პარლამენტის ანტიკორუფციულმა კომისიამ ერთწლიანი მუშაობის შედეგები წარმოადგინა.
ამ ხნის განმავლობაში მათ ათი საკითხი გამოიძიეს. გიორგი ბარამიძემ აბსოლუტურად ყველა შეკითხვას დამაჯერებელი ტონით უპასუხა, მხოლოდ გიორგი ბიჭაშვილის კითხვას, თითქოს ვერ გაიგოო, გვერდი აუარა.
- აბსოლუტურად ყველა დანაშაულს პრეზიდენტის რეზოლუცია ადევს. რატომ ითვლება ეს ყველაფერი მარგიანი-ფაცაცია-ზანკალიანისთვის და სხვათათვის მაქინაციად, პრეზიდენტისთვის კი - ქვეყნის ხსნად? - იკითხა დეპუტატმა.
კომისიამ მართლაც უზარმაზარი მუშაობა გასწია - შედეგი? მხოლოდ ის, რომ რამდენიმე გვარი დავასახელოთ? - დაინტერესდა ქალბატონი ნესტანი.
ბარამიძე კი ფიქრობს, რომ ამ რამდენიმე პიროვნების სამაგალითო დასჯით სხვა თანამდებობის პირები ასე თავხედურად აღარ მოიქცევიან.
ბარამიძე მართალია, ასე თავხედურად ნამდვილად აღარ მოიქცევიან - თანამდებობის პირებმა ხომ ჭკუა ისწავლეს. პირდაპირ საკუთარი ხელით აღარაფერს აკეთებენ, პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფების სახით ლობი შეიძინეს და მათთვის სასურველი ნორმატიული აქტების მიღებასაც აღწევენ.
გვარებს რაც შეეხება, დეპუტატთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მათი დასახელება უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაა. ვაი და, სასამართლომ ისინი გაამართლოს, მერე რაღას შვრებიან? მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ შელახულ ღირსებაზე ამ ადამიანებს მაშინ უნდა ეზრუნათ, როცა ქვეყანას ჭამდნენ, საზოგადოებას კი უფლება აქვს მათი „საგმირო საქმეების“ შესახებ სრული წარმოდგენა ჰქონდეს.
კორუფციის კომისიამ ძირითადად თანამდებობაზე არმყოფ პირთა დანაშაულობები გამოიძია. თუმცა, ბარამიძე ამას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მისი ხელი დღეს მოქმედ ფიგურებსაც შეეხო. ამის მაგალითად კი მან ფინანსთა ყოფილი მინისტრი, დავით იაკობიძე დაასახელა. იაკობიძესთან დაკავშირებით, ოთარ მელქაძემ მოსწრებულად იხუმრა - მინიმუმ შვიდი მილიარდი ზარალი უნდა მიეღო ქვეყანას, რომ კაცმა პრეზიდენტის თანაშემწეობას გამოკრა ხელიო.
სხვათა შორის, კორუფციის კომისიამ დაადგინა, რომ რემი ვაშაკიძემ წინა პარლამენტის დეპუტატთა ჩარევით ჩაიდინა დანაშაულობები. ბარამიძეს მათი დასახელება არ სურს, ვინაიდან საქმის ძიება ჯერაც გრძელდება. შალვა ნათელაშვილმა კი გამაფრთხილებელი ტონით განაცხადა, თუ დროზე არ მივხედეთ, რკინიგზის დეპარტამენტში ისეთი ამბები დატრიალდება, რემი ვაშაკიძის დრო მოგვენატრებაო.
ვახტანგ რჩეულიშვილი კი ფიქრობს, რომ კორუფციის კომისიაში უმრავლესობას „მოქალაქეები“ წარმოადგენენ, რაც ძალიან ცუდია: მხოლოდ ის საკითხები წამოიწევა, რაც პარტიას არ ეხება.
-მოქალაქეთა კავშირი კორუმპირებულია! - ბრალს სდებს სოციალისტთა ლიდერი. ზურაბ ჟვანიას კი მობეზრდა მისი პარტიის წაღმა-უკუღმა მოხსენიება და სოციალისტებსაც იგივე ბრალი წაუყენა - ჩვენ მმართველი პარტია ვართ, მაგრამ გადავხედოთ, ვის უფრო ბევრი წარმომადგენელი ჰყავს საბაჟოზე და ბაზრობებზე - მოქალაქეთა კავშირს, თუ სოციალისტურ პარტიას?
რჩეულიშვილმა ამაყად გადახედა პარლამენტს და იმედისმომცემად რესტორანი „ევროპა“ გაიხსენა: „მე ჩემი რესტორანი მაძლევს ფულს და ვიცი, რომ ჩემი „გალსტუკი“ 50 დოლარი ღირს. თქვენ შეგიძლიათ, დეპუტატის ხელფასით კოსტიუმი იყიდოთ, ანდა ოჯახი არჩინოთ?“ - რიტორიკული შეკითხვა დაუსვა მან გაოცებულ დეპუტატებს.
მამუკა გიორგაძე უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ მხოლოდ გამგებლებზე რომ საუბრობს, თუ კარგი ბიჭია, გაბედოს რჩეულიშვილმა და თქვას, რომ პრეზიდენტიც კორუმპირებულია, მაგრამ ამის თქმას, რჩეულიშვილს პრეზიდენტის კარზე მიღებული ადამიანის იმიჯი ურჩევნია - ბიუჯეტში მოსახლეობის ფულის შეჭმას ხმას აძლევთ და ახლა იმაზე დავობთ, ვის უფრო მეტად გძულთ კორუფცია? - აღშფოთდნენ „სახალხოელები“.
მოქალაქეთა კავშირს კიდევ ერთ რამეში დასდეს ბრალი: კონიაკის ქარხანა მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთმა ფირმამ ჩაიჯიბა - საკუთარი პარტიის ფირმას, მაშინ, ამდენჯერ არ მოვიხსენიებდი, ე.ი. მე პარტიის მხილებით ვარ დაკავებული? - იკითხა ბარამიძემ, მისმა თანაგუნდელებმა კი ეს ინფორმაცია სულ პროვოკაციის ლაფში ამოსვარეს.