საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანიშვილს 149 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ახლა ამის ნახევარი, 74,5 მილიონი ლარი აქვს გადასახდელი. ივანიშვილი არც ამ თანხის გადახდას აპირებს.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმინობისას განხორციელებული ადმინისტრაციული დარღვევა არის ერთადერთი საკითხი, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილების გსაჩივრება აღსრულებას არ აჩერებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯარიმის გადახდისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვისთანავე უკვე სააღსრულებლო ნორმები ამოქმედდება.
ჯარიმის გადახდის ვადა დღეს 24 საათზე იწურება. იმისთვის, რომ სააღსრულებლომ თანხის ამოღების პროცედურა დაიწყოს, მას კონტროლის პალატამ უნდა მიმართოს.
ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე განმარტავს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, კონტროლის პალატამ აღსრულების ფურცლით სასამართლოს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთვება.
„სააღსრულებო ბიურო ფურცლის მიღებიდან 5 დღეში ვალდებულია, გვაცნობოს, რომ სააღსრულებო წარმოება დაიწყო. შემდეგ ბიძინა ივანიშვილს კიდევ 7 დღე უნდა მისცეს აღსრულებისთვის. ამის შემდეგ კი აღმასრულებელი გადაწყვეტს, რა იძულების გზით უნდა ამოიღოს აღნიშნული თანხა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
სააღსრულებლო უფლებამოსილია, დააყადაღოს და აუქციონზე გაყიდოს დაჯარიმებული პირის სახელზე არსებული ნებისმიერი ქონება. მათ შორის, კომპანიებში ამ პირის სახელზე გაფორემბული წილი. ამასთან, ხელისუფლებას უფლება აქვს ასეთ შემთხვევაში კომპანიებში მისი წილის მმართველადაც შევიდეს. გარდა ამისა, საქართველოში არსებული ქონება თუ საკმარისი არ იქნება, ვალის დასაფარად მიმართოს საზღვარგარეთის ქვეყნებს, რომ დააყადაღოს მის სახელზე არსებული ქონება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობა არ იწვევს პირის დეპორტაციას. რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის დეპორტაციისთვის ხელისუფლებას ამ მხრივ არანაირი საფუძველი არ გააჩნია. მთავარი ამ შემთხვევაში არის ქონება, რითაც ამ ჯარიმის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს.
ამიტომაც მნიშვნელოვანია, რა ქონება აქვს ივანიშვილს თავის სახელზე გაფორმებული და რისი დაყადაღება შეიძლება მოხდეს. ცხადია, ხელისუფლებას ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება, მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი კომენტარი არ კეთდება. არც ის არის გამორიცხული, რომ ახლა ხელისუფლება დამატებით მექანიზმებსაც ეძებს, რითაც იმ ქონების დაყადაღებას შეძლებდა, რაც მის სახელზე არ არის გაფორმებული.
საინტერესო კი ის არის, რომ ივანიშვილის სახელზე გაფორმებული ქონების შესახებ განცხადება არც ივანიშვილის და არც მისი ადვოკატების მხრიდან არ კეთდება. ადვოკატები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ისინი ამ ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა, ცხადია, რომ ჯარიმის გადაუხდელობის გადაწყვეტილების მიღებისას ამ მხარის შეფასებაც მოხდებოდა.
კონტროლის პალატაში კი ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ნებისმიერი გადაწყვეტილება კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.