უკვე ერთი თვეა, ქართული საზოგადოების ფეშენ-ფეშენ წრეებს და უბრალო მოკვდავებს ენის წვერზე უტრიალებთ ქართველი მომღერლის ნინა წკრიალაშვილის გვარ-სახელი. მითქმა-მოთქმა ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესის ამ წარმომადგენლის ფოტოობიექტივის წინაშე გაშიშვლებამ გამოიწვია. ნინას ნახევრადშიშველი სურათები ეროტიკული გამოცემა „პლეიბოის“ ქართულ ვერსიაში დაიბეჭდა.
ახალგაზრდა ქალბატონს შიშველი სხეულის გამოჩენის გამო ზოგი განაქიქებს, ზოგი კი საქციელს უქებს და გაშიშვლებას გმირობაშიც უთვლის. თავად მომხიბვლელი ნინაც გმირობად მიიჩნევს თავის საქციელს. ისე, რაც ამ მომღერალმა შალვა ნათელაშვილის მიერ აჭარელ ლუი დე ფიუნესად წოდებულ კობა ხაბაზთან დუეტში იმღერა, მხოლოდ ჟურნალის ფურცლებზე გაშიშვლებაღა დარჩენოდა და ამ ნაბიჯზეც თამამად წავიდა.
ძვირფასო მკითხველო, ამ წერილში არ მოვყვები იმის განსჯას, მოიქცა თუ არა სწორად მომღერალი წკრიალაშვილი, შეეფერება თუ არა მისი საქციელი ნამდვილ ქართველ მანდილოსანს, ეწინააღმდეგება თუ არა ეს ჩვენს მენტალიტეტს, ემსახურება თუ არა ნინას შიშველი ფოტოები მოზარდი თაობის გარყვნას და უბიძგებს თუ არა მათ არაჯანსაღი საქციელისაკენ... ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს და, ვგონებ, არც თქვენთვის იქნება მაინცდამაინც თვალსასეირო, მითუმეტეს, რომ ამ ყველაფრის შესახებ ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ „რეაქციაში“ ჯონდი ბაღათურიათი დაწყებული და ვახუშტი კოტეტიშვილით დამთავრებული, ლამის ორი საათი მსჯელობდნენ ე.წ. საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები.
მთავარი ის კი არ არის, ნინა წკრიალაშვილი მოიქცა თუ არა კარგად ან არის თუ არა მისი შიშველი სხეული ხელოვნების ნიმუში, არამედ, საგანგაშო და სავალალო ის არის, რომ ოთარაანთ ქვრივის, თავსაფრიანი დედაკაცის, ლელა ბაჩლელის, მაია წყნეთელის, თინა წავკისელის, ბოლოს და ბოლოს, შუშანიკისა და ქეთევან დედოფლის საქართველოში იმაზე მსჯელობით იტყავებენ ენას, არის თუ არა გმირი ნინა წკრიალაშვილი, რომელმაც ტანზე გაიხადა.
რაშია საქმე? რატომ სცალიათ ამაზე სალაქლაქოდ ქართველებს და რატომ ეთმობათ ამის გასარჩევად საკმაოდ სოლიდური საეთერო დრო ავტორიტეტიან ქართულ ტელევიზიებს? ალბათ, იმიტომ, რომ დაკომპლექსებულია ქართველი ერი. დაკომპლექსებულია არა იმიტომ, რომ შიშველი სხეულის გამოჩენა საქართველოში დღემდე გმირობად ითვლება, არამედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტი გმირები, მათ შორის, გმირი ქართველები აღარ ჰყავს საქართველოს.
დიახ, იმ საქართველოში, სადაც ერთ დროს გასაჭირში ჩავარდნილი სამშობლო იყო გმირთა ვარამი, დღეს უკუნი და წკვარამია. არ ჩანან ამ მწკვარამში გმირები და, როგორც კი ნინა წკრიალაშვილის ქათქათა მკერდმა გამოანათა ამ წკვარამიდან, მაშინვე გმირად გამოაცხადა იგი მავანმა და მავანმა!
ეეეჰ, სადამდე მივსულვართ, თურმე! ამ საქართველოში, სადაც დედა ახალშობილ შვილს სანაგვეზე გადასაგდებად იმეტებს ან ქმრისგან ფულის გამოძალვის მიზნით ქართველი ქალი ვიგინდარებთან ერთად საკუთარ შვილს გაიტაცებს, ისედაც ვიცოდი, რომ ცუდად იყო ჩვენი საქმე და ქართველ ქალს გმირობას ვერანაირად მოვთხოვდით, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ იმ დონემდე ვიყავით მისული, რომ იმ ქალის გმირობა-ანტიგმირობის გასარჩევად ავილესავდით ენას, რომელსაც კობა ხაბაზთან დუეტის ჩაწერისა და გაშიშვლების გარდა, არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისათვის.
ამ ქვეყანას ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი ჰყავდა, მაგრამ შიშველი გმირები არ ჰყოლია არასდროს!
„გმირთა ვარამი“ დაიწერა ამ ქვეყანაში, სადაც გმირთა წკვარამია ახლა!
სანამ ამ წკვარამიდან ნამდვილი გმირები არ გამოანათებენ, მანამდე ათასმა ნინა წკრიალაშვილმა „პლეიბოის“ ფურცლებზე კი არა, პირდაპირ რუსთაველის გამზირზე რომ გაიხადოს, ათჯერ დაჯდება სამსჯელოდ უგმირო საქართველო და გაშიშვლებული წკრიალაშვილ-ბზრიალაშვილების გმირობა-არაგმირობაზე იკამათებს.