ნანუკას კეზერაშვილი „პატრონობს“?!

ნანუკას კეზერაშვილი „პატრონობს“?!

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების დიდ ნაწილს ღვაწლი დაუფასეს, მათ სხვადასხვა უწყებებისკენ გზა გაეხსნათ და გაჩინოვნიკების დიდი შანსიც მიეცათ. ამათ რიცხვს ცოტა ხნის წინათ ნანუკა ჟორჟოლიანი შეემატა, რომელიც სულ ახლახან ნატოს საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელად, ანუ „პიარშიკად“ დაინიშნა. როგორც „ქრონიკამ“ შეიტყო, ჟორჟოლიანის კარიერის აღმავლობაში „ლომის“ წვლილი, თურმე, არც მეტი და არც ნაკლები, თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს მიუძღვის.

„ქრონიკა“ კომენტარისთვის „დაწინაურებულ“ ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა:

გილოცავ ახალ თანამდებობას. რეკომენდაცია მართლა კეზერაშვილმა გაგიკეთათ?

-რეკომენდაცია კი არა, სამსახური შემომთავაზა. „კეზერა“ ჩემი მეგობარია, 5 წელია, რაც ვიცნობ და ჩემი შესაძლებლობებიც კარგად იცოდა. შემოთავაზება „კეზერამდეც“ მქონდა, მაგრამ ამას დათანხმდი.

რატომ, ყველაზე უკეთესი ვარიანტი იყო?

-უკეთესი არა, საინტერესო. ნატოს ბიუროს ხელმძღვანელობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც აქტიურობას, ენერგიულობას და საზოგადოებასთან ურთიერთობას მოითხოვს. ნატოს მუშაობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და ახლა რომ ჩავიხედე, ვფიქრობ, ჩემს შესაძლებლობებს აქაც გამოვავლენ.

რატომ შეაჩერა კეზერაშვილმა თქვენზე არჩევანი, აქტიური და ნიჭიერი ჟურნალისტების დეფიციტი საქართველოში ნამდვილად არ არის, მეგობრობამ ხომ არ გადაწონა?

-ყველაფერმა ერთად იქონია გავლენა.

როგორც ამბობთ, ამ საქმეში პიონერი ხართ და ექსპერიმენტების ჩატარება ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე რამდენად მიზანშეწონილია?

-მეც,როგორც ჟურნალისტს, გკითხავთ, როგორ გგონიათ, ჩემი ხასიათიდან, გამოცდილებიდან და აქტიურობიდან გამომდინარე, თავს ვერ გავართმევ? „პიარი“ ხომ, ძირითადად, სულ მობილიზებას, ხალხთან ურთიერთობას და პროგრამების გაცნობას მოიცავს?

წესით, უნდა შეძლოთ. თუმცა, ყველაზე უკეთ საკუთარი შესაძლებლობა თავად უნდა შეაფასოთ?

-მიმაჩნია, რომ მოვახერხებ... ამ თანამდებობაზე ასევე კარგი კანდიდატურა იქნებოდა დავით ნიკურაძეც.

ხელფასი უკვე დაგინიშნეს?

-შტატშიც ამიყვანეს და 1600 ლარი ხელფასიც დამინიშნეს.

ბევრია ნიჭიერი ჟურნალისტი, გამოცდილიც, აქტიურიც, თუმცა, მაღალანაზღაურებადი და ნორმალური სამსახურის შოვნა მაინც ჭირს. აღიარე, რომ ფორტუნა ნამდვილად გიღიმის.

-ასეა.