პოპ–პორტრეტები: მარკ ფარნერი – ამერიკული ჰარდ–როკის ლოკომოტივი

პოპ–პორტრეტები: მარკ ფარნერი – ამერიკული ჰარდ–როკის ლოკომოტივი

გასული საუკუნის 60–ების ბოლოს, როკ სცენა გრანდიოზულმა სიახლეებმა მოიცვა. იცვლებოდა მუსიკა, მუსიკალური აზროვნება და რაც მთავარია მსოფლმხედველობა, განსაკუთრებით - ამერიკაში, ვუდსტოკის ფესტივალმა, თითქოს შეცვალა სამყარო, რომლის მიღმა დარჩნენ ჰიპები, ხოლო აქეთ კი უკვე საკმაოდ იერშეცვლილი The Doors, მომსპარი Quicksilver Messenger Service და Jefferson Starship-ად ქცეული Airplane.

პირველ ბრიტანულ შეჭრას, ამერიკაში ძველი კონტინენტის როკ წარმომადგენელთა მეორე პლეადა მოჰყვა და ერთ მშვენიერ დღეს Led Zeppelin–მა და Shocking Blue-მ, უზარმაზარ ქვეყანას, საკუთარი ჯგუფებიც კი დაავიწყა.

უცნაურია, მაგრამ ამ ფონზე იბადებოდა ჯგუფი, რომელსაც მოგვიანებით ევროპაში თითო–ოროლა რადიოსადგური თუ ჩართავდა, მაგრამ სამშობლოში მისი პოპულარობა ძალიან დიდი იქნებოდა.

Grand Funk Railroad სამრეწველო შტატ მიჩიგანის პატარა ქალაქ ფლინტის რკინიგზის შტოა. მაგისტრალი ხიდზე გადადიოდა და შემდეგ კვლავ ძირს ეშვებოდა. ხშირად, მიმავალ მატარებელს სამი გრძელთმიანი ახალგაზრდა აედევნებოდა ხოლმე და ზოგჯერ გადაასწრებდა კიდევაც. ამ დროს მუსიკოსებს სარეპეტიციოში მართალია ქოშინით უწევდათ მისვლა, რაზედაც პროდიუსერი ტერი ნაიტი თითს დაუქნევდა ხოლმე, მაგრამ რა აზრი ჰქონდა. მუსიკოსებმა უბრალოდ არ იცოდნენ, სად დაეხარჯათ ენერგია.

“დროზე, დროზე, დროა დისკი ჩავწეროთ” – გაისმა ერთხელაც სარეპეტიციოში და გაირკვა, რომ თურმე სამთაგან ერთ ყმაწვილს, უკვე სრული მასალა აქვს დაწერილი ალბომისათვის...

ეს ყმაწვილი მარკ ფარნერია, ჯგუფ Grand Funk Railroad–ის გიტარისტი და მომღერალი. Capitol Records–ზე ჩაწერილი სადებიუტო ალბომი On Time კი სრულად ასახავდა იმ ემოციას, რაც ჰიპების შემდგომ ერასთან ერთად, პოსტ–ბიტლურ ეპოქას წარმოაჩენდა და რაც მთავარია იმდენად უკომპრომისოდ, რომ იმ დროის ერთ მუსიკალურ კრიტიკოსსაც კი ვერ ათქმევინებდა ალბომის შესახებ, თუნდაც – არა უშავსო. ბასებით გადატვირთულ ჟღერადობას ამერიკელი მსმენელისათვის მანამდე არგაგონილი საქარხნო სიმძიმე მოჰქონდა. მიუხედავად ამისა ხალხმა იმდენად შეიყვარა კოლექტივი, რომ Grand Funk Railroad–ის ალბომები, შედარებითი კრიზისის პერიოდშიც კი ჩარტების მიღმა არ დარჩენილან.

პირველი ალბომი, რომელიც პრაქტიკულად მარკ ფარნერის შექმნილია, ჯგუფის კონცერტებისათვის საბაზისო ალბომად იქცა „ნაზი“ Heartbreaker-ითა თუ ამგდები გამხსნელი Are You Ready–ით.

ყურადღებას იქცევდა Grand Funk Railroad–ის მძიმე და მოუხეშავი ჟღერადობა, მარკ ფარნერის გამჭოლი და მძლავრი ხმის ტემბრითა და გაუთლელი სოლოებით. ეს არც კალიფორნიულ, არც ნიუ იორკის, ჩიკაგოსა თუ ბოსტონის საუნდს მოგაგონებდათ, არამედ რაღაც ახალს, რასაც ძალაუნებურად ამერიკული ჰარდ როკი უნდა შერქმეოდა. სხვათა შორის ერთ–ერთი წყარო იმასაც იტყობინება, რომ ტერმინი Heavy Metal, Steppenwolf–თან ერთად, პირველად მათი მისამართით იყო გამოყენებული.

Grand Funk Railroad საოცარი პროდუქტიულობით გამოირჩეოდა და არსებობის შვიდი წლის განმავლობაში 13, და აქედან 2 ორდისკიანი ალბომის ჩაწერა მოახერხა.

1971 წლის Live Album, თუ არ ჩავთვლით ჯგუფის მარადიულ საკონცერტო ნომერ – ჩაზ ჩენდლერისა და ერიკ ბარდონის Inside Looking Out–ს, მხოლოდ მარკ ფარნერის რეპერტუარს მოიცავს. საკონცერტო ალბომმა ატლანტისა და ცინცინატის ფესტივალებზე საოცარი გამოსვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მუსიკალურ სამყაროს, უკომპრომისობითა და უსაზღვრო ენერგიით გამსჭვალული, უპირველეს ყოვლისა სასცენო კოლექტივი მოევლინა.

მარკ ფარნერის მუსიკალური ხედვა იზიარებდა ჯაზის, ქანთრის, ბლიუზის საფუძვლებს, მაგრამ არამც და არამც უღრმავდებოდა რომელიმე ამერიკულ მუსიკალურ მიმდინარეობას, არამედ წარმოადგენდა რაღაც ახალს, მანამდე არგაგონილს,ხმაურიანსა და არ გაგიკვირდეთ, იმავდროულად მელოდიურს.

ყოველივე ეს გააერთიანა 1972 წლის ალბომმა A Pluribus Funk. დისკი იხსნება შესანიშნავი როკ’ნ’როლით Footstompin’ Music მარკ ფარნერის ჰამონდ ორგან გაფორმებით, რასაც კონცერტებზეც ახერხებდა, ერთდროულად უკრავდა რა გიტარაზე რიტმს და კლავიშებიანი ინსტრუმენტის პარტიას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს უკვე მომდევნო ალბომ Phoenix–ის ინსტრუმენტული გახსნის საკონცერტო შესრულებისას. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში Grand Funk Railroad–ს უკვე ჰყავდა საშტატო ორღანისტი, ეს კომპოზიცია მის მოსვლამდეა დაწერილი და სტუდიაშიც ჰამონდ ორღანის პარტიას, მარკ ფარნერი ასრულებს. ალბომი Phoenix კი ფარნერის 10 შედევრისაგან შედგება და გარკვეულწილად ფანკისა და ჯაზ როკის ელემენტებს მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ მისი არანჟირებაც შედარებით უფრო მისაღებია მსმენელთა ფართო სპექტრისთვის და აქედან გამომდინარე მოსასმენადაც საყოველთაო და მარტივი.

ამ თვალსაზრისით კი Grand Funk Railroad–ის მწვერვალი უკვე მომდევნო ალბომია – We’re An American Band. ამავე სახელწოდების ჯგუფის უმთავრესი ჰიტი არა ფარნერს, არამედ ჯგუფის დრამერ დონ ბრიუერის კალამს ეკუთვნის. ამან დათვური სამსახური გაუწია კოლექტივს, რადგან 1974 წლის ალბომებიდან მოყოლებული, სუსტდება მარკ ფარნერის წარმმართველი როლი ჯგუფში, რასაც მაგალითად ალბომ Born To Die-ში Love Is Dyin და Dues ტიპის სიმღერები მოჰყვა. ამ უკანასკნელში მარკ ფარნერი ხანგრძლივ და საკმაოდ სახეცვლილ სოლოს უკრავს. მის დაკვრაში უკვე ფიუჟენ გიტარის ელემენტებიც შემოდის, რაც განსაკუთრებით ლამაზად ჟღერს ინსტრუმენტულ კომპოზიციაში Genevieve. უცნაურია, მაგრამ შედარებით „დახვეწილ“ თუ „რაფინირებულ“ Born To Die-ს, აბოლოვებს ჰიპური ელფერის მქონე ლაღ მხედრული სოლოებით დატვირთული Good Things. ასე, რომ Grand Funk Railroad ერთ სიმღერაში მოულოდნელად ჰიპებად იქცნენ!

საკონცერტო ალბომის შემდეგ კოლექტივმა ფრენკ ზაპას პროდიუსირებით კიდევ ერთი ალბომი ჩაწერა მადლიანი სახელწოდებით „კარგი სიმღერა, კარგი დაკვრა“. ალბომი მარკ ფარნერის შესანიშნავი სიმღერით Going To A Pastor ბოლოვდება. მძლავრ ჰარდ როკულ ინსტრუმენტულ საუნდს შესანიშნავად გასდევს გემოვნებით ნამღერი ვოკალ პარტია. სიმღერას კი ხანგრძლივი სოლო აბოლოვებს, რომელიც ძალიან ნელა ჩუმდება და დაუსრულებელი სიმღერის ეფექტს ჰქმნის.

მარკ ფარნერი მომავალში მართლა წავიდა პასტორთან და ქრისტიანად მოინათლა. ჯგუფი კი დაიშალა და მუსიკოსსაც რაიმე ღირებული სოლო ალბომებში აღარ შეუქმნია.

აღნიშნვის ღირსი ისევ 1997 წელს კოლექტივის ხელახალი აღდგენაა. Grand Funk Railroad–მა ძველი მასალა უკვე ახალი ჟღერადობით ჩაწერა, რაც განსაკუთრებით ეფექტურად თანამედროვე მსმენელისათვის ჟღერს. სტუმრის სტატუსით სცენაზე აქ შესანიშნავი გიტარისტი პიტერ ფრემპტონიც გამოჩნდა, მაგრამ ყველაზე მთავარი Grand Funk ტრიოსი და კვარტეტის რეპერტუარების გაერთიანებაა, Are You Ready-ითა და Some Kind Of Wonderfool–ით, Paranoid-ითა და The Locomotion-ით, Time Machine-ითა და Rock’n’Roll Soul-ით. კონცერტის დაბოლოვება Loneliness-ის გრანდიოზული ვერსიაა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მსმენელს კი დასრულებისთანავე ერთგვარი სევდა ეუფლება, რადგან „რეიუნიონს“ არ მოჰყოლია ახალი ალბომი, ან თუნდაც რამდენიმე სიმღერა.

Grand Funk Railroad 21–ე საუკუნის დასაწყისშიც სხვადასხვა ცნობილ მიწვეულ მუსიკოსებთან ერთად შეკრებილა, მაგრამ ამას დიდი აზრი არც ჰქონია. მუსიკას ფარნერი, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად სცილდება და ძირითადად რელიგიითაა დაინტერესებული. როგორც ჩანს, გასული საუკუნის 70–იანების ეპოქასთან იმდენად იყო შესისხლხორცებული მისი მუსიკალური ხედვა, რომ აზროვნებით ისევ იქაა დარჩენილი და ფერმაში მუშაობისას, თუ ველზე გასეირნებისას ხშირად ახსენდება ციცნცინატის განუმეორებელი ფესტივალი...