ალბათ იშვიათია თანამედროვე შოუ-ბიზნესში ისეთი ხელოვანის აღმოჩენა, რომლის შესახებაც წლების განმავლობაში თანაბარი სიმპათიით საუბრობენ მუსიკოსები, მუსიკალური პრესის წარმომადგენლები, მსმენელები, თუ კიდევ პოპ მუსიკასთან მაინცდამაინც კავშირში არმყოფი ადამიანები, რომელთაც უბრალოდ ყური მოჰკრეს ლამაზი ხმით ნამღერ სასიამოვნო მელოდიას.
ასეთია პოლ როჯერსი, რომლის ხმაც ყოველთვის განსაკუთრებული სიმშვიდის მომტანი და სასიამოვნოა როკ მუსიკის მსმენელის ყურისათვის. ამას დაამატეთ უაღრესად მელოდიური რეპერტუარი და მიიღებთ სრულყოფილ პორტრეტს ჭეშმარიტი როკ ვოკალისტისა, რომლის ხელწერაც ალბათ ახლოსაა პოპ-მუსიკალურ სრულყოფილებასთან...
სწორედ ამიტომაცაა, რომ წლების განმავლობაში მის გადაბირებას არაერთი ცნობილი როკ-ჯგუფი ცდილობდა, რომელთაგან სრულიად საკმარისია, ჯიმ მორისონის გარდაცვალების შემდეგ - The Doors–ისა და, იან გილანის წასვლის შემდეგ - Deep Purple–ის ხსენება...
პირველი შეთავაზების საპასუხოდ პოლ როჯერსი 1971 წელს Free–ს ხელახლა, ხოლო მეორისა კი – Bad Company–ის შეუერთდა. მომავალში მომღერალი ერთ ძალიან დიდ ჯგუფში მაინც აღმოჩნდა, მაგრამ ეს ალბათ უფრო ეპოქის შინაგანი გამოძახილი იყო, რადგან Bad Company–ისა და Queen–ს ერთად უწევდათ იმის მტკიცება, რომ 60–იანების მეორე ნახევრის როკ-ჯგუფების ადგილზე მათი დამკვიდრება, სულაც არ ნიშნავდა არწივების ქვეყანაში ყვავების გამეფებას...
პოლ როჯერსის თავდაპირველი პოპულარობა კი ჯგუფ Free–ს ორ ფსიქოდელიურ ბლიუზ–როკულ ალბომს – Tons Of Sobs და Free უკავშირდება, სადაც იგი შესანიშნავ გიტარისტ პოლ კოსოვთან, დრამერ საიმონ კირკთან და ბას გიტარისტ ენდი ფრეზერთან ერთად გამოდიოდა. უდიდეს კომერციულ წარმატებას როჯერსმა სწორედ რომ ამ უკანასკნელთან თანაავტორობაში მიაღწია, შექმნა რა ეპოქალური გამამხნევებლი ჰიტი – All Right Now. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ეს სიმღერა მრავალმა სხვადასხვა მუსიკოსმა და თანაც არა როკმენმა (მაგ. კრისტინა აგილეირა) გადაამღერა, ალბომი Fire And Water სხვა სიმღერებითაც დასამახსოვრებელი გამოვიდა და უპირველეს ყოვლისა ბას–გიტარის პარტიით გამორჩეული Mr. Big–ით, რომლის საპატივცემულოდ მომავალში ამავე სახელწოდების მატარებელი ჯგუფიც კი შეიქმნა.
ამ ჯგუფის მომღერალი (და გიტარისტი) რიჩი კოცენი კი აღნიშნავს, რომ პოლ როჯერსმა მის ვოკალისტად ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა იქონია. იგივეს ამბობენ დევიდ კოვერდეილი და ჯო ლაინ ტერნერი, ჯიმი ბარნსი და ჯო ბონამასა, ერიკ მარტინი და ფრედი მერკური...
როკ–მუსიკის მსმენელის პოზიციიდან გამომდინარე, პოლ როჯერსი გამორჩეული მხოლოდ როკ–მომღერლობის თვალსაზრისითაცაა. თვითმყოფადობით კი იგი ლამის მიკ ჯაგერსაც შეიძლება უტოლდებოდეს, თუმც The Who–ს როჯერ დოლტრის, მის სულიერ მამათაგან ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ.
Bad Company-ში პოლ როჯერსმა დაარსების დღიდან 10 წელიწადი გაატარა Free–ის მედოლე საიმონ კირკთან, Mott The Hoople-ს გიტარისტ მიკ რალფსთან და King Crimson-ის ბასისტ ბოზ ბარელთან ერთად. რეპერტუარი იმდენად მელოდიური იყო და Led Zeppelin–ის მენეჯერ პიტერ გრანტის კიდევ ერთი შვილობილი იმდენად უმტკივნეულოდ აგვარებდა გვიანი 70–იანებისა, თუ 80–იანების დასაწყისის კომერციულ მიდგომებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომ ეს ყველაფერი, თითქოს დაუსრულებლად შეიძლებოდა გაგრძელებულიყო... მაგრამ არა – 1982 წლის ალბომიდან Rough Diamonds, მხოლოდ გამხსნელმა სიმღერამ Electricland ივარგა, მერე კი კოლექტივმა დაშლა, თითქოს ალბომის მეორე სიმღერიდანვე დაიწყო და რომ არა პოლ როჯერსის შესანიშნავი ხმის ტემბრი, რომელიც, სხვათა შორის, სიმძლავრით არასოდეს გამოირჩეოდა, მთლიანობაში დისკის მოსმენა, უბრალოდ აზრს დაკარგავდა. აქ უკვე ნამდვილად გამოჩნდა, რომ წარსულს ჩაბარდა ხუთი შესანიშნავი სტუდიური ალბომისაგან შემდგარი Bad Company–ის წარსული...
წინ კი იყო 80–იანების პრობლემატური შუა პერიოდი, რომელსაც პოლ როჯერსი ღვთის განგებით სცენაზე შემოქმედებით კრიზისში მყოფ ჯიმი პეიჯთან ერთად შეეგება. პეიჯს Led Zeppelin–ის დაშლის შემდეგ პირველად გადაეწყვიტა, რომ ცხოვრება გრძელდება და საჭიროა ახალი ალბომების ჩაწერა.
დუეტმა „ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“–ს პრინციპით ორი სტუდიური და ერთიც საკონცერტო ალბომი ჩაწერა, რომლის დადებითად შეფასებას ან მხოლოდ პეიჯისა და როჯერსის შეულახავი რეპუტაცია, ან 1985–1986 წლების როკ სამყაროს ფანტაზიის უაღრესი სიმწირე, ან ეს ორივე ერთად უწყობდა ხელს. საკონცერტო ალბომი კი Everybody Needs Somebody To Love-მ გააკეთილშობილა, სადაც პოლ როჯერსი ჯაგერზე მეტად, რობერტ პლანტს ემსგავსება. პროექტი The Firm ალბათ მოსალოდნელზე უფრო გვიან დაიშალა და პოლ როჯერსისთვისაც ჯიმი პეიჯთან გატარებული წლები მაინცდამაინც ნაყოფიერი ვერ გამოვიდა.
ამიტომაც, წარსულში Free–ისა და Bad Company–ის ვარსკვლავმა რეპერტუარში ბლუზური საფუძვლების განმტკიცება განიზრახა და 1993 წლის ალბომ Muddy Water Blues: A Tribute to Muddy Waters–ში, გიტარისტთა თანავარსკვლავედს მოუხმო ბრაიან მეის, დევიდ გილმორის, ჯეფ ბეკის, ბადი გაის, სტივ მილერის, ტრევორ რებინის, რიჩი სამბორას, სლეშისა და ბრაიან სეტზერის შემადგენლობით. ალბომმა გამოაცოცხლა ბრიტანეთში როგორც ბლიუზით თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ ხელახალი დაინტერესება, ასევე მუსიკოსის ლიდერობა ჩარტებში, რაც პოლ როჯერსს 1979 წლის შემდეგ აღარ ღირსებია.
გარდა იმისა, რომ როჯერსი ამ პერიოდის სოლო ალბომებში ყოველთვის უმაღლესი კატეგორიის მუსიკოსებითაა გარემოცული, თავადაც დიდი სიამოვნებით ქედს იხრის სულიერი მამების წინაშე და მიჩ მიჩელისა და ბილი კოქსის კომპანიაში მონაწილეობას ღებულობს ჯიმი ჰენდრიქსის სამახსოვრო ბენდ The Cry Of Love–ში, სადაც გიტარის პარტიებს ბადი გაი და ჯო სატრიანი ასრულებდნენ.
იქამდე როჯერსმა საიმონ კირკთან პარტნიორობით Bad Company აღადგინა და ძველი სიმღერებისაგან შემდგარი დიდებული საკონცერტო ალბომიც გამოსცა, რომელიც ახალმა სიმღერამ Joe Fabulous-მა დაამშვენა. Joe Fabulous გარდა იმისა, რომ ბრიტანული კლასიკ როკ რადიოების ჰიტ პარადებს ჩაუდგა სათავეში, კრიტიკოსებმა წლის მეინსტრიმ როკ კომპოზიციადაც სცნეს და ამით პოლ როჯერსს 21–ე საუკუნეშიც წარმატებული მუსიკოსობა უწინასწარმეტყველეს...
პოლ როჯერსის თანამედროვეობის ყველაზე გახმაურებულ მოვლენად კი ბრაიან მეისთან და როჯერ ტეილორთან ერთად ზემოთ მოკლედ ნახსენები პროექტი Queen+Paul Rodgers შეგვიძლია მივიჩნიოთ. კონცერტის ხილვისას მსმენელი მაინცდამაინც ვერ კმაყოფილდება ფრედი მერკურისათვის შექმნილ რიგ სიმღერათა როჯერსისეული შესრულებით. მერე კი ყური თანდათანობით ეჩვევა და საბოლოოდ გაგრძნობინებს, რომ უმჯობესია მშვიდად მოუსმინო და გაიხსენო შენი ბავშვობისა, თუ ახალგაზრდობის ლამაზი წლები და თავი იმითაც დაიმშვიდო, რომ ვერც ფრედი მერკური იმღერებდა All Right Now–ს პოლ როჯერსის დონეზე...
ან კი რა საჭიროა, როდესაც ყველას აქვს საკუთარი და სათანადო ადგილი დამკვიდრებული ნახევარსაუკუნოვან როკ–სცენაზე, მომღერლები ერთმანეთს ბაძავდნენ და ემსგავსებოდნენ. მთავარია, რომ თავად პოლ როჯერსის ხელწერაა უცვლელი და მისი რეპერტუარის გამგონი კაცი ყოველთვის იტყვის, რომ „ყველაფერი კარგადაა“ და ამის დამადასტურებლად ალბომ Fire And Water–საც მოიშველიებს.
ჯგუფ Mr. Big-მა კი სამახსოვრო ალბომში ბილ შიჰანის ენდი ფრეზერისეულობისაგან საკმაოდ დაშორებულ ბას–გიტარ–სოლოს, მომღერლად ამ სიმღერის ავტორი – პოლ როჯერსი დაუმეგობრა, რომლის ხმას დღესდღეობითაც არ დაუკარგავს ახალგაზრდული მუხტი და როკ–ვოკალის ესთეტიკა. ამიტომაც, ეტყობა, რომ პოლ როჯერსი სამომავლოდ კიდევ არაერთ საინტერესო სტუდიურ, თუ ლაივ ალბომს გვპირდება...
ამის განხორციელებაში მომღერალს უკვე მერამდენედ აღდგენილი Bad Company დაეხმარება, რომლის 2008 წლის Reunion ამერიკის შტატ ფლორიდაში ერთადერთი კონცერტით აღინიშნა. კონცერტის ამსახველი DVD კი Led Zeppelin-ის ერთდღიანი სცენური ვოიაჟისაგან განსხვავებით, როკ მუსიკალურმა საზოგადოებამ იხილა და იმთავითვე ერთხმად აღნიშნა, რომ It’s All Right Now&helli