Life is a kind of Chess, with struggle, competition, good and ill events (Benjamin Franklin)
თუმცა, ამ თამაშს და ამ სვლებს, ზუსტად ასე, ალბათ, ვერ გავაგრძელებთ…
საქმე იმაშია, რომ იტალიელი ჯულიო პოლერიოს მიერ 1594 წელს აღწერილი და 1777 წელს დიდი ფრანგი მოჭადრაკის ანდრე ფილიდორის მიერ ხელახლა აღმოჩენილი სიცილიური დაცვა, რომელიც სადღეისოდ ჭადრაკის ყველაზე პოპულარული ვარიანტია, ვერ გახდება დღევანდელი საუბრის ზუსტი საგანი, – ორი მიზეზის გამო.
ერთი ის, რომ მოთამაშე, რომელიც დღევანდელ თამაშში ერთ-ერთი მხარეა, იმდენად დაუპროგნოზირებელია, რომ მისი სვლები არანაირ ლოგიკას და თეორიას არ ექვემდებარება. და მეორე ის, რომ ის თამაში, რასაც ეს სწორუპოვარი დიდოსტატი თამაშობს, შეიძლება მართლაც სიცილიიდან იღებდეს სათავეს, მაგრამ მას ჯულიო პოლერიოსთან, დონ პიეტრო კარერასთან, ფრანჩესკო კოზიოსა და სხვა ცნობილ იტალიელ მოჭადრაკეებთან ძალიან ცოტა აქვს საერთო, და გაცილებით მეტი – ისეთ არანაკლებ ცნობილ სიცილიელებთან, როგორიც იყვნენ თავისი საქმის მართლაც რომ გროსმეისტერები – ჯუზეპე მასერია, სალვატორე მარანზანო, კარლო გამბინო…
თუმცა არის მაინც რაღაც კავშირები ამ ორ თამაშს შორის:
ა) სიცილიურ დაცვასაც პირველად „სიცილიური თამაში“ ერქვა.
ბ)ზემოთაღწერილი გროსმეისტერები სიცილიის გარდა ამერიკასთანაც იყვნენ ასოცირებული, და
გ)სიცილიური დაცვა შავებით თამაშის საუკეთესო ვარიანტად ითვლება და, ჩვენდა გასაოცრად, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ზემოთხსენებული სწორუპოვარი და ლოგიკაზე მწყრალად მყოფი მოთამაშე იძულებულია შავებით ითამაშოს, მოწინააღმდეგის სვლებს ელოდოს და თავი დაიცვას. თუმცა მისი თავდაცვა ხშირად პირწავარდნილი თავდასხმაა და სწორედ ამიტომ, ალბათ, სწორია ის ვარიანტი, რომელიც სათაურად ავირჩე – „სიცილიური თამაში (გამბინოს გამბიტი)“
გაუჭირდა მიშიკოს!
აბა, რომ არ გაჭირვებოდა, 8 წელია, ზურა ჟვანიას ე.წ. „გაზით გაგუდვის“ შემდეგ, ძლიერი კი არა, საშუალო სიძლიერის პრემიერ-მინისტრი არ მონდომებია… ძაან ბოდიში, მაგრამ სულ იმისთანა ხალხს ირჩევდა, საფერფლეს რომ ესვრი და მაქსიმუმ, თირკმლის ატკივების გამო განცხადებას დაწერს და ჩუმად და მორიდებულად წავა… ჰოდა, ახლა რამ მოანდომა ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება? რატომ დაჭირდა „ძლიერი მენეჯერი“, რომელიც აქამდე არ დასჭირვებია? რატომ ალაპარაკდა იმაზე, რომ ვანო გადაჭრის დასაქმების პრობლემას, მიხედავს ქართულ სოფელს, ააღორძინებს ეკონომიკას და იქნება ისეთი წარმატებული, როგორიც… [თავად მიშა არ ყოფილა???]. ეს ხომ ყველაფერი ისე შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული, რომ მიშამ რაშიც თავად ვერ ივარგა, ახლა იქ უშვებს ვანოს! შე კაცო, კორუფცია და კრიმინალი, 6 წელია იძახი, დავამარცხე და გავანადგურეო, და, აბა, აქამდე დაგეკარუსელებინა პრემიერად ეს ღვთისგან ბოძებული მენეჯერი, და შენც დაისვენებდი და – ქვეყანაც!
სიმართლე სხვაა: მიშას გაუჭირდა და სწორედ ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომელიც მისთვის ძალიან ძლიერი შეიძლება აღმოჩნდეს ტაქტიკურად, მაგრამ სტრატეგიულად, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ალბათ, უფრო მეტ თავის ტკივილს და პრობლემებს შეუქმნის, ვიდრე ეს წარმოუდგენია.
სამშაბათამდე, როცა მიშა (თუ უკვე ვანო?) მინისტრების წარმოდგენით კარტებს გახსნის (თუმცა, ყველა კარტი რომ არ გაიხსნება დაუყონებლივ, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ), ალბათ ბევრი რამ ბურუსით მოცული დარჩება. მაგრამ ხომ საინტერესოა, როგორ იგეგმება ეს სიცილიური პარტია? რა სვლებს თვლის და როგორ უყურებს თავის პერსპექტივას მიშა (სხვების და ქვეყნის პერსპექტივა მას ხომ ყოველთვის ფეხებზე ჰკიდია), რომელიც წესების გარეშე თამაშის დიდოსტატია – ყველა გაგებით?!.. ვნახოთ, როგორ თამაშობს სიცილიურ[მაფიოზურ] დაცვას დემოკრატად შერაცხული მიშა გამბინო. რამდენად სწორად გამოვიცნობ გამბიტში მის სვლებს, არ ვიცი, მაგრამ – „ცდა ბედის მონახევრეაო“.
ჯერ განვიხილოთ ვანო „ხერხემალ“ მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის ძლიერი მხარეები (შევთანხმდეთ, რომ დაფას ამჟამად მიშას მხრიდან ვუყურებ )
მიშა ამით ეუბნება პოლიციელებს: – თქვე ოხრებო, ჩემს დასაცავად არ ანძრევდით ხელს, მაგრამ ახლა თქვენი საყვარელი ვანო გავამეფე და ეგებ ახლა მაინც გაინძრეთ! დაარბიეთ მიტინგები, მეტი ცეცხლით და მგზნებარებით ეკვეთეთ ხალხს, ნურაფრის შეგეშინდებათ! ხომ ხედავთ, რომ უკვე ლამის ღიად და გამოცხადებულად პოლიციურ სახელმწიფოს ვაშენებთ და სადაც ვანო გახდა პრემიერ-მინისტრი, თქვენც შეგიძლიათ იოცნებოთ დეპუტატობაზე, გუბერნატორობაზე, გამგებლობაზე, კაი-კაი ბიზნესებზე…
მიშამ ამით უთხრა ყველას – შინაურს და გარეულს – მორჩით ახლა ამ საშინელ ჭორებს, რომ ვანო შეიძლება ივანიშვილს შეეკრას და გადმომაგდოს (!!!). დამიჯერეთ, და სხვებიც დააჯერეთ, რომ ვანო ჩვენია! მეტიც, ვანო ჩვენი ელმავალია!
თავად ვანოსაც უთხრა – ამაზე მეტს რაღას მოგცემდა ივანიშვილი, ვანო?! მაგას ხომ პრემიერ-მინისტრობა თავისთვის უნდა და მე კი ხომ ხედავ, როგორი გულუხვი ვარ შენს მიმართ! ეს პოსტი მალე ქვეყანაში ¹1 პოსტი იქნება კონსტიტუციით – შენია ეს ქვეყანა, ჩემო კარგო! ოღონდ ბიძინას არ დაუთმო და შენი იქნება – ისედაც და ასედაც…
ამერიკელებს უთხრა: აჰა, ბატონო, რომ გეშინოდათ ჩემი „გაპუტინების“! ‘გაპუტინება რომ მდომებოდა მე – დემოკრატიის შუქურას! – პრემიერ-მინისტრად ან თავად გავიქაჩებოდი, ან ვინმე მორიგ ჩვარს დავნიშნავდი! ვერ ვნახავდი კანდიდატებს, თუ? აგერ არაა სულმომღიმარი დათო ბაქრაძე? აგერ არაა მრისხანე პიჟონი შაშკინი? აგერ არაა მდგრადი ვერა, რომელიც ყველაფერში თვალდახუჭული მემორჩილება?! მე კი, ხომ ხედავთ, როგორი ხისტი ხერხემალი დავსვი ამ ადგილზე?! ესეიგი, მე არ ვაპირებ გაპუტინებას! დაწყნარდით!..
ამით მიშამ გზავნილი გაუგზავნა რუსეთსაც (ტყუილად ხომ არ განაცხადა ბრიუსელში, – მალე რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაიწყებაო!). ყველამ იცის, რომ რუსეთში ვანოს აფასებენ, ის ხომ ერთადერთი ქართველი მინისტრი იყო დსთ-ში ყოფნის დროს, რომელსაც პატივი ხვდა წილად თავისი კოლეგების საბჭოს უფროსი ყოფილიყო და საქართველოში დსთ-ს შსს მინისტრების სამიტისთვისაც კი ემასპინძლა! რუშაილოსთან კარგი კავშირების გარდა, მერაბიშვილს ჰქონდა გარკვეული კონტაქტები სერგეი ივანოვთანაც და როგორც ნინო ზურიაშვილის ფილმი „მინისტრის მეგობარი“ აჩვენებს, მის ყველაზე სანდო ბიზნეს პარტნიორებს, სწორედ რომ რუსეთში აქვთ დღეს სერიოზული ბიზნესი. მერაბიშვილს არასოდეს გამოუჩენია თავი ან ნატოსკენ მოწოდებებით, ან (ბოკერიასგან განსხვავებით) დასავლელ პარტნიორებთან რაიმე განსაკუთრებული კავშირებით (თუ შევარდნაძის დროს ნამთვრალევზე შევარდნაძის „ჩაშვების“ ეპიზოდს არ გავითვალისწინებთ). ამიტომ, სავარაუდოდ, დღევანდელი ხელისუფლებიდან, მერაბიშვილი სწორედ ის ფიგურაა, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შანსები ყველაზე მეტად აქვს.
ამერიკის ადმინისტრაციას (დემოკრატიამორჩილების გარდა, იხ. 4), გარკვეულად სხვა გზავნილიც გაუგზავნა: „არ გინდოდათ ჩემი დარჩენა და მოდით ახლა და, შემადარეთ მე – კოლუმბიის უნივერსიტეტდამთავრებული, დასავლურად მოაზროვნე, 5 ენაზე მოჭარტალე პოლიტიკოსი, და ეს – მობლუკუნე ტლუ რუსეთუმე, გირგვლიანის საქმეში გასვრილი მერაბიშვილი! და იქნებ ერთი წლის მერე კიდეც შემეხვეწოთ, ოღონდ ეს ნუ იქნება პრემიერ-მინისტრი და, ჯანდაბას – ისევ შენ დარჩი და ავიტანთ და არ მოგაძახებთ პუტინიზაციასო!“
ყველაზე სერიოზული გზავნილი მერაბიშვილის გაპრემიერება საკუთარი გუნდისადმი იყო. იმაში, თუ როგორი მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, ყველამ დაინახა, ისიც რომ მიშა მოულოდნელ სვლებში მართლაც განუმეორებელია და ისიც, რომ იგი უკვე ლამის არავის ენდობა. სასაცილო იყო არამარტო ნაცმოძრაობის ე.წ. ლიდერების დაბნეულობა და სურვილი, მიკროფონებს დამალვოდნენ, არამედ თავად შსს მაღალჩინოსნების ბლუკუნი მერაბიშვილის გაპრემიერებაზე და იმაზე, რას ფიქრობდნენ ან თავად რა გეგმები ჰქონდათ. მიშა გამბინომ თავისი პარტიის წევრებს, რომლებიც ბოლო ხანებში სულ უფრო ბევრს ჭორაობდნენ იმაზე, რომ მიშა დაბერდა, სახეშებიჟვინებულ მიკიტანს დაემსგავსა, ვეღარაფერს ვერ ახერხებს, ივანიშვილთან ხისტ და სწორხაზოვან ჭიდილში აშკარად აგებს, რომ დროა პარტიამ სხვა ლიდერზე გააკეთოს არჩევანი (ბოკერიაზე, ადეიშვილზე, მერაბიშვილზე, უგულავაზე…), ამ ნაბიჯით ნიშნი მოუგო და, სულ ცოტა, ორი დღის განმავლობაში ისევ აფიქრებინა – „მართლა მაგარია ეს შობელძაღლი!“… იმის მაგიერ, რომ პარტიულ სიებზე და ტაქტიკაზე, პოლიტიკურ სვლებზე და მიტელშპილის პოზიციური უპირატესობის ნელ-ნელა დაგროვებაზე ეფიქრა (რაშიც თავად ხვდება, რომ არამცთუ ივანიშვილს, არამედ მაჭავარიანსაც კი ვერ შეედრება), მიშამ ისეთი გამბიტი ამოაგდო, რომ ყველა ნაციონალი სახტად დატოვა და აფიქრებინა – „გიჟი უძახე შენ და!..“ ამით მან მომენტალურად დაიბრუნა ნაციონალური მოძრაობის უპირობო და შეუდარებელი ლიდერის პოზიცია და აიძულა ყველა, რომ მის მიერ განხორციელებულ ამ პირუეტზე საპასუხო ნაბიჯი მოიფიქრონ.
დაბოლოს, სწორედ 30 ივნისის საღამოს ვანოს გაპრემიერებით, მიშამ მოსახლეობას ჰკითხა ნიშნისმოგებით, კიდევ გაბედავთ და 1 ივლისს მიტინგზე მიხვალთო?
ახლა კი გადავიდეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ შექმნა.
სააკაშვილმა სიცილიური დაცვის მეტნაკლებად მდორე საჭადრაკო პარტია ამ ნაბიჯით უკიდურესად დაძაბა. მაგრამ, თუ მისი გაცხელებული ტვინი მართლა დუღილის ფაზაში არაა ჯერ, არ უნდა ელოდებოდეს, რომ კვანძის გახსნისას ყველაფერი სწორედ ისე მოხდება, როგორც მან საუკეთესო სიზმარში ნახა! ვნახოთ, რამდენად მომზადებულია მიშა გამბინოს ეს გენერალური შეტევა და შევეცადოთ, ჩამოვთვალოთ ის გამოწვევები, რომელიც მეც კი, ჭადრაკში და პოლიტიკაში უბირ ადამიანს, მომივიდა თავში და მერე სხვები, უფრო გამოცდილები, შეაფასებენ, რა დამავიწყდა და რა ვერ გავთვალე, ან – რაში გადავამლაშე. და იმასაც, ჩვენ ორიდან, რომელი უფრო მეტს თვლის და რომელი უფრო ახლოს ხედავს. ამ ნაბიჯებს (-) ნუმერაციით აღვნიშნავ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მხოლოდ მიშასთვისაა უარყოფითი და ჩემს გულისწუხილს ნამდვილად არ იწვევს… მაგრამ არის ისეთებიც, რომელიც მთლიანად ქვეყნისათვის რისკებს კიდევ უფრო ზრდის…
(-1) პოლიციელთა უმრავლესობას ვანო შეიძლება მიაჩნდეს კარგ მენეჯერად, მაგრამ მათმა მინიმუმ მესამედმა მაინც, უკვე ისიც იცის, რომ მერაბიშვილის მენეჯერობა გახვრეტილი შაურიანი იქნებოდა ივანიშვილის მიერ პოლიციის დაფინანსების გარეშე!. უკვე დღეს აშკარაა, რომ პოლიციას თანდათან დაფინანსება მოაკლდა. სწორედ ამიტომაა, რომ გამგეობებმა და სამხარეო ადმინისტრაციებმა პოლიციის დასახმარებლად „საკუთარი ინიციატივით“ საკმაო თანხების გამოყოფა დაიწყეს (თუმცა, რამდენ ხანს გაძლებენ, საეჭვოა). ამაზე ლაპარაკობენ ის პოლიციელებიც, ვისაც პრემიები უკვე შეუმცირდათ და ისინიც, ვის მანქანებსაც ბენზინის ლიმიტი ჩამოაჭრეს. არაა გამორიცხული, პოლიციაში დაწყებული შემცირებები ვანოს გაპრემიერების შემდეგ უფრო გაძლიერდეს კიდეც. პოლიციელთა ნაწილმა შეიძლება სამართლიანად ჩათვალოს, რომ აწი პრემიერს მათთვის ისე აღარ ეცლება და მისი ინტერესები, როგორც მიშა გამბინომ მოხაზა, ახლა დასაქმება, საყვარელი სოფლის მეურნეობა, ლაზიკიზაცია და ზოგადად მთელი ქვეყნის (და უკვე არა მარტო – პოლიციის) მოვლა იქნება.
(-2) ვანოს გაპრემიერებას პოლიციელთა ოცნებების გააქტიურება მხოლოდ მაშინ შეიძლება მოჰყვეს, თუ ვანოს ადგილზე ამ სისტემისათვის ცნობილი კადრი მოვა. ასეთად სადღეისოდ მერაბიშვილის მარჯვენა ხელი, როგორც ზოგი ამბობს, მერაბიშვილის „იდეური მასწავლებელი“ და ბიზნეს-პარტნიორი – ამირან მესხელი მოიაზრება. ეს კი ნაკლებად სავარაუდო მგონია (რატომ – მოგახსენებთ ქვემოთ). უფრო მეტი შანსია, რომ ასეთ სერიოზულ სამინისტროს მიშა რომელიმე უკვე გამოცდილ მინისტრს ჩააბარებს, ვისაც თავადაც ენდობა. ასეთებად ბაჩო ახალაია და დიმიტრი შაშკინი დასახელდნენ. თუ ეს ასე მოხდა, პოლიციაში საკმაოდ ბევრს დაცულობის შეგრძნება გაუქრება. ბაჩო ახალაიას სადიზმისადმი მიდრეკილებები ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან ცნობილია, და იგი თავის ძმასთან ერთად პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის ნაკლებად მისაღებ კადრად მოიაზრება (ზოგადად მიზანთროპობის გამო იმდენად არა, როგორც უსაზღვრო ამბიციების და ჯარში „დაჩმორების“ მისეული ტაქტიკის დანერგვის გამო), ხოლო დიმა შაშკინი, რომელიც მერაბიშვილისთვის საუკეთესო არა, მაგრამ მისაღები ვარიანტი იქნებოდა, პოლიციის სათავეში სასაცილო იქნება და ვერავის დააჯერებს, რომ ერთი პეწენიკი მარიონეტი არაა მხოლოდ. სეფერთელაძეც თუ თან წაიყვანა „ბოდიგარდად“, მაშინ ხომ სულ „კომფორტული“ გახდება შსს… არანაკლებ კომიკური იქნება შაშკინი არმიის სათავეში, თუმცა ეს ვარიანტი, განსხვავებით – „შაშკინი – შსს მინისტრისაგან“, სულაც არ მგონია მიშური „რეალობიდან“ შორს და რატომ, ქვემოთ მოგახსენებთ. თუ ეს ასე მოხდა, რომ ვანოს ადგილზე ვანოს კაცი არ sდაინიშნა, ხალხისთვისაც საეჭვო გახდება მიშას და ვანოს შორის არსებული „იდილია“!
(-3) თუ შსს მინისტრად მესხელი დაინიშნება, მაშინ მართლაც დავიჯერებ, რომ მდგომარეობის სრული ბატონ-პატრონი ვანოა, რომელიც პრემიერ-მინისტრიც გახდა და შსს-ც თან დაიტოვა. სხვათა შორის, დაახლოებით მსგავსია სიტუაცია შაშკინის გამინისტრებისასაც, რომელიც ვანოს კაცად მოიაზრება. თუმცა, დალაგებული შსს შაშკინის ხელში შეიძლება აირიოს. თანაც, რამდენად დარჩება შაშკინი ვანოს კაცად, თუ შსს-ს გემო გაუგო და მოჯდა, ძნელი სათქმელია… ფაქტია, რომ ადეიშვილ-ბოკერიას ბანაკი არ იქნება შაშკინისადმი „გულგრილი“). მესხელის დანიშვნაზე ორი პრობლემაა – (-3.1) თავად მიშას არ ენდომება ვანოს ასეთი გაძლიერება. (-3.2) ეს ძალიან დააზარალებს ბოკერია-ადეიშვილის ბანაკს, რომელთაც, იქედან გამომდინარე, რომ ძალოვნების გარდა, სხვა მინისტრებს უკვე პრემიერი ვანო დანიშნავს, ისედაც უმცირდებათ ჟანგბადის მარაგი.
(-4) თუ შსს მინისტრად მერაბიშვილის კრეატურა არ ინიშნება და ინიშნება ადეიშვილ-ბოკერიასთვის მისაღები კადრი (უგულავა, მაგალითად! თუმცა, მას თუ ჭკუა აქვს, არ უნდა წავიდეს), ან მით უფრო – მიშას ერთგული ბაჩო ახალაია (რაც ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მოსალოდნელი ვარიანტია), მაშინ ძალიან ადვილია იმის დანახვა (ყოველგვარი „ვანო მაგარია!-ს“ და ფეიერვერკების ფონზეც კი!), რომ ჩვენი ძვირფასი ხერხემალი კი არ დააწინაურეს, არამედ მალების გარეშე დატოვეს და ფაქტიურად – დაშალეს! შსს-ზე გავლენის გარეშე მერაბიშვილი ხერხემალი კი არა, მრისხანე ფიტულიღა იქნება და მისი რეალური ძალის შესუსტება და არეალის შემოფარგვლა მალე გამოჩნდება! სწორედ მაშინ, როცა 2013 წლისთვის პრემიერ-მინისტრობა ყველაზე დიდი პოსტად გადაიქცევა, მიშა ვანოს ახალაიების ხელით უმტკივნეულოდ მოიშორებს და საბაბი რა იქნება – გირგვლიანის საქმე, თაკო სალაყაიას სკანდალური ცხოვრება, თუ ვანოს კათოლიკეობა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ერთ რამეზე შევთანხმდეთ, მიხეილ სააკაშვილ-ბორჯიას თავისი გუნდის ყველა წევრზე აქვს სხვადასხვა სახის (ერთი ან რამდენიმე!) სერიოზული კომპრომატი, რომელსაც შავი დღისთვის ინახავს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მათაც არანაკლები ექნებათ თავად სააკაშვილზე. მთავარი მხოლოდ ისაა, ვინ ვის დაასწრებს. ასე რომ, თუ შსს-ში ვანოსთვის მისაღები კაცი არ რჩება, ე.ი. ვანო კი არ დააწინაურეს, არამედ დასრიალებას უპირებენ და მხოლოდ ის უნდათ, რომ ვანოს ხელით და სახელით არჩევნები მოიგონ (ან სულაც უარესი – არჩევნები გააუქმონ! ამაზე ქვემოთ). ასე რომ ეს პარაგრაფი (-4) მიშას შეგვიძლია ძალიანაც პლიუსში ჩავუთვალოთ. ოღონდ ერთი პრობლემაა (-4.1) – მერაბიშვილი სააკაშვილის ამ ვერაგულ გეგმებს, წესით, უნდა ხვდებოდეს და არაა გამორიცხული, თავისი სერიოზული თამაში დაიწყოს. ხოლო ახალაიას რამდენი დრო დასჭირდება ვანოს ერთგული კადრებისაგან პოლიციის გასაწმენდად, ან ამ კადრების თავის მხარეზე გადმოსაბირებლად, ეს საკითხავია. ისეთი სწრაფი და სადისტური მეთოდებით წმენდას, როგორც მან ჯარში განახორციელა, შსს-ში ვერ გამოიყენებს – თან არჩევნებია (ჯერჯერობით მაინც) ახლო მომავალში, და სერიოზულ გართულებას შედარებით მოერიდება. და თან – წინააღმდეგობაც გაცილებით მეტი შეხვდება, ვიდრე წაგებული ომის შემდეგ შეთითხნილი საქმეებით დემორალიზებულ ჯარში.
(-5) თუ ვანო მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ხდება და შსს-ზე ხელი აღარ მიუწვდება, ეს ვითომ დაწინაურებაა? ხომ აშკარაა, რომ შსს-ს გარეშე მერაბიშვილი თითქმის იგივეა, რაც გილაური იყო?!.. თუ უფრო უარესი – არა! მაგალითად, საფერფლის სამიზნე – გოგა მგალობლიშვილი. აქამდე ვანო იცავდა მიშას და აწი ვანოს ვიღა დაიცავს? რა თქმა უნდა, მერაბიშვილს ერთი საოცნებო მაინც რჩება, თუ 2013 წლამდე წელი მიიტანა, მერე მისი პოსტი უცებ დემეტრაშვილის ჯადოსნური საკონსტიტუციო ჯოხის შეხებით ქვეყნის უზენაესი მმართველის თანამდებობად იქცევა! მაგრამ ნახეთ, როგორი დავალება მისცა მიშა გამბინომ უსაყვარლეს მინისტრს გაპრემიერებისას – უმუშევრობის ბეჭებზე დადება, სოფლის მეურნეობის აღორძინება… ეს ხომ ისეთი მისსიონ იმპოსსიბლე არის, რომელზეც კისრის მოტეხვა ძალიან ადვილია! მაშინ რა გამოდის? სანამ სააკაშვილს სჭირდება ქვეყნის სათავეში მეტნაკლებად პოპულარული პრემიერი, მაშინ ვანო კარგია. ხოლო თუ ვანო არჩევნებს გადაუგორებს, რღვევის ბზარების მქონე ნაცმოძრაობას ასე-თუ ისე შეაკოწიწებს, თავის ანგარიშებზე დაგროვილ დიდძალ ქონების საკმაო ნაწილს ნაცმოძრაობის სარეკლამო და მოსახლეობის მოსასყიდ თანხებად აქცევს, რუსეთსაც შემოირიგებს და ამერიკასაც არ გადარევს, ყველა დაშვებული და დაუშვებელი მეთოდებით არჩევნებს მოიგებს/გააყალბებს, ბაქრაძის, წიკლაურის, ხაბაზის, წერეთლის, ასანიძის და სხვა მორჩილი ჯაგლაგების რემიდან ისევ კეთილშობილ ინისტატუსების კალიგულასთვის მოსაწონ პარლამენტს დააკომპლექტებს… მაშინ, მერე – რა? აქამდე ჩრდილში მდგარი მიშა გამოვარდება ავანსცენაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებს აამოქმედებს და ვანოს მადლიერი გულაჩუყებით ეტყვის – „მადლობა, ჩემო ერთგულო ხერხემალო! გეყო, რაც იტანჯე! წადი ახლა და დაისვენე ამ დამპალი პოლიტიკური თამაშებისგანო?!.“
კიდევ ერთი ვარიანტი ისაა, რომ მიშამ აგვისტოში შეიძლება ახალი ოინი გამოაგდოს, გადადგეს, ქვეყანა ვანოს გადააბაროს, ხოლო თავად პარლამენტში კენჭი იყაროს. ხოლო როცა პარლამენტარი გახდება, მერე დემეტრაშვილს კიდეც ერთხელ გადააწერინოს საქართველოს ბედდამწვარი კონსტიტუცია იმ ვერსიაზე, სადაც უკვე პარლამენტის სპიკერი იქნება ჩაპო დი ჩაპი და სწორედ ამ თანამდებობის მოსაპოვებლად დაიწყოს ჭიდაობა… ამით დღეისათვის მსოფლიოში უნიკალური საკონსტიტუციო მოდელი, რომელსაც ვახტანგ ხმალაძემ „საპრემიერო რესპუბლიკა“ უწოდა, აღარ ამოქმედდება და საქართველო „სასპიკერო რესპუბლიკად“ გადაკეთდება – ინსიტატუსების ქვორუმი და მისი ჯანი, ჯერ ჯერობით ხომ ისევ 2/3-ია საკონსტიტუციო უმრავლესობა!! ამ ახალ ვერსიას ის დიდი პლიუსი ექნება მიშასთვის, რომ ამერიკელები და ევროპელები მას „პუტინის ვარიანტს“ (ამ ცნების სიტყვასიტყვით გაგებით) ვეღარ დაარქმევენ! მაგრამ ეს ვარიანტი, აბსოლუტურად რეიტინგდაქვეითებული და გონებაგახურებული სააკაშვილისათვის კიდევ უფრო მისსიონ იმპოსსიბლე-ს ჰგავს, ვიდრე მერაბიშვილის დენ სიაო პინობა! ყველაფერ ზემოაღწერილში თითქოს სააკაშვილისათვის დიდი მინუსი არ ჩანს, მაგრამ მინუსი ისაა, რომ მერაბიშვილს შსს მინისტრის გამოცხადებიდან, წესით 3 დღეზე მეტი არ უნდა დასჭირდეს იმის დასადგენად, როგორი „პატივი სცა“ მისი წყალობით 2007 წლის შემდეგ ძალაუფლებაში დარჩენილმა სააკაშვილმა და, თუ მე გუმანი არ მატყუებს, მერაბიშვილი გოგა მგალობლიშვილზე უფრო მორჩილი არ უნდა იყოს. მოკლედ, თუ მერაბიშვილი დარწმუნდა, რომ პრემიერ-მინისტრის სკამი საჩუქარი კი არა, სერიოზული ხაფანგია, მერე წესით საკუთარი თამაში უნდა დაიწყოს. რაც ძნელი იქნება, მაგრამ არც ისეთი უიმედო, როგორც სააკაშვილის საქართველოში უმუშევრობის ბეჭებზე დადება, ან ახალაიების მოწყალების იმედად ყოფნა…
(-6) ვანოს რუსეთისთვის გზავნილად გაპრემიერებას მაშინ ექნება აზრი, თუ თავად მიშა ჩემოდნის ჩალაგებას დაიწყებს. რაც არ უნდა ესიამოვნოს პუტინს ვანოს გაპრემიერება (და რომ არ ეწყინება, დარწმუნებული ვარ!), სააკაშვილისადმი მეგობრულ გრძნობებს და მადლიერებას ეს არ გაუღვივებს! კიდეც რომ შეხვდეს პუტინი ვანოს, არა მგონი, მიშას ხელისჩამორთმევის დღე დაუნიშნოს. ხოლო ვანოს პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებული რისკები კი არსებობს. მთელი 10 წელია, სააკაშვილი რუსეთის ხატით აშინებს საქართველოს მოსახლეობას და ნებისმიერ პუტინთან მოლაპარაკეს ერის მოღალატედ და ხალხის მტრად აცხადებს. ხოლო თუ მიშას მიერ კურთხეული ვანო პუტინს დაეზრასტება და მხიარულად გადაეხვევა, მაშინ რა გამოვა? – რა ნაცმოძრაობის მიერ ქვეყნის გამყიდველად შერაცხული ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი და რა – ქვეყნის ხერხემალი ვანო, რომელიც სწორედ ამ ხერხემალს პუტინის წინაშე ნარნარად მოიდრიკავს?! როგორ გინდა მერე, მალაშხიას აუხსნა და წიკლაური დააწყნარო?
(-7) მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს, და ისიც, მხოლოდ ზერელე ან გულუბრყვილო, დამკვირვებელს, რომ ივანიშვილის გაპრემიერებით თითქოს მიხეილ სააკაშვილი პუტინის გზას გაემიჯნა! სინამდვილეში, თუ არ დავიზარებთ და გავიხსენებთ, პუტინს თავის დროზე ორი პოტენციური კანდიდატი ჰყავდა ტანდემოკრატიისათვის – „რბილი დემოკრატი“ მედვედევი და „ხისტი ქორი“ სერგეი ივანოვი. რამდენიმეთვიანი თითქოსდა ჭოჭმანის შემდეგ პუტინმა ფსონი მედვედევზე დადო, მაგრამ მიშას პრობლემა ისაა, რომ თუ ის გადადგომას და პარლამენტში კენჭისყრას მართლაც აპირებს, ხელისუფლების სადავეების რბილ (უფრო სწორედ – დონდლო) ბაქრაძისათვის დატოვება იმ პირობებში, როცა მოსახლეობის უმრავლესობა უკვე აშკარად ბიძინა ივანიშვილს თვლის ქვეყნის მომავალ ლიდერად, თუნდაც – რამდენიმე თვით, ძალიან სარისკოა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერი უფრო პროზაულადაა და მიშა გადადგომას და სარისკო თამაშს არ აპირებს, ბაქრაძე და მისთანანი ნაციონალურ მოძრაობას ვერ მოაგებინებენ. გარდა ამისა, თუ მიშა ვანოს პოლიციას ჩამოაშორებს, ამით, მისი აზრით ვანოს შხამიან კბილებსაც ელეგანტურად დააძრობს და მისგან ისეთ ტანდემპარტნიორს მოზილავს, რომელიც გარეგნულად სერგეი ივანოვივით მრისხანე იქნება (ხალხისთვის), ხოლო შინაგანად მედვედევით რბილი და დამთმობი (მიშასთვის). სააკაშვილს თუ ამერიკელების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება უნდოდა, ივანიშვილის მსგავსად მასაც საკუთარი პარტიის კანდიდატების დასახელება დაეწყო, რესტორნებში ჩუმად კი არ უნდა აგრძელებდნენ საიდუმლო შეხვედრებს მიის პარტიის ბონზები, არამედ ღიად და სახალხოდ, და ჯამში – არჩევნების დემოკრატიზაციაზე უნდა ეზრუნა, და არა – სამ თვეში ახალი პარლამენტის მიერ ასარჩევი პრემიერ-მინისტრის სამი თვით ადრე დანიშვნაზე, რაც კიდევ ერთი ცინიკური ნაბიჯია აშშ ადმინისტრაციის მიმართ: „ვინც რა უნდა თქვასო, მიშიკომ კი ფქვასო…“ ამით ხომ მიშამ ფაქტიურად ცერცვად შეაყარა კედელს ობამას, კლინტონის, სარკოზის, რასმუსენის, და სხვათა მიერ მრავალჯერ გამეორებული თეზისი – საქართველოში 2012 და 2013 წლების არჩევნების დემოკრატიულად და ტრანსპარენტულად ჩაბარებას და ძალაუფლების კანონიერ გადაცემას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვსო. მიშას პასუხი ასეთია – საქართველოსთვის მთავარია, ვინ ატარებს და ვინ ითვლის არჩევნების შედეგებს (ხომ გახსოვთ, იოსებ ბესარიონის ძეც ზუსტად იმავეს ფიქრობდა დემოკრატიაზე!)
(-8) რამდენად იყო მიხეილ სააკაშვილის კონსპირატორული სამთავრობო გადატრიალება გენიალური ნაბიჯი, და რამდენად – სასოწარკვთილის ნახტომი ცეცხლმოდებული სასტუმროს მაღალი სართულიდან, ეს მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდება. მე მხოლოდ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს: საკუთარ გუნდში დაწყებული „დვიჟენიები“ ჯერ ბროუნის მოძრაობად რომ არ ექცეს, და მერე – საკმაოდ მიზანსწრაფულ გაქცევად, აუცილებელია, რომ გუნდის წევრები იზიარებდნენ ამ ნაბიჯის აუცილებლობას და სისწორეს. დემოკრატიულ ინსტიტუტებში კონსენსუსის მისაღწევად საკმაოდ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებათა და კომპორმისთა ურთიერთმონაცვლე ციკლების გავლა. ავტორიტარულ ინსტიტუტში კი ყველაფერი ერთი ან რამდენიმე კაცის ნებაზეა დამოკიდებული. ნაციონალური მოძრაობა აქამდე ძირითადად ხუთეულის მიერ იმართებოდა – სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უგულავა. როგორც ხედავთ, ამ ხუთეულში პრემიერ-მინისტრის ნასახი არაა. რა თქმა უნდა, იყო მომენტები, როცა ეს ხუთეული ფართოვდებოდა (ძირითადად, ადრე – კეზერაშვილის და, ბოლო დროს – ახალაიას ხარჯზე), ასევე იყო მომენტები, როცა ხუთეულის ზოგიერთი წევრი უფრო ნაკლებად იყო ამა თუ იმ პროცესის მონაწილე. ჩვეულებრივ გადაწყვეტილებას სააკაშვილი იღებდა, მაგრამ არა მარტო, არამედ მაინც გუნდის წევრებთან (ერთი-ერთზე თუ საერთო) კონსულტაციის შემდეგ. ასე იყო 2008 წლის აგვისტოს საბედისწერო დღეებში, მიუხედავად გავრცელებული ვერსიისა, რომ ამ გუნდის ერთდროულად რამდენიმე წევრი „შემთხვევით“ თურმე არდადეგებზე ატარებდა დროს … დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მალე გამოჩნდება, მეშლება თუ არა, რომ ჩემი ვარაუდით, ეს ბოლო გადაწყვეტილება სააკაშვილმა პრაქტიკულად მარტომ მიიღო. რა თქმა უნდა, მან შემდეგ საქმის კურსში ჩააყენა ხუთეულის წევრები, მაგრამ ასე მგონია, რომ ყველას სხვადასხვანაირად აუხსნა მოტივაციები და რაც მთავარია – არა ის, რას იტყოდა 30 ივნისს, არამედ, რა მოხდება მერე! ვისაც აკუტაგავას ბრწყინვალე მოთხრობის მიერ გადაღებული აკურო კუროსავას დიდებული ფილმი „რაშემონი“ უნახავს, მიხვდება, როგორ იცვლება ამბავი იმის მიხედვით ვინ და რა მოტივით ყვება მას. ვფიქრობ, სააკაშვილმა თავადაც არ იცის, რას და როგორ გააკეთებს საბოლოოდ და ის ფაქტი, რომ თავიდან ორშაბათს გამოცხადებული სამთავრობო კაბინეტის წარდგენა მერე სამშაბათისთვის გადაიდო, იმაზე მეტყველებს, რომ ან მიშა თავად არაა დარწმუნებული იმაში, მისთვის რა და ვინ აჯობებს, ან მას ამჟამად მეტი წინააღმდეგობა შეხვდა, ვიდრე ელოდა. ასე რომ ის, რაც თავიდან გენიალობის გაბრწყინებად ითვლებოდა, მალე შეიძლება იმპულსურობის კიდევ ერთ დადასტურებად გამოჩნდეს.
(-9) ხალხმა მიშას გამოწვევას, აბა გაბედეთო, მცხეთაში ხალხმრავალი აქციით უპასუხა. კონკურენტულ პოლიტიკურ პროცესში ჩაბმის კატასტროფულად მოშიშარ სააკაშვილს სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ თავის ზონდერებს უკვე ახალაიას ხელით მართული პოლიციის რაზმები ოფიციალურად დაუმატოს. ეს კი მხოლოდ ორი რამის დასტური იქნება – მერაბიშვილი კი არ „დააწინაურეს“, როგორც ეფექტური მენეჯერი, არამედ ჩამოაშორეს პოლიციას, რომელიც სააკაშვილის შეხედულებით არასაკმარისად თავზარდამცემი იყო. და ასევე იმას, რომ საკმაოდ შელანძღული მითი სააკაშვილის „დემოკრატობაზე“ საბოლოოდ დაინგრევა და მსოფლიო პოლიტიკაში მისი ადგილი ზუსტად იქ იქნება, სადაც თავისივე სურვილით აღმოჩნდა ამ ორიოდ დღის წინ – ლუკაშენკოს გვერდით.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე არ მყავს ინფორმატორი სამთავრობო წრეებში და რომ ის, რასაც მოკლე რეზიუმეს სახით მოგაწოდებთ, ჩემი ანალიზის შედეგია და არა საინფორმაციო შპიონაჟისა.
ა) მიხეილ სააკაშვილი თავდაუზოგავად ცდილობს დაარღვიოს ის ლამის ტრადიცია, როცა მისი ყოველი თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე მას გაცილებით ნაკლებ დივიდენდებს აძლევს, ვიდრე დანაკარგებს! მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად არის იძულებით ნაბიჯი და მიხეილ სააკაშვილი ამას არაფრით დაუშვებდა 2011 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა ძალიან კარგად ჰქონდა წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით ლამის გარანტირებული მარადიული პრემიერობა.
ბ) მიხეილ სააკაშვილი ამ ნაბიჯით აპირებს მოიგოს საპარლამენტო არჩევნები მერაბიშვილის ხელით, რომლის რეიტინგი ნამდვილად მეტია ნაცმოძრაობის რეიტინგზე (თუმცა გაცილებით ნაკლებია NDI-ის კვლევის შედეგებზე – ველის შერჩევის და მეთოდოლოგიის ცდომილების გამო). მერაბიშვილის გაპრემიერებით სააკაშვილი ცდილობს უზრუნველყოს ნაცმოძრაობის უსახური პარტიული სიის რეიტინგის მეტ-ნაკლები ამაღლება (ვანოს შხეფების გადმოსხურებით კუბლაშვილზე, ურუშაძეზე, კარბელაშვილზე და სხვა აბსოლუტურად დისკრედიტირებულ პოლიტიკანებზე ), ხოლო საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში თავად ჩაანაცვლოს მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის უკვე გაცილებით უფრო ძლევამოსილ პოსტზე. ამავდროულად, არაა გამორიცხული სარეზერვო ვარიანტებიც – ბ1)მიშა ცდილობს მოახდინოს კონსტიტუციის ხელახალი რევიზია, იმდაგვარად, რომ არა პრემიერ-მინისტრი იყოს ყველაზე ძლევამოსილი, არამედ – პარლამენტის სპიკერი და თავად იყაროს კენჭი საპარლამენტო არჩევნებში (იმ პირობებში, როცა ქვეყანას მერაბიშვილი მიხედავს), ბ2)მოგონილი/გათამაშებული მიზეზით, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და გადადოს საპარლამენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით.
გ) ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად ეცდება, რომ არ გააძლიეროს ხელისუფლებაში არსებული სხვადასხვა ბანაკები. პირიქით, მოახდინოს მათი შეძლებისდაგვარად დასუსტება და არჩევნებისათვის კრიტიკული მასის მქონე თითქმის ყველა სამინისტრო სტრუქტურაში (განსაკუთრებით – ძალოვან სამინისტროებში) შეცვალოს ხელმძღვანელობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს საკუთარი გადაყენების შანსი. სწორედ ეს იყო ვანო მერაბიშვილის „დაწინაურების“ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი. აქედანვე გამომდინარე, ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი (ამირან მესხელი ან დიმა შაშკინი) არ დაინიშნება შსს მინისტრად, ბაჩო ახალაია არ დარჩება თავდაცვის მინისტრად, დიმა შაშკინი არ დარჩება განათლების მინისტრად, და ხათუნა კალმახელიძე არ დარჩება სასჯელაღსრულების მინისტრად. სააკაშვილს ექნება ძალიან სერიოზული ცდუნება, ასევე გადაანაცვლოს იუსტიციის მინისტრი ზურა ადეიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი – გიგა ბოკერია (თუნდაც მათთვის ადგილების გაცვლით). თუმცა მეეჭვება, რომ ამ ეტაპზე მან ეს მოახერხოს. მაგრამ ახლო მომავალში რომ ცდას არ დააკლებს, ესეც მალე გამოჩნდება.
დ) ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიების შედგენაში გადამწყვეტ როლს არ შეასრულებს არცერთი ის პიროვნება, რომელთაც შემდგომში ამბიციაც და შანსიც ექნებათ, არ დაუშვან მიხეილ სააკაშვილის მოვლინება სამუდამო მმართველად (იქნება ეს პრემიერ-მინისტრის რანგში, როგორც ამჟამად მოსალოდნელი საკონსტიტუტციო ცვლილებით, თუ – პარლამენტის თავმჯდომარის როლში, სავარაუდო ახალი კონსტიტუციური ცვლილებებით) – ზურა ადეიშვილი, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა. არაა გამორიცხული, ეს პროცესი დაევალოთ მიხეილ მაჭავარიანს ან პალიკო კუბლაშვილს.
დასკვნა: აღნიშნული ცვლილებები და ტაქტიკა გარკვეულწილად წარმატებული იქნება ნაციონალური მოძრაობის ფასადის შესალესად, მაგრამ ვერ მოახდენს მის შიგნით არსებული წინააღმდეგობების დაძლევას. ვანო მერაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისაგან პლაგიატის წესით მითვისებული სოციალური თანასწორობის პრინციპები – სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა და სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა (აღარ ვამბობ არაფერს ისეთ პოპულისტურ „ინოვაციებზე“, როგორიცაა დასაქმების სამინისტრო და ათასლარიანი ვაუჩერები), მიუღებელი იქნება ბოკერია-ადეიშვილ-ბენდუქიძის ლიბერტარიანული ფრთისათვის. ახალაიების მიერ დანერგილი ტერორის გადმოტანა შსს-ში და ხალხის დარბევევბის უალტერნატივო საარჩევნო მეთოდად გამოყენება ასევე ძნელად გასამართლებელი იქნება ყველა იმ პრო-ნაცისათვის, ვინც თავს დასავლური ღირებულებების მატარებლად მიიჩნევს (ძალიან მაინტერესებს თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარი მერეთის ინციდენტზე), აღარ ვამბობ არაფერს დასავლელ პოლიტიკსებსა, დიპლომატებს და მედიაზე. ვანო მერაბიშვილი, თუკი „მის“ სამინისტროში ბაჩოა ახალაიას თარეშს მოესწრება, ვერ იქნება გულგრილი და ვერ დაუდებს გულს დასაქმების და სოფლის აღორძინების ზეამოცანებს… ისევე როგორც ბაჩო ახალაიასაც არ მოეწონება „მის თავდაცვის სამინისტროში“ მოგოგმანე შაშკინი თუ ბოკერია!..
საბოლოოდ კი ყველა, ნაცმოძრაობის გარეთაც და შიგნითაც, ქვეყანაშიც და უცხოეთშიც დაინახავს იმას, რაც დიდი ხანია, უკვე მრავალთათვის ცხადი გახდა: მიხეილ სააკაშვილს გულის ფიცარზე აწერია:
„მე!.. მარტო მე!.. მხოლოდ მე!.. მხოლოდ ჩემთვის!..“ – არცერთი ზემოთხსენებული ნაბიჯი ხომ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება! სულაც – პირიქით!
რაც მთავარია – დღეს ნაცმოძრაობის არც ერთი (!) ლიდერის სიტყვას და დაპირებას ფასი არ აქვს! თუ ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდება საარსებო მინიმუმის გაზრდას და მინიმალური პენსიის აყვანას სწორედ ამ დონემდე, ხალხი ამას უფრო დაიჯერებს, ვიდრე თუნდაც ვანო მერაბიშვილის მიერ დაპირებულ, თუნდაც, 1000 ლარიან პენსიას! ბიძინა ივანიშვილს, შეუძლია საერთოდ არაფერი დაჰპირდეს ხალხს, რადგან იგი დაპირების გარეშეც უამრავ სიკეთეს აკეთებდა, ხოლო ნათქვამი არს: „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ!“ მაშინ როცა ნაცმოძრაობის სიტყვა მხოლოდ 4 წელიწადში ერთადერთხელ ემთხვევა მათ საქმეს! ისიც მხოლოდ მაშინ გადმოაგდებენ სამათხოვროდ 20-ლარიან ვაუჩერს, თუ თავად 20 მილიონით გაატყავეს ხალხი უკვე…
სვლები და ტაქტიკა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი თამაშობს, ტიპიურია სიცილიური თამაშის იმ ვარიანტისათვის, რომლის სათავესთან ჯულიო პოლერიო, დონ პიეტრო კარერა, ფრანჩესკო კოზიო და სხვა ცნობილი იტალიელ მოჭადრაკეები კი არ მდგარან, არამედ ისეთი არანაკლებ ცნობილი სიცილიელი გროსმეისტერები, როგორებიც იყვნენ ჯუზეპე მასერია, სალვატორე მარანზანო, კარლო გამბინო…
პრობლემა იმაშია, რომ ამ თამაშს, როგორც წესი დაბოლილები თამაშობენ და მის მიმდევრები ე4 ც5-ის მაგიერ შემდეგი დებიუტით იწყებენ გამბინოს გამბიტს - “The World is Yours!”