ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ამბავი თავად მიშა მაჭავარიანმა არც კი იცის და მხოლოდ დღეს შეიტყობს. ორი წლის წინათ სამგორის მაჟორიტარობა, უფრო სწორად, ერთი კორპუსის ხმები ფარულმა თაყვანისმცემელმა ქალბატონმა რომ „გაუშანსა“.
მოკლედ, პოლიტიკიდან პირდაპირ გადავდივარ „ლაითზე“, რადგანაც მერე ვინმემ არა თქვას, ასეო და ისეო, და ამბავს მოგიყვებით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს ისტორია ასივე პროცენტით რეალურია, რადგანაც თავად მიშას უცნობმა თაყვანისმცემელმა მიამბო.
იმ კვირას, როცა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, არჩევნებზე წასვლას კორპუსის თითქმის არც ერთი სრულწლოვანი მაცხოვრებელი არ აპირებდა. ამ ადამიანმა ამომრჩეველის „დაყოლიების“ ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა: მოგეხსენებათ, ქართველებს ჭამა-სმა და ლხინი როგორ გვიყვარს და როგორც ამბობენ, დიდი საქმეებიც სწორედ სუფრაზე წყდება. ჰოდა, მიშიკოს თაყვანისმცემელმა სასწრაფოდ, დილაუთენია ცხვარი იყიდა, ღვინოც „გააძრო“ და გადაწყვიტა, კორპუსის წინ სუფრა გაეშალა და ყველა მეზობელი დაეპატიჟა.
მოკლედ, შეიკრიბნენ ოჯახის ბურჯები, ცხვარი გაამზადეს და დაიწყო „ჭამა-სმა დიდად შესარგი“. დაახლოებით ერთ საათში, ექვსიოდე ჭიქის შემდეგ, სუფრის ინიციატორმა ერთი შეაპარა თანამეიხეებს - დღეს არჩევნებია, ხმა ხომ უნდა მივცეთ ვინმეს, აბა, ჩვენი ხმები ვიღაცამ რატომ უნდა მიითვისოსო. ორი ჭიქის შემდეგ ეს ტექსტი ისევ გაიმეორა, ოღონდ აგიტაცია-პროპაგანდით გაამდიდრა და დაახლოებით ორ საათში ყველა მზად იყო, საარჩევნო უბანში წასულიყო და ხმა ერთადერთი კაცისთვის მიეცა. ასეც მოიქცნენ, ოჯახის ბურჯებმა დანარჩენ წევრებზეც მოახდინეს ზეგავლენა და აბა, ყველა არჩევნებზეო, დაიძახეს. დაირაზმა მთელი შეზარხოშებული მეზობლობა და ასე მოუტანა ერთმა ცხვარმა დაახლოებით 350 ხმა მიშა მაჭავარიანს. აბა!!!