როგორ შეგვიძლია დავახასიათოთ მომღერალი, რომელიც არც ხმის ტემბრის სიძლიერით, არც სილამაზით, არც მუსიკალურობით გამოირჩევა და მიუხედავად ამისა, თანამედროვე პოპ შოუ ბიზნესის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია? ოზი ოსბორნზე გიჟდებიან არა მარტო როკ მუსიკის მოყვარულები, არამედ როკისგან აბსოლუტურად განყენებული ჟანრების საკმაოდ ღრმააზროვანი წარმომადგენლებიც, რომელთათვისაც როგორც ჩანს უპირველეს ყოვლისა მისაღებია ოზისგან ყველასაგან განსხვავებული ქცევა, იქნება ეს სცენაზე, თუ მის მიღმა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოზი ყველას უყვარს. მეტიც, ცოტა ადამიანს ვიცნობთ, ვისაც უყვარს „დიოს Black Sabbath“ და ამავე ჯგუფში ოზის ხმის გაგონებაზე ცუდად ხდება?!
ოზი მაინცდამაინც დიდი პლასტიკურობითა და ზოგადად როკ მომღერლისათვის დამახასიათებელი მიხვრა–მოხვრითა, თუ მოძრაობებით არ გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, იგი უკვე ორმოც წელიწადზე მეტია, რაც როკ–სამყაროს ყურადღების ცენტრშია მოქცეული და მუსიკოსის ნებისმიერ ახალ ნამუშევარს, საზოგადოება მოუთმენლად ელის.
ოზი დღესდღეობით კვლავ ლეგენდარულ Black Sabbath–ში ირიცხება, რომელიც კონცერტებს მართავს სამშობლოში და ახალ სტუდიურ ალბომზე – Iron Man მუშაობს. ალბომი ალბათ ივარგებს, რადგან ტონი აიომი რაღა ამ სიბერეში შერცხვება, მაგრამ იგივეს გაკეთება და ვინძლო უკეთ, კოლექტივს 1998 წლის გაერთიანების დროსაც შეეძლო, როდესაც ისინი ორად ორი, მაგრამ საოცარი ახალი სიმღერის Psycho Man და Selling My Soul ჩაწერით შემოიფარგლნენ. მაშინდელ საკონცერტო ალბომში კვარტეტი უცვლელი სახით იყო წარმოდგენილი, ახლა კი დრამერ ბილ უორდს Black Sabbath –ის ამჟამინდელმა პროდიუსერმა და ოზი ოსბორნის მეუღლე ედიტ შარონმა დაბალი ანაზღაურება გამოუწერა და ამ უკანასკნელმაც განაწყენებულმა დატოვა კოლექტივი.
ვერ გეტყვით, რამდენად მართებული იყო ქალბატონი შარონის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ მან 1979 წელს არამარტო დაიხსნა ლამის ბომჟად ქცეული გალოთებული ოზი ოსბორნი ლონდონის რომელიმე საკანალიზაციო არხში ცოცხალ–მკვდრად გდებისაგან, არამედ საფუძველი ჩაუყარა ყველა დროის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ჰარდ ენდ ჰევი სოლო პროექტს Blizzard Of Ozz, რა სახელწოდების ალბომიც სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ მოევლინა როკ სამყაროს.
ალბომამდე კი გრანდიოზული სამუშაო ჩატარდა. ოზიმ წვერი გაიპარსა და ჯგუფის წევრების მოგროვებას შეუდგა. მომავალი მეუღლე ნიჭიერ მუსიკოსს აზრზე მოსვლისა და დინჯად მუშაობის საშუალებას აძლევდა. იმ დროისათვის, ოზის სახელი საბედნიეროდ მივიწყებული არ ყოფილა, ჰარდ–როკ სცენა კი მაინცდამაინც ახალი იდეებით ვერ დაიკვეხნიდა. ჯგუფები ძირითადად იდეურ კრიზისს მოეცვა და ცნობილი მუსიკოსები სხვა ჯგუფებში გადასვლას სულაც არ თაკილობდნენ. ოზის ახალი კოლექტივის მთავარ “ვარსკვლავად” Uriah Heep–ის დრამერი ლი კერსლეიკი იქცა, მალე მას გვერდი რიჩი ბლეკმორის Rainbow–დან ალბომ Long Live Rock’n’Roll-ში – ბასისტმა ბობ დეისლიმ დაუმშვენა, ხოლო გიტარისტად კი 17 წლის ტალანტი – რენდი როუდსი იქცა, რომლის გამოცდაც უჩვეულოდ სწრაფად დასრულდა. ოზი ზუსტად იმ დროს მისულა სტუდიაში, როდესაც საოცრად ტექნიკური ყმაწვილი, საკუთარ რეპერტუარს აცნობდა იქ მყოფთ. ოზის მაშინათვე განუცხადებია, რომ „გიტარისტი ნაპოვნია და კასტინგი დასრულებული“...
ალბომი Blizzard Of Ozz საკმაოდ მრავალფეროვანი და არაერთი კლასიკური როკ კომპოზიციის გამაერთიანებელი აღმოჩნდა. მომავალი გვიჩვენებს, რომ მომღერლის უკანასკნელი 30 წლის რეპერტუარის უმრავლესობა, სათავეს სწორედ ამ ალბომში იღებს და რომ ნამუშევარი დღესაც თანამედროვედ ჟღერს.
ალბომს ომახიანი I Don’t Know ხსნის რენდი როუდსის კლასიკური, მისივე დანერგილი 80–ების ტიპური ტექნიკური სოლოთი და ულამაზესი ლირიკული მომენტით, რაც ოზის კომპოზიტორული ტალანტის დამსახურებაა. მეორე სიმღერა საყოველთაოდ ცნობილი Crazy Train გახლავთ, რომელიც დღემდე ოზი ოსბორნის ნებისმიერ კონცერტზე სრულდება. მომდევნო რეპერტუარიდან კი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი Mr. Crowley–ია, რომლის ცნობილი საორღანო შესავალი არა ჯგუფის მეხუთე წევრ, იმ პერიოდში Rainbow–დან წასულ და დღესდღეობით Deep Purple–ს კლავიშებიან ინსტრუმენტზე შემსრულებელ დონ ეირის ეკუთვნის, არამედ რომელიღაც მის კოლეგას, რომელმაც კასტინგზე ვერ გაამართლა...
ალბომმა ხასიათით Black Sabbath –ის Technical Ecstasy-ის ხასიათი განავრცო, რამდენად უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს იმავე პერიოდში გამოსულ „დიოს Black Sabbath“–ის Heaven & Hell-თან ერთად. ამიტომაც ამ ორი ალბომის შემდარებელთათვის ძალიან კარგი იქნება, თუ მათ ერთიმეორის მიყოლებით მოუსმენენ. ასეთი მსმენელი მაშინათვე დარწმუნდება როკ – მუსიკის უხილავი – ნათესავური ჯაჭვების არსებობაში, მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება სრულიად მეტალ მუსიკის სამყაროს უმთავრეს დონორ Black Sabbath–ს, რომლის გავლენას როგორ შეიძლება რომ თავად ამ ჯგუფის შემქმნელნი თავიანთივე სოლო პროექტებში არ განიცდიდნენ...
ეს ორი ალბომი გვამცნობს, რომ ამ ქვეყანაზე შემთხვევითი არაფერია და ზოგჯერ ცვლილებებიც სასიკეთოა. ოზი Black Sabbath–დან რომ არ წასულიყო, მას თითსაც ვერვინ დააკარებდა, Never Say Die –ს ტიპის ალბომის შემდეგ, ჯგუფი რამდენიმე წელს თუ იარსებებდა, მერე კი აუცილებლად დაიშლებოდა. თავის მხრივ ვერც „დიოს Black Sabbath“–ს მივიღებდით, რომელზეც აეწყო რონი ჯეიმს დიოს ბრწყინვალე სოლო კარიერა და ვერც ოზი ოსბორნის შესანიშნავ ჯგუფს, რომლის უმნიშვნელოვანეს წარმმართველ ძალად გიტარისტი რენდი როუდსი იქცა. საუბედუროდ მუსიკოსს დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, მაგრამ მის დანატოვარ გიტარ სოლოს ხელწერაზე ოზი ოსბორნის მომდევნო გიტარისტების მთელი პლეადა გადაეწყო.
მომდევნო ალბომებში დაკრული ჯეიკ ლისა, თუ ზაკ უაილდის გიტარ სოლოები ძალაუნებურად ავრცობენ რენდი როუდსის დაწყებულ ხაზს, რადგან Crazy Train-ისა, თუ Mr. Crowley–ის სოლოები იმპროვიზაციას არ ექვემდებარება, ხოლო გიტარის პარტიები განსხვავებულ სტილში რომ იკვრებოდეს ერთსა და იმავე ჯგუფის სხვადასხვა სიმღერებში, არ შეიძლება. სიცხადისათვის, სტივ მორსი გაცილებით თავისუფლად გრძნობს თავს Deep Purple–ში, რადგან ბლეკმორის სოლოები იმპროვიზაციას ექვემდებარება და მორსსაც უადვილდება საკუთარ სიმღერებში დაკრული სოლოებისა და Highway Star-სა, თუ Black Night-ში საკუთარი ხელწერით დაკრული სოლოების კონცერტებზე ერთმანეთზე მორგება და ერთიანი ხასიათის შექმნა.
გარკვეულწილად რენდი როუდსის ჩრდილში ყოფნა ყველაზე დიდხანს კიდევ ერთ შესანიშნავ გიტარისტ – ზაკ უაილდს მოუწია. ოზი ოსბორნის მასთან ერთად ჩაწერილი ალბომებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ალბათ 1991 წლის ალბომი No More Tears გახლავთ, ამავე სახელწოდების მრავალგადასვლიან, ზოგჯერ ბანალური, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ მისაღები მომენტებით აღსავსე კომპოზიციით, რომელიც კოლექტივის საკონცერტო ჰიტად იქცა.
ამ ალბომის გამოსვლის შემდეგ, 20 წელიწადზე მეტი გავიდა. ოზის ზოგჯერ
ერთფეროვნებაშიც ადანაშაულებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ნებისმიერი პერიოდის ჯგუფში, საუკეთესო მუსიკოსებია თავმოყრილი. აქედან გამომდინარე, ვეტერანი როკ მენი სტაბილურად იწერს მაღალი კლასის ალბომებს, რომლებიც შესაძლოა Blizzard Of Ozz–ისა თუ Bark At The Moon-ის მსგავსად, ციდან ვარსკვლავებს აღარ წყვეტენ, მაგრამ გარკვეულ დონეზე ქვემოთ არ ჩამოდიან.
ოზიმ მსმენელთა და თაყვანისმცემელთა რაოდენობა, ყოველწლიურ მეტალ Ozzfest–ითაც მოიმრავლა და როკ მუსიკის უკვე ორი თაობის მოყვარულთა წინაშე, როკის დიდი პარანოიდის სინდისი აბსოლუტურად სუფთაა. მის ოფიციალურ დისკოგრაფიას ხომ არაერთ სოლო ალბომთან ერთად, Black Sabbath–ში ჩაწერილი 8 სტუდიური ალბომიც ამშვენებს. მოარული პარანოიდისა და ალბომ Paranoid–ის ურთიერთკავშირზე, მოდით სხვა დროს ვისაუბროთ.