კაცმა ყველაფერი უნდა ჩაიწეროს. ყოველი დღე ერთი სიტყვით მაინც უნდა შევიდეს ბლოკნოტში, რადგან მერე გავა წლები, დაგჭირდება ოდესღაც ნანახის, გაგონილის თუ თავს გადახდენილის ზუსტად გახსენება. დაგჭირდება, მაგრამ ...
ვერაფრით ვიგონებ რომელი წელი იყო, ან ვის ხვდებოდა იმ დღეს „დინამო“. იქნებოდა ასე 1979, 1980 ან 1981. მეტოქეც რაღაც ისეთი იყო, არც ძალიან ძლიერი და არც ძალიან სუსტი, მოკლედ არც „სპარტაკი“ და არც კიევის „დინამო“. რაღაც მოშახტიორო, მოლოკომოტივო გუნდს ვეთამაშებოდით. აღმოსავლეთ ტრიბუნის მეორე იარუსზე ვიჯექი.
„უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ , რა! ნაღდად ასეა. აფსუს მიშკა. ამას მაშინ ვინმე ათამაშებდა“ - აღრიალდა ზედა რიგში, ზუსტად ჩემს ზურგს უკან მჯდომი კაცი.
ნერვები დამაწყდა, მამისტოლა კაცს, თანაც აღელვებულს რა ვუთხრა, ხომ არ ავუყვირდები. მეხსიერებაში ჩამრჩა მისი შავი ტყავის პლაშჩი. მზიანი დღე იყო და ყველა ღილი გახსნილი ჰქონდა. გრძელ ცხვირა იყო. მელოტ თავს გვერდიდან ნასესხები თმა უფარავდა და ყვიროდა.
რა შუაშია მიშკა. მიშკა გარემარბი იყო. მათ ერთდროულად რომც ეთამაშათ მაინც არ იქნებოდნენ შესადარებლები. ამდენი აღარ ესმის?! - ავდუღდი ჩემთვის.
მერე ვინ არის კატა! არა, ვინ არის მეთქი კატა! ბრმა ხომ არ ხარ დალოცვილო, წლების განმავლობაში ფეხბურთზე გივლია, კარგის და ცუდის გარჩევა ვერ უნდა ისწავლო?
ვზივარ და შინაგანად ვთუხთუხებ. არადა, ხომ ვიცი, რომ გაიტანს, ნაღდად გაიტანს და მერე მე ავღრიალდი. ავღრიალდები კიდეც 15 წუთში, ავღრიალდი და მერე როგორ.
გოლ! ესე! მაგარი ხარ! ძალიან მაგარია ეს კაცი! გოლ!... და ვინ იცის კიდევ რა, აკი ვთქვი არ ჩამიწერია-მეთქი. ისე ვღრიალებდი ის კაცი დავაყრუე.
მართლა ძალიან მაგარი იყო, ოღონდ მის გამო ხშირად ავდუღებულვარ. რაც მოვყევი ყველაზე მკაფიოდ დამამახსოვრდა, თორემ რაღაც ამდაგვარ მდგომარეობაში სხვა დროსაც აღმოვჩენილვარ. ორს ისეთს გაიტანდა, რომ... ერთსაც ისეთს ააცილებდა რომ...
მაგრამ ერთი უდავო იყო, ის რომ აცილებდა იმ პოზიციიდან, ბევრი დარტყმასაც ვერ მოახერხებდა. არა, გენიოსი არ ყოფილა, მაგრამ საუცხოო თავდამსხმელი იყო. ჰქონდა საგანგებო ალღო და სხარტი დარტყმა. რა მახსენდება რამაზ შენგელიას რომ ახსენებენ? რა და ბურთთან ორწამიანი და ან სულაც ერთი შეხება და უეცარი გოლი. ცხონებული გიგა ნორაკიძე იგონებდა, როგორ დააწყებინა დიდ სარბიელზე თამაში. ეს ქუთაისის „ტორპედოში“ მოხდა, სანამ რამაზს „დინამოში“ წამოიყვანდნენ.
დაიწყო სეზონი და ნორაკიძე ყოველ ტურში ჯიუტად ათამაშებს უცნობ ახალგაზრდას, რომელსაც გოლი ვერ გააქვს. გავიდა ერთი შეხვედრა, ორი, სამი, ხუთი...
-მას არავინ აგინებდა. შენი გამომყვანიო, ჩემზე იძახდნენ - ხუმრობდა ბატონი გიგა.
რიცხვს ვერ დავასახელებ, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ დაახლოებით მერვე ტურიდან შენგელიას ფეხი ტყვიამფრქვევივით ამოქმედდა. გოლი, გოლი, გოლი, ზედიზედ, ზედიზედ...
და რამაზი თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს.
-ბრძენი ახალკაცი თავიდანვე ატყობდა ყველაფერს - მრავალმნიშვნელოვანი ჟესტი გააკეთა ნორაკიძემ, ახალკაცის სიდიდეს გაუსვა ხაზი.
თუ დამიჯერებთ, ცხოვრებაში ერთადერთხელ ვუქომაგე საბჭოთა კავშირის ნაკრებს. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგახსენებთ, უფრო სწორედ მის ერთ მატჩზე, საბჭოთა გუნდისთვის პირველზე. იმ დღეს „ჩვენები“ ბრაზილიას შეხვდნენ.
ნუ დაგვავიწყდება, რა გუნდი იყო მაშინ ბრაზილია. ეს იყო ტელე სანტანას ნაკრები, შემტევი, ბურთის ხავერდოვანი გათამაშებით და ისეთი ვარსკვლავებით, როგორებიც გახლდნენ ზიკო, სოკრატესი, ფალკაო... მათი დარტყმული ბურთი უჩვეულო ტრაექტორიით მიფრინავდა კარისკენ. ისინი ამხტარნიც ათვინიერებდნენ მას და წამის დაუკარგავად პირდაპირ შემდეგ მოძრაობაზე გადადიოდნენ. ის გუნდი ჩემპიონი რატომ ვერ გახდა, სხვა თემაა.
და აი, ასეთ მოწინააღმდეგესთან ქართველი ფეხბურთელებით სავსე საბჭოთა ნაკრები პირველ ტაიმს დიდებულად თამაშობს. რამაზ შენგელია კი ერთ ეპიზოდში, მარცხენა კუთხურთან მისთვის არცთუ ჩვეული ფინტებით ჯობნის რამდენიმე მოწინააღმდეგეს.
იმ შეხვედრაში შენგელიას ნაღდი გოლიც არ ჩაუთვალეს.
რამაზმა მეორე თამაშში შოტლანდიას გაუტანა. ის საერთოდ ქართველთათვის დაუვიწყარი შეხვედრა გამოდგა, მაგრამ მე საბჭოთა გუნდს აღარ ვქომაგობდი. მე ქართველებს ვუჭერდი მხარს. შოტლანდიელებს 10:9 რომ მოეგოთ და ცხრავე გოლი ჩვენს ბიჭებს გაეტანათ, გამიხარდებოდა.
დაახლოებით ასეც მოხდა, თამაში 2:2 დამთავრდა და ორივე გოლი ქართველებმა, ალექსანდრე ჩივაძემ და რამაზ შენგელიამ გაიტანეს. თან, საგანგებოდ გასახარი ის იყო, რომ მართალია მეტოქემ ანგარიში ჩივაძის ფეხის დაცდენის გამო გახსნა, მაგრამ ჩივაძემ თავად გაქვითა და მერე, როგორც ვთქვით, რამაზმა შეაგდო.
ახლაც არ გამნელებია გრძნობა, რომელიც მაშინ დამეუფლა. ისეთ ფორვარდს, როგორიც რამაზ შენგელია იყო, ესპანეთის სტადიონებზე გაცილებით შესამჩნევი კვალის დატოვება შეეძლო.
მწვრთნელთა ტრიუმვირატიო, ბესკოვი, ლობანოვსკი და ახალკაცი ერთადო. ჯანდაბასაც წაუღია საბჭოთა ნაკრები, მე რამაზზე და ბიჭებზე დამწყდა გული.
კაცი, რომელიც ორჯერ გახდა იმ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელშიც მჯობნის მჯობნად უმალ კარობოჩკას ან კაზაჩონოკს დაასახელებდნენ, ოღონდ ქართველი არ დაესახელებინათ, ადვილი მისახვედრია, რა კლასის ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო.
მაშინ ხშირად გაიგონებდით ყიფიანი და მისი პასი რომ არ იყოს, შენგელია ვერაფერს გახდებოდაო. ყიფიანი რომ არ ყოფილიყო, დარასელია რომ არ ყოფილიყო, ჩივაძე რომ არ ყოფილიყო, გუცაევი რომ არ ყოფილიყო...
აბა იმავე ყიფიანს კითხეთ, რა სამუშაოს ასრულებდა შენგელია უბურთოდ?! გულშემატკივრის ამბავი ხომ იცით, თვალი ბურთიანი კაცისკენ გაურბის (მითუმეტეს, როდესაც ეს ბურთიანი კაცი ყიფიანი, გუცაევი, დარასელია ან ჩივაძეა), ხოლო ამ დროს სხვა რას აკეთებს შეუმჩნეველი რჩება.
ვიცი, ხალხს ნიძლავი მოუგია. ერთს უთქვამს შენგელიას ყიფიანი ბურთს ფეხზე დაასკუპებს და მერე გატანას რაღა უნდაო, მეორე შეპასუხებია, ეგრე არ არისო. დანიძლავებულან და სტადიონზე მისულები საგანგებოდ შენგელიას დაკვირვებიან.
ნიძლავი იმას მოუგია, მეორეს.
ბურიაკის და შენგელიას დუეტი გახსოვთ? ლეონიდ ბურიაკი კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი და რამაზ შენგელია თბილისის „დინამოდან“. ისინი სხვადასხვა ფეხბურთს თამაშობდნენ. კიევში ძალისმიერ ფეხბურთს განუზომლად დიდ პატივს სცემდნენ ვიდრე თბილისში, ჩვენთან კი მოთამაშეთა ფანტაზიას ეყრდნობოდნენ მეტად.
მიუხედავად სრულიად განსხვავებული სკოლებისა, ბურიაკმა და შენგელიამ საბჭოთა კავშირის ნაკრებში საუცხოოდ აუღეს ერთმანეთის სტილს ალღო. ბურიაკი პასების დამრიგებელი კაცი იყო, შენგელია გოლების გამტანი. ჩააწოდებდა ბურიაკი, გამოხტებოდა შენგელია და ბურთი მეტოქის კარის ბადეს ზღვის ტალღასავით ააღელვებდა.
მაგრამ დათოს პასით რამაზის გატანილი სხვა იყო.
ეხლა, არ იფიქროთ, რომ რაღაც ამერია... 1981 წელს, თასების თასის ნახევარფინალში, თბილისში „ფეიენოორდთან“ ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა როგორ ესმოდა რამაზს დათოსი და დათოს რამაზის. შენგელიას ყიფიანისკენ არც გაუხედავს, ისე გაეშურა იქითკენ, სადაც ალღომ უკარნახა და ყიფიანმაც, მართლაც მილიმეტრების სიზუსტით დასვა ბურთი იმ ადგილას, სადაც მის მეგობარს სჭირდებოდა.
„ფეინოორდთან“ რამაზს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ეპიზოდი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ბევრი გოლიც კი ამოაგდო გონებიდან.
გულშემატკივარ კაცს რა ვუთხარი, რომ უნდა იკამათოს, თორემ რა სათქმელია ყიფიანი რომ არ ყოფილიყო შენგელია რას იზამდა და შენგელია რომ არ ყოფილიყო ყიფიანი ვის მიაწვდიდა პასს. ყიფიანი და შენგელია ერთმანეთს ავსებდნენ და ერთად ქმნიდნენ იმ საოცრებას სამოცდაათიანი წლების ბოლოსა და ოთხმოციანების დასაწყისის „დინამო“ რომ ერქვა.
რამაზ შენგელიას პოპულარობა საქართველოს ფარგლებს ცდებოდა - ასეთი ფრაზა სადმე რომ წამეკითხა, ჩავთვლიდი, რომ ავტორმა დაწერა ის, რაც უნდა დაეწერა. ასე წერენ ხოლმე საერთოდ კაცზე, რომელიც უნდათ, რომ შეაქონ, მაგრამ ახლა თავად ამას ვამბობ, რადგან...
1991 წლის ზაფხულზე საქართველო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა აღარ იყო, თუმცა ფიფა ჩვენი ფედერაციის წევრად მიღებას არ ჩქარობდა. არადა ჩვენში უკვე არსებობდა ნაკრები, რომელსაც ამხანაგური შეხვედრები, წვრთნა და შეთამაშება ჭირდებოდა. ამ ნაკრებს სათავეში გიგა ნორაკიძე ედგა, რამაზ შენგელია კი გუნდის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. მაშინ მოლდოვამ მიიპატიჟა ქართველები. ნაკრების პირველ სტუმრობას (მანამდე თბილისში საქართველო ლიტვას შეხვდა) ჟურნალისტთა კარგა მოზრდილი ჯგუფიც ვესწრებოდით და სწორედ მაშინ შევესწარი იმას, რამაც ახლა შენგელიას პოპულარობის შესახებ ერთი შეხედვით ძალიან გატკეპნილი ფრაზა მათქმევინა.
მაშ ასე, 2 ივლისი, კიშინიოვი, მოლდოვასა და საქართველოს ეროვნული გუნდების ფეხბურთელები თამაშის წინ ხურდებიან. სტადიონის გამომცხადებელი შემადგენლობებს ასახელებს. ქართველი ფეხბურთელების დასახელების შემდეგ იგი გუნდის ხელმძღვანელებს აცნობს გულშემატკივრებს და რატომღაც შენგელიას არ ახსენებს.
მართალი გითხრათ, არც მივაქცევდი ამ ამბავს ყურადღებას, ჩემს გვერდით მჯდომი ერთი კიშინოველი გულშემატკივარი რომ არა.
-კი მაგრამ, იქ შენგელია არ არის? - მეკითხება.
წარმოიდგინეთ, ჩვენ სათადარიგოთა სკამების გადაღმა, მოპირდაპირე ტრიბუნაზე, თითქმის ბოლოში ვსხედვართ. იქიდან კაცმა შესაძლოა ბიძაშვილი ვერ იცნოს, მითუმეტეს ძნელია იმ კაცის ცნობა, რომელიც შენიანი კი არ არის, არამედ ისაა, ვინც შენს ქალაქში ერთი-ორჯერ გინახავს (მე შენ გეტყვი „ნისტრუ“ სულ უმაღლეს ლიგაში იყო, რომ შენგელიას ყოველ წელიწადს იქ ევლო) და ძირითადად ტელევიზორით იცნობ. თან წლებია გასული. ის მოსუქებული და ცოტა შეცვლილია.
-ჰო, შენგელიაა - ვპასუხობ.
-ის შენგელიაა, რამაზი, არა?
სწორედ, ის შენგელიაა, რამაზი, საბჭოთა კავშირის პირველობებზე ასზე მეტი გოლის ავტორი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ნათამაშევი და გოლის შემგდები, თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ-ის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი.
ის შენგელიაა, რომელიც საჯარიმო მოედანზე უეცარ ნახევარბრუნს გააკეთებდა და შეუჩერებელი დარტყმით ბურთს კარისკენ უმოკლეს გზას აპოვნინებდა.
ის შენგელიაა, რომელიც მისკენ ტყვიასავით მომავალ ბურთს თავს ოსტატურად დაახვედრებდა და თვალის დახამხამებაში სტადიონს უშველებელ ემოციას ამოაფრქვევინებდა.
ის შენგელიაა, რომელსაც ბავშვობის მწვრთნელმა კარლო ხურციძემ აუხსნა, რას ნიშნავს ნამდვილი თავდამსხმელი. რომ ნამდვილ თავდამსხმელს გოლი უნდა სწყუროდეს და ნიადაგ კარში დარტყმაზე ფიქრობდეს. რომ მთავარია გოლი და სულერთია რითი გაიტან მას, თავით, ჭვინტით, ქუსლით თუ ტერფით.
ილია ბაბუნაშვილი