პარლამენტმა ქუდი დაიხურა და წავიდა. რით დაგვამახსოვრა წინა მოწვევის პარლამენტმა თავი - რადიკალური პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, მიღებული კანონებით, თუ პირადი და ფიზიკური ანგარიშსწორებებით? თუ მათ ოთხწლიან ისტორიას გადავხედავთ, ნამდვილად მივხვდებით, რომ პარლამენტში სწორედ მუშტი-კრივი სჭარბობდა.
„ალია“ შეეცადა, რამდენიმე ფაქტი გაგახსენოთ - ვინ ვინ სცემა პარლამენტში, ვინ ვის ურტყა, მერე ვინ ვის შეურიგდა და ვინ ვის უჩივლა პროკურატურაში. მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ „ისტორიულ ბრძოლებს“.
საერთოდ, მოჩხუბრები ორ ჯგუფად იყოფიან: ცემა-ტყეპის მოყვარულნი და ინტელიგენტურად დედის მაგინებლები. პეტრე ცისკარიშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი ჩხუბში პირველობას არავის უთმობენ. ისინი მხოლოდ სიტყვიერ შეპასუხებას არ სჯერდებიან და წიხლების ჩაზელასა და მუშტების ქნევაშიც მონაწილეობენ. დახარისხება აქაც შეიძლება, ოღონდ იმის მიხედვით, ვის მუშტი უვარგა და ვის - წიხლი. რჩეულიშვილსაც და ცისკარიშვილსაც მუშტი კარგად უმუშავებთ და ამ უპირატესობას კარგად იყენებენ.
რამდენიმე შემთხვევას გაგახსენებთ:
ნოდარ გრიგალაშვილი ბორჯომის მაჟორიტარი იყო. სამცხე-ჯავახეთში ვახტანგ რჩეულიშვილის სიმამრმა რამდენიმე ჰესი ოფიციალურად შეისყიდა. გრიგალაშვილსა და რჩეულიშვილის სიმამრს შორის ინტერესთა კონფლიქტი სწორედ აქ გაჩნდა. ამით გაღიზიანებულმა გრიგალაშვილმა ერთხელ, მამა დავითზე, სხვა ნაციონალებთან ერთად განაცხადა, რჩეულიშვილი თბილისიდან უნდა გავასახლოთ, ეგ და მისი სიმამრი კონტრაბანდისტები არიანო. ეს იყო და ეს. მეორე დღეს კი პარლამენტში მისულ გრიგალაშვილს რჩეულიშვილისგან თავში მუშტი მოხვდა. მაშინ პირველი სოციალისტი გამწარებული გაიძახოდა, მე „კარენნოი“ თბილისელი ვარ, ამ მათხოვარმა ეს რა მაკადრაო. ასე შერჩა გრიგალაშვილს თავში თხლეჩა. გრიგალაშვილმა, თავის მხრივ, გია ბარამიძეს საქვეყნოდ უთხრა, შენ კი ხარ კაი ბიჭი, მაგრამ ჟვანია და მისთანები არაპოპულარულ განცხადებებს შენ გაკეთებინებენ და ვისაც როგორ უნდა, ისე გიყენებსო. ამის გამო გრიგალაშვილმა ბარამიძეს „ლეღვის ფოთოლი“ შეარქვა. შეარქვა და მოხვდა კიდეც.
ყველაზე სკანდალური რჩეულიშვილი-მაჭავარიანის ჩხუბი აღმოჩნდა. „ვინ არის, ბიჭო, შენი პიდარასტი, მე ვარ, ბიჭო, ცისფერი?“ - გაჰკიოდა მიშა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მაჭავარიანმა საფერფლე ესროლა რჩეულიშვილსა და თავი გაუტეხა.
ყველაზე უწყინარ ედვარდ სურმანიძესაც კი შეუძლია კონტროლის დაკარგვა. მისი დამრტყმელი ძალა ძირითადად ფეხია. პარლამენტის სხდომაზე სურმანიძემ კაკუბავას რუსეთის აგენტი უძახა, ამაზე კაკუბავამ სურმანიძეს გვარიანად შეუკურთხა და საპასუხოდ გვარიანი წიხლიც მოხვდა. მერე კაკუბავა იძახდა, სურმანიძეს ის ფეხი უნდა მოვაჭრა, რომლითაც ჩამარტყაო.
სხვათა შორის, იმავე დღეს, ნახევარმა პარლამენტმა დაინახა, როგორ გაიყვანა ვასილ მაღლაფერიძემ ლევან მამალაძის რჩეული - ვაჟა ლილუაშვილი გვერდით და „რაზბორკებისას“ კიბეებზე დააგორა. მართალია, ლილუაშვილი ორიოდ კვირა იწვა და თავს იტკიებდა, მაგრამ ისიც კი „შავს“ მიაწვა და ოფიციალურად განაცხადა, ხალიჩაზე ფეხი დამისხლტა და კიბეებზე ჩემით დავგორდიო. ამ ინციდენტზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ.
ის თუ გახსოვთ, დავით კერესელიძემ პეტრე ცისკარიშვილს ლოყაზე რომ „მოუთათუნა“. მაშინ კერესელიძემ სააკაშვილს პატარა შევარდნაძე უწოდა. ბოსის შეურაცხყოფით შეურაცხყოფილმა ცისკარიშვილმა კერესელიძეს ხურდა დაუბრუნა. ვალში არც კერესელიძე დარჩა და ცისკარიშვილს საყელოში სწვდა, მიკროფონს მოსწყვიტა და გარეთ გაათრია. მერე ცისკარიშვილს, მოწინააღმდეგეთა მთელი ფრაქცია შეესია და, ჯამში, დაჭრილ-დაკაწრული აღმოჩნდა. ორ დღეში ცისკარიშვილი კერესელიძეს ღიმილით მიუახლოვდა და კაი გემრიელი ალიყური აჭამა, იმანაც ცისკარიშვილს ლოყაზე ჩამოფხაჭნა. ამ დღიდან არ გასულა დიდი ხანი და ცისკარიშვილი ისევ გაეხვია დავიდარაბაში. მთელმა საქართველომ ტელევიზიით იხილა - როგორ გაათრია ფოიეში კერესელიძემ მიკროფონთან მდგარი ცისკარიშვილი, ამ გაწევ-გამოწევაში კი ცისკარიშვილს ვიღაცამ სახე დანით დაუსერა. ცისკარიშვილმა თქვა, რომ ეს დავით საგანელიძემ ჩაიდინა. რამდენიმე დღეში ცისკარიშვილმა საგანელიძეს კასტეტი ჩაარტყა. მაშინ ის პროკურატურამ ლამის დაიჭირა, მაგრამ სამართალდამცავებს წინ დეპუტატის იმუნიტეტი გადაეღობათ.
ჯემალ გოგიტიძესა და თამაზ ნადარეიშვილს შორის თითქმის მთელი პარლამენტი ჩადგა და ყველაფერი დედის გინებით დასრულდა. გოგიტიძემ ნადარეიშვილს რუსეთის აგენტი ეძახა: „შენ არ გინდა აფხაზეთში დაბრუნება, იმიტომ, რომ აქ შენი ფრაქციით მშვენივრად გრძნობ თავს“. „ვის არ უნდა დაბრუნება, შე ნაძირალა, ეს ასლანი აფინანსებს აფხაზებს და აგენტი შენ თვითონ ხარ“. დაახლოებით ასეთი გადაძახილი გაიმართა მათ შორის, მერე კი ერთმანეთზე გაიწიეს.
ყველაზე სასაცილო ვიტალი ხაზარაძის და გიორგი გულიაშვილის ჩხუბი იყო. გულიაშვილმა პარლამენტში ასლან აბაშიძე ჩაანაცვლა, ის ადრე პრეზიდენტის დაცვაში მუშაობდა და ფიზიკურადაც კარგი ნავარჯიშებია. ხაზარაძემ კი გაიწია გულიაშვილისკენ, მაგრამ მას სწორედ გულიაშვილის ფიზიკური მონაცემების შეეშინდა და მისი პათოსიც ისეთი იყო: „დამიჭირეთ, არ მიმიშვათო“.
სანდრო ბრეგაძეს კატის ილეთები კარგად გამოსდის, ეს მაშინ დაამტკიცა, როდესაც კობა დავითაშვილს ზურგზე შეახტა. მოკლედ, წინა პარლამენტმა კარგად გვამხიარულა.
რამდენიმე შეტაკება პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით აღძრა. გამომძიებლებს პარლამენტის შენობაში სპეციალური ოთახიც კი გამოუყვეს, სამუშაო პირობები შეუქმნეს. პროკურატურამაც ძალიან მოიწადინა და გემრიელი საქმეები გამოაცხო, თუმცა დასაბუთება გვარიანად გაუჭირდებათ. პარლამენტში მომხდარ ინციდენტებსა და მათზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოწმის სახით, დღემდე ერთი დეპუტატიც არ დაკითხულა. გამონაკლისი ერთადერთია, ცისკარიშვილი-საგანელიძის საქმეზე რამდენიმე დეპუტატი და დაცვის თანამშრომლები დაიკითხნენ. გენერალური პროკურატურის გამომძიებელი მალევე მიხვდა, რომ მისი არასასურველი სტუმრობით დეპუტატები არათუ აღფრთოვანდნენ, საკმაოდ გაღიზიანდნენ კიდეც. ამიტომაც წყლის ნაყვას აზრი არ ჰქონდა, ქუდი დაიხურა და პროკურატურაში დაბრუნდა.
დეპუტატები კი ბოლო წუთამდე ებრძოდნენ ერთმანეთს...