15 ივნისს for.ge-ს პრეს-კლუბში სტუმრობისას „ქართული ოცნების“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა თბილისში კოალიციის მაჟორიტარების სავარაუდო კანდიდატები დაასახელა. მისი თქმით, კოალიციის დაკვეთით ორჯერ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარდა შიდა კვლევა, რომელმაც თბილისში მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატები გამოავლინა და ორივე კვლევის შედეგები სრულად დაემთხვა ერთმანეთს. აქვე ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები არ არის ერთადერთ კრიტერიუმი რითაც მაჟორიტარების დასახელება მოხდება და შესაძლოა, კვლევებში გამარჯვებული კანდიდატები ან სხვა ოქლებში დასახელდნენ კანდიდატებად, ან საერთოდ არც დასახელდნენ და კოალიციის საქმიანობაში სხვანაირად შეიტანონ საკუთარი წვლილი.
დავით ბერძენიშვილის თქმით, კვლევის შედეგები კი ასე გადანაწილდა - სამგორში სოზარ სუბარმა გაიმარჯვა, ვაკეში - ლევან ბერძენიშვილმა, ნაძალადევში - ეკა ბესელიამ, მთაწმინდაზე - ვახტანგ ხმალაძემ, დიდუბეში - დავით ბერძენიშვილმა, ჩუღურეთში - ვიქტორ დოლიძემ. კრწანისში ორმა კანდიდატმა, გია ცაგარეიშვილმა და შოთა ხაბარელმა, ხმების ერთი და იგივე ოდენობა მიიღეს. ბერძენიშვილის თქმით, საბურთალოზე, ისანში და გლდანში უპირობოდ ლიდერობს თინა ხიდაშელი.
ვინაიდან ამ სიაში რესპუბლიკელები ლიდერობენ და რადგან თავიდანვე ნათქვამი იყო, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს მხოლოდ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაასახელებდა, ქართულ მედიაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ბერძენიშვილმა ეს განცხადება კოალიციის სხვა წევრებთან შეუთანხმებლად გააკეთა. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია-საშუალებები უკვე რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების დაპირისპირებაზეც ალაპარაკდნენ.
ტრადიციულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ ყველა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ კოალიციაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.
„ამ დროისთვის სულ ცხრა მაჟორიტარია დასახელებული. ექვსი დასახელდა ქუთაისში, სამი კი - გურიაში. კოალიციაში დაპირისპირება არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ მან მოახერხა, მრავალი კონსულტაციისა და დისკუსიის შემდეგ იმ ძალების გაერთიანება, რომლებსაც წარსულში განსხვავებული აზრი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, კოალიციის ფარგლებში არ არსებობს დაპირისპირება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარების საკითხზე for.ge მაია ფანჯიკიძეს ესაუბრა.
მაია ფანჯიკიძე: „არაერთხელ გვითქვამს, რომ არა მხოლოდ თბილისის ოლქებში, არამედ სხვაგანაც ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატია. არჩევანი უნდა გაკეთდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი შეიძლება შიდა კვლევა იყოს. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმი, მაგრამ ეს კვლევები ჩატარდა სამი თვის წინ და მაშინ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საერთოდ არ არსებობდა. მისი დაარსების შემდეგ კი ქართულ პოლიტიკურ არენაზე ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო სახე გაჩნდა. ეს კვლევები რომ ერთადერთი და საკმარისი კრიტერიუმი ყოფილიყო, მაშინ მაჟორიტარების დასახელება უფრო ადრე მოხდებოდა, მაგრამ რადგანაც ეს მოხდა ადრეულ პერიოდში და თანაც ამ კვლევებმა განსაზღვრა ადამიანების ცნობადობა და არა პოპულარობა, ამიტომ ეს შედეგები ცნობად არის მიღებული, მაგრამ არაფრის გადამწყვეტი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შიდა კვლევა იყო, რაღაცნაირად მისი გარკვეული ნაწილები პრესისთვის გახდა ცნობილი, ხან ერთი რაღაც დაიწერა, ხან მეორე, და სწორედ ამიტომ დავით ბერძენიშვილსაც ამაზე კითხვა დაუსვეს. მან ამ კითხვას კვლევების შედეგების მიხედვით უპასუხა, მაგრამ თქვა, რომ ეს არის ძველი კვლევა. მან ასევე აღნიშნა ისიც, რაც ზემოთ მეც გითხარით, რომ მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. ბერძენიშვილმა ისიც განმარტა, რომ ეს არ არის ერთადერთი კრიტერიუმი და აქ დასახელებული პოლიტიკოსები აუცილებლად მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან.
ეს კვლევა მხოლოდ თბილისის მასშტაბით ჩატარდა თუ რეგიონებშიც?
- სიმართლე გითხრათ, ასე კონკრეტულად ამით არ დავინტერესებულვარ, მაგრამ მე მგონი რეგიონებშიც ჩატარდა კვლევა.
ქალბატონო მაია, თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ როდესაც ეს კვლევები ჩატარდა, მაშინ ჯერ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არ არსებობდა. კოალიცია კვლევის კიდევ ერთხელ ჩატარებას ხომ არ გეგმავს?
- რამდენადაც ასეთი რაღაცეების ორგანიზებაში არ ვმონაწილეობ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. გამორიცხული არ არის, რომ კვლევა ჩატარდეს, მაგრამ ისე არ არის, რომ ხვალ ან ზეგ ამგავრი რამ იგეგმებოდეს.
საბოლოოდ მაინც რის მიხედვით მოხდება მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა?
- კოალიციის პოლიტსაბჭოში ათი წევრია და ამ საკითხებზე ისინი იმსჯელებენ ისევე, როგორ აქამდე მსჯელობდნენ. ძალიან ბევრ რეგიონში მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა უკვე გარკვეულია და ისინი ეტაპობრივად დასახელდებიან. აქვე აღვნიშნავ, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ კოალიციის ლიდერი გააკეთებს და მეტი არავინ. ასე რომ სხვის მიერ დასახელებულს არაფერს ენდოთ. ბევრი რაღაცის შეჯერება და ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მიმდინარეობს. ასე ჩამოთვლა საკმაოდ ძნელია, მაგრამ რაღაც როლს ის კვლევაც ითამაშებს, რაღაცას მომავალი კვლევაც, თუკი ასეთი ჩატარდება. გათვლისწინებული იქნება რამდენად ერკვევა ესა თუ ის ადამიანი კონკრეტული რეგიონის პრობლემებში, ასევე რამდენად ცნობილია ეს ადამიანი იქ, სადაც კენჭი უნდა იყაროს და ა.შ.
ამდენად, ჯერჯერობით, ყველა მაჟორიტართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის?
- დიახ, ზოგიერთ ოლქზე მიმდინარეობს შეთანხმება, ოღონდ ეს გამოწვეულია იმით, რომ ბევრ ოლქში ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატია და მათ შორის უნდა მოხდეს არჩევა.