1 აგვისტოს იწყება და ოთხი წლის შემდეგ 31 ივლისს მთავრდება. არჩევნები საარჩევნო წლის ივნის-ივლისში ტარდება.

თუ პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გახდება ქვეყანას ტრიუმვირატი მართავს, რომელიც პრემიერ-მინისტრის, გაერთიანებული ალტინგის (პალმანეტის) თავმჯდომარისა და უმაღლესი სასამართლოს მთავარი მოსამართლისაგან შედგება. ტრიუმვირატის სხდომებს ალტინგის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. საკითხები უმრავლესობით წყდება.

ოლაფურ რაგნარ გრიმსონი აცხადებდა რომ ოთხი პერიოდით პრეზიდენტობის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურის წამოყენებას 30 000-ზე მეტმა კუნძულელამა დაუჭირა მხარი, 4 მარტს ქალაქ სელფოსში გამოსვლისას დასაშვებად მიიჩნია, რომ იგი „გააგრძელებდა არჩეულ გზას“. „ჩემმა ცოდნამ და გამოცდილება შეიძლება მოარიგოს ის აზრთა სხვადასხვაობა და კონფლიქტები, რომლისაგან ისლანდია უკვე მრავალი წლის მანძილზე იტანჯება“ - აცხადებდა პრეზიდენტი კამპანიის მსვლელობისას.

არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფდა, რომ მოქმედ პრეზიდენტს თავის კონკურენტთნ, არნორსდოტირთან შედარებით თვალშისაცემი უპირატესობა ქონდა.

უპარტიო ფემინისტი, ჟურნალისტი და გიდი ტორა არნორსდოტირი თვლიდა, რომ 2008 წლის კრიზისისა და ქვეყნის სამი უმსხვილესი ბანკის კრახის შემდეგ, ქვეყანა ცვლილებებს საჭიროებდა. კრიზის გამომწვევი მიზეზების შესახებ მის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად არნორსდოტირის ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზარდა.

ტრადიციულად, ქალის როლი ისლანდიის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალზე დიდია. როგორც უკვე ავღნიშნეთ, კუნძულელები პირველები იყვნენ ევროპაში, რომლებმაც პრეზიდენტად ქალი აირჩიეს. პრემიერის პოსტი ამჟამადაც მშვენიერი სქესის წარმომადგენელს, იოჰანა სიგურდარდოტირის უკავაია. 1974 წლიდან ისლანდიის ლუთერიანულმა ეკლესიამ კანონიერად მიიჩნია ქალის სამღვდელოდ კურთხევა. სწორედ ამ ქვეყანას ყავს პირველი ქალი-არქიეპისკოპოსი. 2010 წლიდან ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა.

მიუხედავად ქვეყნის ამდაგვარი „ემანსიპაციისა“, საბოლოოდ არჩევნებში მაინც მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. ოლაფურ რაგნარ გრიმსონს ამომრჩეველთა 51%-ზე მატმა დაუჭირა მხარი. მის უშუალო კონკურენტს კი 35%-მდე მხარაჭერა ერგო წილად. ამ მარცხის შემდეგ ტორა არნორსდოტირიმ გადაწყვიტა პოლიტიკა დატოვოს და მთელი ძალისხმევა თავის პროფესიასა და საარჩევნო კამპანიის (მაისი) დროს დაბადებულ თავის გოგონას დაუთმოს.

უნივერსიტეტის პროფესორმა, 69 წლის ოლაფურ რაგნარ გრიმსონმა პოლიტიკური კარიერა მემარცხენე ლიდერის როლით დაიწყო, როცა ის 1978 წელს სახალხო ალიანსისი ხაზით პარლამენტის დეპუტატი გახდა. 1988-1991 წლებში ის ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო. გრიმსონი ისლანდიის პრეზიდენტად პირველად 1996 წელს იქნა არჩეული. ორჯერ, 2000 წელს და 2008 წელს, როგორც უალტერნატივო კანდიდატმა მან პრეზიდენტის პოსტი ავტომატურად დაიკავა. ხოლო 2004 წელს, ისევე როგორც ამ წელს, მან კონკურენტულ გარემოში მიაღწია გამარჯვებას. მაშინ მას ამომრჩეველთა 67.5%-მა დაუჭირა მხარი.

მოქმედი პრეზიდენტის პოპულარობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან ორჯერ განაცხადა უარი პარლამენტის მიერ მიღებული იმ კანონის დამტკიცებაზე, რომლის მიხედვითაც ისლანდიელ გადასახადის გადამხდელებს ეკისრებოდათ ისლანდიური ინტერნეტ ბანკის „Aysseyv“-ის ბრიტანელი და ჰოლანდიელი მეწილეების დანაკარგების ანაზღაურება, რაც ჯამში თითქმის 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

გრიმსონმა თავისი ავტორიტეტის წყალობით პრეზიდენტის გარკვეულწილად წარმომადგენლობით და ცერემონიალურ პოსტს, მზარდი პოლიტიკური ხასიათი შემატა. მან სამჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება იმ კანონებთან მიმართებაში, რომლებსაც არ ეთანხმებოდა.

სწორედ პრეზიდენტის როლის განსაზღვრა იყო საარჩევნო კამპანიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. კუნძულის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფოს მეთაური არ უნდა ერეოდეს მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტაში და ის პოლიტიკის გარეთ უნდა იდგეს. პრეზიდენტის უფლებამოსილების უფრო ზუსტად განმსაზღვრელი საკონსტიტუციო შესწორება ამა წლის ოქტომბერში სარეფერენდუმოდ იქნება გამოტანილი.

პრეზიდენტ ოლაფურ რაგნარ გრიმსონის საგარეო პოლიტიკური შეხედულებებიც გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია ქვეყნის მთავრობის მიერ წარმოებულ საერთაშორისო პოლიტიკისთან. გრიმსონი ჩინეთთან დაახლოების მომხრეა, რომელსაც ისლანდიის კაბინეტი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ხშირად აკრიტიკებს. ასევე აზრთა სხვადასხვაობაა ევროკავშირთან მიმართებაში. მაშინ, როცა 2009 წელს მთავრობამ ოფიციალურად დაიწყო გაერთიანებული ევროპის წევრობაზე მოლაპარაკება, პრეზიდენტი ევროპასთან ამდაგვარი ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის.

რაც შეეხება პრეზიდენტის პირად ცხოვრებას, იგი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ ცოლთან, გვიუდრუნ კატრინ ტორბეგსდოტირთან შეუღლების (1974წ) შემდეგ, წყვილს 1975 წელს ტყუპი გოგონა, დალა და ტინა შეეძინათ. 1998 წელს წელს პირველი ლედი ლეიკემიით გარდაიცვალა.

5 წლის შემდეგ გრიმსონი ისრელელ დორიტ მუსაიფზე დაქორწინდა.