„მოქკავშირის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, წინასაარჩევნო კომპანიის პირველ ეტაპზე ქართველი თინეიჯერები მოხიბლა.
უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მქუხარე ტაში თვით დავით სალარიძესაც შეშურდებოდა, რომელმაც ამას წინათ ფილარმონიაში დიდი საარჩევნო „აქტი“ ჩაატარა. სააკაშვილისა და მომავალი იურისტების შეხვედრა ავტოგრაფებითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დამთავრდა.
”სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა...“ - დიდი ბელადისა არ იყოს, სააკაშვილმა თინეიჯერებს ნამდვილი იურისტობისკენ გზა ასეთი სიტყვებით გაუკაფა. მისი თქმით, თუ მომავალი საქართველო იურისტების ხელში არ აღმოჩნდა, ქვეყანა ავანტიურისტებს დარჩებათ.
გუშინდელ შეხვედრას უფრო ლექციის სახე ჰქონდა, ვიდრე წინასაარჩევნო კომპანიის. შეხვედრის ორგანიზატორებმაც უნივერსიტეტში „მოქკავშირელის“ ვოიაჟს ლექცია უწოდეს და თემაც სააკაშვილთან ერთად საგულდაგულოდ შეარჩიეს - „სამართებლივი რეფორმები საქართველოში“.
„ვაკელები აქეთ მხარეს გადმოჯდნენ...“ - ასე დაიწყო „წინასაარჩევნო ლექცია“ ხმაჩახლეჩილმა სააკაშვილმა. „ხმა ჯეიმს ბრაუნივით მაქვს ჩახლეჩილი. ლუი ამსტრონგს ვერ ვქაჩავ...“ - სააკაშვილმა კარგად იცოდა როგორ აეყოლიებინა „თინეიჯერებით“ სავსე პუბლიკა. ტაშიც არ აყოვნებდა, თუმცა, სტვენა ამერიკულ სტილში ნამდვილად არავის არ დაუწყია. არადა, როგორც შეხვედრის ბოლოს გამოჩნდა, სააკაშვილის ფანები ბევრი იყო დარბაზში.
ლექციის თემიდან გამომდინარე სააკაშვილმა წინასაარჩევნოდ ფრთები ფართოდ გაშალა. მან დაიწყო აღმასრულებელი ხელისუფლებით, გააგრძელა პოლიციის რეფორმით, გაიხსენა სასამართლო გამოცდების ციებ-ცხელება, ბოლოს კი „ცოტათი“ ააცილა „პაგონიანებს“ და „გლიჯა“ ექსმინისტრ ინჯიას.
„აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობის პირთა მენტალიტეტი თუ არ შეიცვალა, ისე არაფერი გამოვა...“ იმოძღვრებოდა სააკაშვილი.
„დღეს ბევრია ისეთი, რომელიც აცხადებს, მდიდარი ვარ,მანქანა მყავს, აგარაკი მაქვს, პარლამენტარობა მინდა, აბა, როგორ მოვიპარავ, რაც საჭიროა, ყველაფერი მაქვსო...“ - სააკაშვილს მიაჩნია, რომ ასეთი კაცი უფრო საშიშია, რადგან იგი ფულით ვერასოდეს „გაძღება“.
მან გაიხსენა იტალიაში საქართველოს ელჩის მუშაობის პერიოდი. მისი თქმით, ელჩი ქვეყნის ბიუჯეტიდან „მშვენივრად ჭამდა ფულს და რატომღაც კარგადაც გრძნობდა თავს..“
კორუფციაზე საუბარი, როგორც ჩანს, კარგად არ დაუგვირგვინდებოდა სააკაშვილს, ექსმინისტრ „ინჯიას მიერ შექმნილი იმპერია“ რომ არ გაეხსენებინა. იგი გაოცებული ლაპარაკობდა.
სააკაშვილმა თვითონვე განაცხადა გუშინდელ შეხვედრაზე, რომ ინჯიას საქმე იმიტომ ჩაიფარცხა, ბევრი მაღალჩინოსანი გარეული იყო ექსმინისტრის არაკანონიერ ქმედებებში. მისი თქმით, ამ ჯაჭვმა სიმართლის გამოვლენას ხელი შეუშალა.
ინჯიას თემა მალე შეწყდა. სააკაშვილი ლექციას დაუბრუნდა. მისი განცხადებით, 1 იანვრიდან ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედება დიდად შეუწყობს ხელს სამართლებრივი ქვეყნის მშენებლობას.
„ნებისმიერ პირს უფლება ექნება, უჩივლოს სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ან თუ გინდ პრეზიდენტს, თუკი ისინი მათთვის არასასარგებლო და საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებენ..“- სააკაშვილი თვლის, რომ აუცილებელია უცხო ენების სწავლა, მით უმეტეს იურისტებისთვის.
„მოქკავშირის“ ლიდერმა თანამედროვე ქართული პოლიციის გარდაქმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. იგი თვლის, რომ ნორმალური პოლიციის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ახალი კადრები.
„რეზონანსთან“ საუბრისას სააკაშვილმა კადრების ცვლილებაში მინისტრი კახა თარგამაძე არ მიაყოლა. პირიქით, იგი თვლის, რომ პოლიციური რეფორმების გასატარებლად, თარგამაძეს სერიოზული გეგმები აქვს. ასე რომ, ამ ეტაპზე თარგამაძე საჭირო კაცი ყოფილა.
თარგამაძე სჭირდება ყოფილ „პოლიცმეისტერ“, ყოფილ ომბუდსმენ, სააკაშვილის ახლანდელ კონკურენტ, დავით სალარიძესაც. აი თარგამაძეს ვინ სჭირდება, ეგაა საკითხავი, ან სჭირდება კი საერთოდ პარლამენტი და კანონი?
შეხვედრის დასასრულს, თინეიჯერები სააკაშვილს ავტოგრაფის ასაღებად შემოესივნენ. „მოქკავშირის“ ლიდერს ჩახლეჩილი ხმა თითქმის ბოლომდე ჩაუწყდა, თუმცა, ავტოგრაფის მიცემის დროს იგი მას ნამდვილად არ სჭირდებოდა. ერთი რამ კი შეიძლება ითქვას: ახალგაზრდებში ის უდაოდ პოპულარულია