იყო დრო, როდესაც ქართული კინო მთელს მსოფლიოში ბევრად უფრო სოლიდურად და მაღალხარისხიანად ითვლებოდა, ვიდრე ინდური, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდი პოპულარობის მიუხედავად, მაყურებელს ძირითადად მდარე და დაბალი ხარისხის ფილმებს სთავაზობდა. სამწუხაროდ, დღეს ვითარება კარდინალურად არის შეცვლილი და ამას ისიც ადასტურებს, რომ სახელისუფლებო ტელე–არხები დიდი სიხარულით იუწყებიან, რომ ბოლივუდელი პროდიუსერები ქართველი მსახიობებით დაინტერესდნენ.
საქართველოში ჩამოსვლის სურვილი და ქართველი მსახიობებით დაინტერესება რამდენიმე ინდოელმა რეჟისორმა და პროდიუსერმა გამოთქვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ვერა ქობალია, ინდოეთში ვიზიტის დროს ბოლივუდის პროდიუსერებს, მსახიობებს, კინოსტუდიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
თანამშრომლობა ბოლივუდთან უკვე გადაწყვეტილია. ინდოელი კინოპროდიუსერების და მსახიობების ვიზიტი კი უკვე დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია სად ან როგორი სიუჟეტის ფილმს გადაიღებს ჯგუფი.
პირველი ვიზიტით ბოლივუდის წარმომადგენლები წლის ბოლოს ჩამოვლენ. საქართველოში ინდოელი რეჟისორები ფილმების გადაღებას სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყებენ.