MODUS VIVENDI

MODUS VIVENDI

დღევანდელ საქართველოში ყველაზე უფრო აქტუალური ალბათ„მანქურთიზმის“ თემა უნდა იყოს. რა არის „მანქურთიზმი“ და ვინ არიან „მანქურთები?“

ქართულ ვიკიპედიაში შემდეგს ვკითხულობთ:

„დიდი ყირგიზი მწერლის ჩინგიზ აითმატოვის რომანში “და დღეიყო უფროგრძელი წუთისოფლისა”, მსოფლიო ლიტერატურაში პირველად იქნა გამოყენებული სიტყვა - მანქურთი. ამ რომანში მანქურთი იდეალური მონაა, რომელსაც ყველაფერი დავიწყებული აქვს, პირველ რიგში კი – საკუთარი წარსული, ენა და ისტორია. იგი საკუთარი ბატონის გოშია ძაღლია და მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებს. დღესდღეობით მანქურთი სალანძღავისიტყვა გახლავთ თურქმენულ ხალხებში (ყირგიზეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ა.შ.). ამ სიტყვით მოიხსენიებენ ადამიანს, რომელსაც მშობლიური ენა დავიწყებია, არ ახსოვს არაფერი სამშობლოსთან დაკავშირებული და მთლიანადაა გადაჯიშებული. მანქურთების კატეგორიაში ზემოთჩამოთვლილი ერების ინგლისურად ან რუსულად მოლაპარაკე ის წარმომადგენლები მოიაზრებიან, რომლებსაც მშობლიურ ენაზე გამართული საუბარი უჭირთ და არც თავისი ქვეყნის ისტორია აინტერესებთ“.

რაღაც ძალიან მაგონებს ეს ჩვენ დღევანდელობას, როდესაც ლამის ნახევარი საქართველო მანქურთებად გადაქცეულა. ასე რომ არ ყოფილიყო ვარდების ხელისუფლება რვა წელზე მეტი იბოგინებდა ამ ქვეყანაში?

საბედნიეროდ, „სინათლის სხივიც გამოკიაფდა როგორც იქნა გვირაბის ბოლოს“. თუმცა წინ შეუპოვარი და, შეიძლება, დაუნდობელი ბრძოლაც გველოდეს. გასაგებია, რომ ამ ბრძოლაში მანქურთი სანდო პარტნიორი ვერ იქნება. მით უფრო საშურია ყველა იმ ქართველის გამხნევება, ადამიანის სახე და ღირსება რომ შერჩენია. ამიტომაც მოვუხმე დიდ ადამიანთა აზრებს, ვინაიდან ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

ამ სტატიაში ჩემეულად გამოვიყენე და „ავკინძე“ ისეთ მოაზროვნეთა გამონათქვამები როგორებიცაა: ფ. ლაროფშუკო, ნ. მაკიაველი, გოეთე, ლევ ტოლსტოი, კ. ჰელვეციუსი, ჯ. გოლსუორსი, რ. დეკარტე, დ. იუმი, მარკ ტვენი, კ. კოლტონი, შ. მონტესკიე, ანატოლ ფრანსი, ი. გონჩაროვი, თომას მანი, დ. პეკი, ბენჯამენ ფრანკლინი, პ. კალდერონი, ლუკრეციუსი, უილიამ შექსპირი, რ. ემერსონი, ი. ცშოკე, ვოლტერი, თ. კარლეილი, სპინოზა, უ. ჩენინგი, არისტოტელე, აპულეუსი, ი. ბეჰერი, უ. ჯეიმსი, ივანე პავლოვი, უ. ბეჯეთი, ჯავაჰარლალ ნერუ, ვ. კლიუჩევსკი, ჟან-ჟაკ რუსო და გუსტავ ფლობერი. სულ ცოტაოდენი ჩემი ნააზრევიც დავამატე და ასე გამოვიტანე მკითხველის სამსჯავროზე.

სტატიაში წარმოდგენილი იდეები ერთობ ბანალურ, მაგრამ სამარადისო ჭეშმარიტებებს ეხება. ისეთებს, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება ნამდვილი - ღირსეული ადამიანისა. ცხოვრება, რომელიც სიცოცხლის სინონიმია და არა უბრალო „არსებობა“. იმ ე.წ ადამიანებს კი, რომელებიც მხოლოდ „არსებობენ“ და არ ცხოვრობენ, დიდი მწერლის ი. კუპრინის ცნობილი რომანის სათაურში მოყვანილი სიტყვები შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ - „ცოცხალი გვამი“.

სასწაულების ნამდვილად არ მჯერა. ბევრს არაფერს მოველი, მაგრამ ერთ თანამემულეს მაინც თუ გაუცხოველებს ჩემი სტატია უკეთესი ცხოვრებისათვის ოცნების ხორცშესხმის რეალურობის იმედს, ჩემ მისიას შესრულებულად ჩავთვლი. ერთად-ერთი მანქურთის ადამიანად მოქცევასაც თუ შეუწყო ხელი ჩემმა ნაშრომმა, თავს ნამდვილად ბედნიერად ჩავთვლი.

ბოლოს და ბოლოს სავლეც ხომ გადაქცეულა პავლედ!

ადამიანები არც უსაზღვროდ კარგები შეიძლება იყვნენ და არც უსაზღვროდ ცუდები, ვინაიდან ისინი კი არ იბადებიან, ხდებიან ისეთები როგორებიც არიან. ამიტომაც უნდა იყოს საკუთარი თავით უკმაყოფილება გონიერი ცხოვრების აუცილებელი პირობა. მხოლოდ ასეთი უკმაყოფილება გაიძულებს მუდმივად იმუშაო საკუთარ თავზე. ხომ არავინ მოგთხოვს არასოდეს, იყო გმირი, მაგრამ აუცილებელია იყო ადამიანი.

ადამიანიც არის და ადამიანიც. ბრძენმა ყოველთვის უნდა ირჩიოს დიდ პიროვნებათა მიერ გაკვალულ გზაზე სიარული, რათა ცოტაოდენ მაინც ეზიაროს მათი ცხოვრების ბრწყინვალებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერასოდეს მიაღწევს დიდების მწვერვალს.

როგორ მწარედ ტყუვდება ის, ვისაც ჰგონია, რომ შეუძლია ადამიანების გარეშე ცხოვრება, მაგრამ უფრო მწარედ ტყუვდება ის, ვისაც ჰგონია, რომ მის გარეშე ადამიანები ვეღარ იარსებებენ.

პატივისცემა მოყვასისადმი საკუთარი თავის პატივისცემას ნიშნავს, ვინაიდან მხოლოდ სხვების შენდამი პატივისცემა გაძლევს საკუთარი თავის პატივისცემის უფლებას.

ყოველთვის უნდა ერიდო ისეთ ადამიანს, რომელიც ცდილობს შეარყიოს შენში რწმენა და საკუთარი თავისადმიპატივისცემა. ეს „პატარა კაცუნებს“ სჩვევიათ. ამაღლებული პიროვნებაკი ის არის, რომელიც ყოველთვის შთაგაგონებს, რომ შენც შეგიძლია გახდე დიდი ადამიანი.

სილამაზე ყველგან და ყოველთვის ყველაზე სასურველი „სტუმარია“. ნამდვილად შეუძლია სხეულის სილამაზეს თაყვანისმცემელთა მოზიდვა, მაგრამ მათი შენარჩუნებისათვის სულის სილამაზეა აუცილებელი. ქალს ხომ ერთადერთი საშუალება გააჩნია - იყოს ლამაზი, და ასი ათასი - იყოს მიმზიდველი.

ჭეშმარიტი სიძლიერის მაჩვენებელი მხოლოდ შინაგანი ანუ სულიერი სიხარულის განცდის უნარია. არასოდესაა ადამიანი იმდენად ბედნიერი თუ უბედური, რამდენადაც მას ეს ჰგონია. არანაირი უბედურება არ შეიძლება იყოს იმაზე დიდი, როგორიცაა უბედურებისადმი შიში. ხომ ყველას გვინახავს ხალხი, რომლებსაც ისე სიამოვნებთ მუდმივი ჩივილი გაუსაძლის ცხოვრებაზე, რომ უბედურებასაც კი ეძებენ, ოღონდაც არ დაკარგონ წუწუნის საშუალება! ამიტომაცაა ყველა ადამიანი ვალდებული, იყოს მხოლოდ ბედნიერი. თუ ის უბედურია, თავად არის ამაში დამნაშავე, ამიტომ კეთილიც ინებოს და იმუშაოს საკუთარ თავზე, რათა დააღწიოს თავი გაუგებრობას, უბედურება რომ ჰქვია სახელად.

ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული და არა გარემოებებზე. ჭეშმარიტი ბედნიერება ოცნებისა და მისი ხორცშესხმის უნარია. საკუთარი ძლიერების, დამდეგი სიხარულისა და იმედის რწმენა. უბედურება კი მელანქოლიისადმი მიდრეკილებაა და მეტი არაფერი.

წარმოუდგენელია, იყო ბედნიერი მისი არსის გაცნობიერების გარეშე, ტანჯვის გარეშე ბედნიერებისათვის ბრძოლაში. ვერ იქნები ბედნიერი თუ აკეთებ მხოლოდ იმას, რაც გსიამოვნებს. ბედნიერება სიამაყის შეგრძნებაა მაშინ, როდესაც ურთულეს ბარიერს დაძლევ, ისეთს რომლის გადალახვას შენგან არავინ მოელოდა.

ყოველთვის შეიძლება დაგიდგეს ცხოვრებაში მძიმე წუთები. არ დანებდე! მოუტრიალდი და ზურგი აქციე ყოველივე ცუდს. ყოველთვის გჯეროდეს, რომ უკეთესი ცხოვრებაც დადგება, ისე როგორც ცივ და სუსხიან ზამთარს მოჰყვება ხოლმე თბილი და სურნელოვანი გაზაფხული. ბოლოს და ბოლოს, სიბერეც ხომ არ იდრეკს ხოლმე ხშირად ქედს გარდაუვალი სიკვდილის წინაშე!

არაფერი არ ფიტავს და არ ანგრევს ადამიანს ფიზიკურად და სულიერად ისე, როგორც ხანგრძლივი უმოქმედობა, რასაც როგორც წესი მოთენთილობა მოსდევს. მოთენთილობას კი უძლურება.

ადამიანი მხოლოდ მოქმედებისთვისაა გაჩენილი. უმოქმედობა და სიკვდილი ერთი და იგივეა. ამიტომაც, შეუძლებელია ცხოვრება ძალისხმევის, მსხვერპლის გაღებისა და გაჭირვების გარეშე, ვინაიდან წუთისოფელი სულაც არ არის ბაღი, სადაც მხოლოდ საიმოვნებისა და განცხრომის ყვავილები ხარობს. ამ ბაღში ეკალი და ჭინჭარიც ბლომადაა.

უქმად ცხოვრება და დროის გაყვანა თვითმკვლელობაა. ნუ დაკარგავ დროს. აღრიცხე ყოველი დღე და ყოველი წამი! იყავი მომჭირნე დროის ხარჯვისას. ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სიძუნწე საქებარია.

ნურასოდეს შეუშინდები სიძნელეებს. იმას კი არ უნდა მიაპყრო პირველ რიგში მზერა, რაც ბუნდოვანი და შორეულია, არამედ იმას, რაც „ცხვირწინ“ გიდევს. თუ წარმოიდგენ, რომ რომელიმე საქმის გაკეთება არ შეგიძლია, ის საქმე ვერასოდეს გამოგივა. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ დიდი სიხარული მხოლოდ დიდი შრომითა და წვალებით მოდის. ამოცანა, რომელიც რთული არ არის და რომლის გადაწყვეტა ნებისყოფის სრულ დაძაბვას არ მოითხოვს, საშური ვერ იქნება.

იშრომე, როდესაც მოწყენილი ხარ - ეს ხომ ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა სევდის გასაქარვებლად.

იშრომე და არასოდეს ჩავარდები სასოწარკვეთაში, ვინაიდან მხოლოდ შრომას შეუძლია გიხსნას უსაქმურობის მოსაწყენი სიცარიელისაგან.

იშრომე მთელი ძალითა და ღონით, მაშინაც კი, როდესაც ბედმა გაგიღიმა იმიტომ, რომ „წარმატებებისაგან თავბრუხვევისაგან“ ერთადერთი წამალი შრომაა.

აიძულე შენი თავი, ყოველ დღე აკეთო სწორედ ის, რისი გაკეთებაც არ გიყვარს, რათა გაჭირვება, თუ ის დაგიდგა, მოულოდნელობა არ გახდეს შენთვის.

ისწავლე, აჯობო შენ თავს და იშრომო მაშინაც, როდესაც ყველაზე უფრო მეტად გინდა დასვენება.

ურყევად გჯეროდეს, რომ წარმატება აუცილებლად მოვა შენთან და იყავი გაბედული. უფრო ხშირად ხომ იმას უმართლებს, ვინც გაბედულად მოქმედებს და უფრო იშვიათად იმას, ვინც სულ ყოყმანობს და ეშინია გადაწყვეტილების მიღებისა.

იყავი მომთმენი და შეუპოვარი, ვინაიდანთავის დროზე ყველაფერი მოდისმხოლოდ იმასთან, ვინც შეუპოვარია და მოთმინებითაცაა დაჯილდოებული.

მოთმინება მწარეა, მაგრამ ნაყოფი მისი ტკბილი, ბედისწერის შერბილება კი მხოლოდ შეუპოვრობას ძალუძს.

Amat Victoria Curam (ლათ.)- გამარჯვებას უყვარს ძალისხმევა.