პოლიტიკური ბატალიებისა და მუშტი-კრივის გარდა, ჩვენს დეპუტატებს კომიკური მომენტებიც ქონიათ. სიცილი სულაც არ იყო პარლამენტისთვის უცხო. ვის რა კურიოზი დაამახსოვრდა 1999-2003 წლების პარლამენტიდან?
პარლამენტარ კობა ამირხანაშვილს ჰყვარებია იარაღი და სახლშიც ბევრი ჰქონია, ჰოდა მისი კურიოზიც ამ საგანს უკავშირდება: „ხომ გახსოვთ ინციდენტი, რჩეულიშვილს თავი რომ გაუტეხეს? შემოიღეს ძალიან მკაცრი რეჟიმი. ბურჯანაძის დაცვასაც კი ანიარაღებდნენ. მაგრამ მე მაინც შემოვდიოდი იარაღით. ძალიან მთხოვეს და რომ არ ჩამეგდო უხერხულობაში ჩემი მეგობრები, „კაროჩე“, ერთ იარაღს ვაბარებდი და ორი ჯიბეში მედო. მერე ჟურნალისტებმა „ჩამიშვეს“, მაგრამ მანდ მოხდა კიდევ სხვა რამე საინტერესო, ვიცოდი, რომ ერთ დეპუტატს ჰქონდა გართულება, ახლა გვარს და სახელს არ ვიტყვი, მოკლედ, სპეციალურად მოვიტანე ის პისტოლეტი, კაფსულებს რომ ისვრის, ნაღდისგან ვერ განასხვავებ. ერთი სიტყვით, ნაღდი იარაღი ქვემოთ დავტოვე, ვიცი ახლა, რომ ჩემზე უნდა მოხდეს „თავდასხმა“. დაცვასთან გაწევ-გამოწევაა, იარაღი გვაჩვენეო, მეც დავაძრე და მივუშვირე: გაგინგრევთ შუბლს-მეთქი, კინაღამ ჩაისვარეს ერთ მომენტში, როცა „ტკაც“ გავადინე და ბურთულა დაბლა გავარდა. მე ვუთხარი, თქვე გოიმებო, ყველაფრის როგორ გეშინიათ-მეთქი.
ირაკლი ბათიაშვილმა კოლეგა დეპუტატების თავაშვებულობას ფარდა ბოლომდე ახადა და ერთი კურიოზი გაიხსენა:
-საგაზაფხულო სესიის ბოლო დღე იყო, მახსოვს, გვიან ღამემდე იყო რაღაც საკითხების განხილვა. ეტყობა, იმდენად გადაღლილები იყვნენ ზოგიერთი ჩემი კოლეგები, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, რომ თან მოშივდათ, თან მოსწყურდათ. მოვიხედე უკან და ვხედავ, რაღაცა პატარა „ზაკუსკა“ აქვთ მოტანილი, სუნიც მეცა, საკმაოდ მაღალი ხარისხის სასმელი იყო, თუ არ ვცდები, ვისკი. მოდიო, მეძახდნენ, მაგრამ მე არ შევუერთდი. ცოტა იქით გადავჯექი. მერე, მოღალატეო - მეძახდნენ. თვითონ კარგ ხასიათზე იყვნენ. დიდი ჟივილ-ხივილი იყო. უცბად მოიყარეს თავი სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა, რომლებიც გამეტებით აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ ერთმანეთს. მაგრამ იქ სრული იდილია სუფევდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა კოლეგების რეპუტაცია დაიცვა და დაგვარწმუნა, მსგავს შემთხვევას ერთადერთხელ ჰქონდა ადგილიო. თან ისიც დაამატა, რომ მიპატიჟება არც მან მიიღო. თავად გიგი წერეთელმა ზართან დაკავშირებული კურიოზი გაიხსენა. ცნობისათვის: ზარის რეკვა მთავარი იარაღია სპიკერისთვის დეპუტატების დარბაზში მოსახმობად. ჰოდა, ერთ-ერთ სხდომაზე, როცა წერეთელი აქტიურად რეკავდა ზარს, დეპუტატები შემოსვლის მაგივრად მასობრივად გადიოდნენ დარბაზიდან. ვიცე-სპიკერმა კოლეგებს ასე მოუწოდა: „ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს სკოლის ზარი კი არ არის, რომლის დროსაც უნდა გახვიდე“.
-ეტყობა, ეს ზარი მათში აღძრავდა ძალიან სასიამოვნო ბავშვურ და სკოლის დროინდელ ასოციაციებს. ამიტომ შევთავაზე: მოდით, ზარს დავანებებ თავს და სირენას დავაყენებ-მეთქი.
ვიცე-სპიკერმა მეორე კურიოზიც გაიხსენა. ვახტანგ რჩეულიშვილმა თვითნებურად რომ დაიკავა სპიკერის სავარძელი, როცა სხდომა ელდარ შენგელაიას უნდა წაეყვანა. გიგი წერეთელი მოგვიანებით აპირებდა მისვლას, როცა მანქანის რადიოში ჩხუბი ჩაესმა: „თქვენ ვინ მოგცათ სხდომის წაყვანის უფლება“, „ჩამოდით ტრიბუნიდან“, „მე თქვენ გაჩვენებთ, წესრიგს ახლავე დავამყარებ“ და ა.შ. ამ წივილ-კივილში დაბნეულმა ვიცე-სპიკერმა მანქანა სასწრაფოდ მოაბრუნა და პარლამენტისკენ გაეშურა. მთელ ამ გაუგებრობაში ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ რჩეულიშვილი აცხადებდა, გიგი ავად არის, ალბათ, ერთი-ორი წელიწადი ვეღარ მოვა პარლამენტში, მე აქ უნდა ვიყო და უნდა გასწავლოთ ჭკუაო. ამ ამბავში იყო რჩეულიშვილი, როცა ხმალამოღებული გიგი წერეთელი დარბაზში შევარდა, სიტყვებით: „არ მელოდით ხომ!“ დარბაზში ტაში გაისმა, მთავარ სოციალისტს კი დიდად არ გახარებია მოვლენების ასე განვითარება და „პოსტის“ დატოვება.
პარლამენტარმა სანდრო ბრეგაძემ კობა ამირხანაშვილის ცუღლუტობის ამბავი გაიხსენა:
-ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, ღამის 3 საათი იყო, მიკროფონები დაიკარგა. როდესაც მივიდა, აღარ მახსოვს, გია ბარამიძე თუ კობა დავითაშვილი სასაუბროდ, მიკროფონები აღარ იყო. ნუ, ქალბატონი ნინო აღშფოთდა, დაიწყეს მიკროფონების ძებნა, მერე, როგორც გაირკვა, კობა ამირხანაშვილის წაღებული იყო.
აი, გურამ შარაძე კი კოლეგა დეპუტატების მიბაძვამ ცუდ დღეში ჩააგდო. როგორც გაირკვა, ის არ სვამს კონიაკს, ყავას და არ ეწევა სიგარეტს. ერთ პატივცემულ საზოგადოებაში, უფრო ზუსტად კი - პარლამენტის ბანკეტზე, სადაც უცხოელებიც იყვნენ, როგორც თავად პარლამენტარი ამბობს, კარგ ტონად ითვლებოდა ამ ყველაფრის ერთად მიღება, სთხოვეს, თავი არ მოგვჭრა, ამ ერთ დღეს მაინც დაარღვიე ტრადიცია, შემოგვიერთდიო. ჰოდა, შარაძემაც „გაწირა“ თავი, მაგრამ „ვაი, შენს გურამს, ნახევარ საათში გავიშხლართე“. ოღონდ სად, დეპუტატს არ დაუკონკრეტებია. ასე ძვირად დაუჯდა თავის მოჩვენება - ქართველები „სვეტსკები“ და ნამდვილი ევროპელები ვართ.
ადამიანის უფლებათა დამცველ ნანა ბიჭიაშვილს თავს გადახდენილი კურიოზები კოლეგა თამაზ გიორგაძეს უკავშირდება. აი, ერთი მათგანი: როდესაც ისინი ჯანდაცვის კომიტეტში ერთად მუშაობდნენ, იყო ასეთი ტრადიცია - დღესასწაულებზე „ფართებს“ აწყობდნენ. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ნანა ბიჭიაშვილმა უარი თქვა და საოჯახო საქმეები მოიმიზეზა. „დავიწყე დილას ყველაფერი ერთად, სადილს ვაკეთებ, იქ რაღაცას ვრეცხავ. რეკავს ტელეფონი: ქალბატონო ნანა, ზურაბ ჟვანიას მისაღებიდან გირეკავთ, თუ შეგიძლიათ და თუ დრო გაქვთ, ბატონ ზურაბს უნდა თქვენთან საუბარი. ნუ, ახლა პარლამენტის თავმჯდომარეა. ვიცვამ და სასწრაფოდ გავრბივარ. თორმეტ საათზე ვარ დაბარებული, არ შემიძლია დაგვიანება. პაემანზეც კი ადრე მივდიოდი თავის დროზე. თორმეტს აკლია ათი წუთი. ჟვანიას მისაღებში ახალგაზრდა ბიჭი ზის, მეც დავჯექი. ვფიქრობ, ნეტა სახეზე მცნობს თუ არა. გახდა 12 საათი. ეს ბიჭი არაფერს ამბობს, არც მე. ტელევიზორს ვუყურებთ. გახდა პირველის ათი წუთი. ბოლოს როგორც გაირკვა, ბატონი ზურაბი თბილისში საერთოდ არ იყო, წინა დღეს გაფრენილიყო შტატებში და ათ დღეში იქნებაო. აღმოჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებიდან არც არავის დაურეკავს.
დერეფანში მიმავალ გაბრაზებულ ნანა ბიჭიაშვილს თამაზ გიორგაძე შეხვდა, უთხრა, რაც გადახდა და სთხოვა, იქნებ მანქანით გამიყოლოო. როცა მანქანიდან გადადიოდა, მაშინ უთხრა გიორგაძემ - რომ არ წამოხვედი, წადი ახლა და აკეთე სადილები და ალაგე სახლიო.
იმ დეპუტატებს შორის, კი, ვინც ერთი სახალისო ამბავიც ვერ გაიხსენა, არიან: ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელიც თურმე კურიოზების ნაკლებობას არ უჩივის, სასაცილო კი არ ახსენდება. ელგუჯა მეძმარიაშვილს კი ცხოვრებისეული კურიოზები იმდენი ჰქონია, პარლამენტი რა მოსატანია.
ისე კი, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს იყო კურიოზებით უხვი პარლამენტი.