Vendetta

Vendetta

ამ ბოლო დროს მედიის სხვადასხვა საშუალებებით ხშირად იყო საუბარი ოპოზიციის აღიარებული ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან მკვლელობის შესაძლებლობაზე.

ზოგიერთს გადაჭარბებულ ნათქვამად მოეჩვენება, მაგრამ ივანიშვილის მკვლელობა ჩვენი ეპოქისთვის იქნება მე-20 საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ტოლფასი და ვფიქრობ, ამ მოსაზრებას საკმაოდ არგუმენტირებული საფუძველი გააჩნია.

ილია ჭავჭავაძე იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ყველაზე ავტორიტეტული, გონიერი და ორგანიზატორული ნიჭის მქონე ეროვნული ლიდერი, რომელსაც, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, მისი სიკვდილის შემდეგ ანალოგიური მონაცემების მქონე მემკვიდრე არ გამოუჩნდა და ამიტომაც პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების სათავეში აღმოჩნდნენ ანტიეროვნული, კოსმოპოლიტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ძალების ლიდერები, რის შედეგადაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მშენებლობისთვის ისტორიული ეპოქის მიერ ნაჩუქარი შანსი აღნიშნული ძალების უპასუხისმგებლო მმართველობის შედეგად საქართველომ ქარს გაატანა და ადვილად გაეხვია რუსეთის იმპერიის მიერ დაგებულ ბადეში, მაშინ, როცა ანალოგიური პოტენციის მქონე ქვეყნებმა ბალტიისპირეთის, ფინეთისა და ბოლოს პოლონეთის სახით რუსეთის ახლად მოვლენილ და შედარებით სუსტ კომუნისტურ იმპერიასთან სამხედრო დაპირისპირებაში გამარჯვებით შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა.

მე-20 საუკუნის ბოლოს ისტორიის ნებით კვლავაც დავაღწიეთ თავი იმპერიულ წიაღს და აგერ უკვე 20 წელია მივათრევთ დამოუკიდებლობის ჭაპანს, რომელიც ისე მძიმე აღმოჩნდა სატარებლად ხელისუფლებაში მოხვედრილი სამი სხვადასხვა მთავრობისათვის, რომ მათი ასევე უნიათო მმართველობის შედეგად გაუსაძლის პირობებში ჩავარდნილ მოსახლეობას ლამის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნა მოენატროს.

საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიული ფიგურის როლის შესახებ უამრავი თაბახი დაწერილა და ვერავინ უარყოფს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობას ქვეყნის ბედის ჩარხვაში. უდავოა, რომ ქვეყნის შიდა საზოგადოებრივ–სოციალურ გარემოს და მის საზღვრებს გარეთ არსებულ ვითარებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური მოვლენების განვითარებაში, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ აკნინებს პიროვნების პრიორიტეტულ როლს სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართულებების განსაზღვრაში, რასაც ქვეყნისათვის სიკეთე ან ბოროტება მოაქვს.

ამგვარ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რომლის განუსაზღვრელად მაღალ ავტორიტეტს ზურგს უმაგრებს საქართველოში 20-წლიანი გაუგონარი მასშტაბის ქველმოქმედება, რაც კაცობრიობის ყველაზე დიდ სიკეთედ არის აღიარებული. მის სურვილს, რეალური აღმშენებლობისა და კეთილდღეობის გზაზე დააყენოს ქვეყანა, ასევე ამყარებს ის დიდი ფინანსური რესურსი, რაც მას გააჩნია. ამავე დროს, საზოგადოებისათვის უფრო და უფრო დამაჯერებელი ხდება მისი ბუნებრივი კეთილშობილება, ორგანიზატორული ნიჭი და მიზანდასახული მოქმედების უნარი.

თავისთავად ცხადია, რომ ამგვარ ეროვნულ ლიდერთან კანონის ფარგლებში ჩატარებულ არჩევნებში დაპირისპირება ხელისუფლებას დამარცხებისა და ძალაუფლების დაკარგვის რეალურ ასოციაციას უქმნის, ამიტომ ისინი გამოუვალი ალტერნატივის წინაშე დგებიან, ან დიდი მასშტაბით უნდა გააყალბონ არჩევნები, რაც ივანიშვილისადმი მოსახლეობის მასობრივი მხარდაჭერისა და საერთაშორისო საზოგადოების სულ უფრო მზარდი მეთვალყურეობის პირობებში უფრო და უფრო ძნელი ხდება, ან ივანიშვილის, როგორც ხელისუფლებაში შემცილებლის ლიკვიდაცია უნდა განახორციელონ. არის ალტერნატივის მესამე ვერსიაც, კერძოდ, შეეგუონ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ეს ნიშნავს უკანონოდ ნაშოვნი დიდი სიმდიდრისა და თავისუფლების დაკარგვასთან შეგუებას, რაც განპირობებულია იმ მიზანთროპული და უკანონო პოლიტიკით, რაც ხელისუფლებაში თითქმის 10 წლიანი ყოფნის პერიოდში ახორცილებდნენ.

ამიტომ ალტერნატივის მეორე ვერსია იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც მოქმედი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია ცივსისხლიანად მოკლეს, ასევე ნაცრეჟიმის გამორჩეული იდეოლოგიური მოწინააღმდეგე გურამ შარაძე ქუჩაში დაუნდობლად ჩაცხრილეს, ხოლო მისი ვითომ მკვლელობის ამღიარებლის ადგილსამყოფელი დაინტერესებული საზოგადოებისათვის უცნობი რჩება, რომლებმაც პატარკაციშვილის მოსაკლავად ჩეჩენი მკვლელი დაგეშეს, სირთულეს არ წარმოდგენს ივანიშვილის ლიკვიდაციის ორგანიზება და მისი განხორცილება.

პიროვნების მკვლელობისთვის მომართული სახელმწიფო მანქანის ნეიტრალიზება შეუძლებლობის კატეგორიას განეკუთვნება. მსოფლიოს უახლესი ისტორიაც გვასწავლის, რომ ტერორისტულ აქტებს არა თუ სახელმწიფო, არამედ კერძო ინიციატივით შექმნილი ტერორისტული ორგანიზაციებიც კი წარმატებით აწყობენ, რადგან მკვლელობის იარაღის თანამედროვე სახეობათა არსენალი იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ მათ წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას ამ საქმისთვის შექმნილი ძლიერი სახელმწიფო სპეცსამსახურებიც ხშირად ვერ ახერხებენ.

იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილის სიკვდილი, საფუძვლიანი ვარაუდით, ხელისუფლებაში მყოფი ანტიეროვნული, ცრუ ლიბერტიანული მსოფლმხედველობის მქონე გლობალისტურ–მარიონეტული ძალების ხელისუფლებაში კიდევ მრავალი წლით გარანტირებული დარჩენის შესაძლებლობას ქმნის, რაც ქართველი ერის თვითმყოფადობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის რეალური საფრთხის მომცველია, აუცილებელია აღნიშნული პიროვნების სიცოცხლის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება.

კერძოდ, ივანიშვილის სიცოცხლე რომ თავდასხმისგან სრულიად დაზღვეული იყოს, ის ფიზიკურად მუდმივად უნდა იმყოფებოდეს ხელისუფლებისათვის მიუწვდომელ დაცულ ადგილას და თავის თანამებრძოლებს და ხალხს უნდა ესაუბრებოდეს მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით.

მესმის, რომ ლიდერის უშუალოდ ხალხთან ურთიერთობის არქონა საარჩევნო კამპანიის ნაკლია, მაგრამ საზოგადოებას უნდა განემარტოს გასაგებად, თუ რატომ გახდა აუცილებელი ამგვარი მკაცრი უშიშრობის ზომების მიღება.

ვფიქრობ, უკვე ისეთი პოლიტიკური მომენტია, როცა ცოცხალი ივანიშვილი ხელისუფლებისათვის წარმოადგენს დაუმარცხებელ ძალას, ხოლო მისი მოკვლა პოლიტიკურ პროცესებს ხელისუფლების სასარგებლოდ, დიდი ვარაუდით, უკუღმა შემოაბრუნებს.

არსებულ საშიშროებას ყველაზე უკეთ აცნობიერებს თავად ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ქალბატონ ეკა ხვედელიძის განცხადება ამის ნათელი დადასტურებაა, სადაც ის ამბობს, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდება საკუთარი უსაფრთხოების დაცვას, რათა მისი მეუღლის პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავად მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე. მაგრამ იმ ძალებისათვის, რომელთათვისაც ხელისუფლების შენარჩუნება სამკვდრო–სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, ივანიშვილის ოჯახის სხვა წევრების ფიზიკური განადგურებაც არ მიეკუთვნება შეუძლებლის კატეგორიას. მსოფლიო ისტორიას ამის მაგალითებიც ჰქონია. აშშ–ს უდიდესი პოლიტიკური მოღვაწეების ძმები კენედების მკვლელობის გახსენებაც საკმარისია, რომელთა გამოძიებაც დიდ ეჭვებს იწვევს.

ჩემი მოსაზრების გასამყარებლად გავიხსენოთ ირანის პოლიტიკური და სულიერი ლიდერის აითოლა ჰომეინის ბიოგრაფია, რომელიც ირანის შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლავის მიერ გაძევებული იქნა ქვეყნიდან, მაგრამ მაშინდელი ტექნიკურად მწირი საკომუნიკაციო საშუალებების მიუხედავად იგი მაინც ინარჩუნებდა კავშირს საკუთარ ხალხთან და აქტიურად ხელმძღვანელობდა შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ მოძრაობას, რომელიც 1979 წელს ისლამური რევოლუციის გამარჯვებით დასრულდა.

ანალოგიურ პოლიტიკურ ვითარებაზე არის გადაღებული შესანიშნავი ამერიკული ფილმი „ვენდეტა“, რომლის ნიღბებით ამას წინათ თბილისის ქუჩებშიც გამოჩნდნენ ახალგაზრდები. ამ ფილმის მთავარი გმირი ინკოგნიტოდ აწარმოებს ბრძოლას დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ხალხში დიდი ავტორიტეტის მოპოვებითა და ამის საფუძველზე დიქტატურის სრული განადგურებით მთავრდება.

ყოველ შემთხვევაში, განსჯისა და დაფიქრების საფუძველს ნამდვილად იძლევა ქვეყანაში არსებული ის მკაცრი რეალური პოლიტიკური გარემო, რაც ივანიშვილის მკვლელობის პირობებსა და მოტივაციის საფუძვლებს ქმნის. ბიძინა ივანიშვილს კი ქვეყნის მომავლის წინაშე აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა ავალდებულებს, რომ უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდოს საკუთარი სიცოცხლის დაცვას, რომელიც ამჟამად ყველაზე მეტად სჭირდება სამარცხვინო და მჩაგვრელი რეჟიმისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას.