„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ დაასრულა „მოძრაობის პერიოდი“ და პარტიად საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ფილარმონიის დიდ დარბაზში შეკრებილმა 2000-მდე მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის მომხრემ დიდი ერთსულოვნებით მიიღო პარტიის წესდება და პროგრამა. კიდევ ერთხელ მოისმინა ხელისუფლების ლანძღვა, სამომავლო დაპირებები და ბოლოს დადო ფსონი. პრეზიდენტობის სავარძლისაკენ გზა სააკაშვილს დაულოცა.
ყრილობა ნაციონალური მოძრაობის საგანგებო ჰიმნით გაიხსნა. პოლიტიკოსების გამოსვლებს თან სდევდა ვიდეო ფირი, სადაც ძირითადად, ხან პრეზიდენტი შევარდნაძე ლანძღავდა სააკაშვილს, ხან თავად სააკაშვილი პრეზიდენტს. ყრილობის მონაწილეთა შემადგენლობიდან გამომდინარე ისინი პირველს სტვენით, მეორეს კი ტაშით ხვდებოდნენ.
ყრილობის ოფიციალური მხარის მოგვარება კოტე კემულარიამ ითავა. ამის გამო მას რამდენჯერმე მოუწია სცენაზე გამოჩენა, ხან წესდების და პროგრამის დამტკიცებისას, ხან კი იმ კანონპროექტების ჩამოსათვლელად, რომლის შეტანასაც ნაციონალური პარტია პარლამენტში საშემოდგომო სესიებზე აპირებს.
ამ პროექტებში არის როგორც სახელმწიფო მოწყობისა, ისე სოციალური მიმართულების კანონპროექტები, 2003 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები. ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ბოლშევიკებისდროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნების კანონპროექტი...
თავისი გამოსვლა კი იმით დაასრულა, რომ ნორმალური ქვეყნისთვის თავისუფალი ადამიანებია საჭირო, ასეთი ადამიანები კი საქართველოს ერთი მიზეზით არ ჰყავს:
„ამ ადამიანებს არა აქვთ საარსებო მინიმუმი, შესაბამისად, ისინი არ არიან დამოუკიდებლები, თუ ვინმე პრეზიდენტთან მივა, დახმარებას სთხოვს და ისიც თავისი ფონდიდან რაღაცას გაიმეტებს, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი მისი მონა უნდა გახდეს. ჩვენ ასეთი ქვეყანა არ გვჭირდება“.
პროგრამის ძირითადი პრინციპები თავისი კომენტარებითურთ კობა დავითაშვილმა გააცნო ყრილობის მონაწილეებს. პატრიოტული პათოსი აქაც შენარჩუნდა და ტაში არც დავითაშვილს დაჰკლებია, განსაკუთრებით შემდეგი სიტყვების შემდეგ:
„საქართველოში ყველაფერი უკუღმაა. პრეზიდენტის პირადი დაცვა პირველ ადგილზეა და ქვეყნის ჯარი ბოლოზე. ჩვენი პრეზიდენტი დაჩოქილია და შეეჩვია მუხლებზე დგომას, ჩვენ კი ფეხზე დგომა გვინდა“, - წამოდგა კიდეც ხალხი რამდენჯერმე. მათ შორის, თავად პარტიის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლისას. თუმცა, ამ მომენტს ისინი ძალიან დიდხანს ელოდნენ, დაახლოებით სამი საათი, სანამ ყველა გამომსვლელმა არ გამოთქვა თავისი აზრი და ახალი პარტიის დაბადება არ მიულოცა შეკრებილებს.
ყრილობის ძირითადი ხაზი, როგორც ეს სააკაშვილის მომხრეთა შეხვედრებზე ხდება ხოლმე, შევარდნაძის და მისი გარემოცვის, მათ შორის, მისი ნათესაური კლანის კრიტიკა იყო. ამ მხრივ, ცალკეული გვარები, მათ შორის, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი, ანტიკორუფციული საბჭოს წევრმა გივი თარგამაძემ გაიმეორა. ნაციონალურ მოძრაობას კი ანტიკორუფციული საბჭოს სახელით მხარში დგომა სთხოვა.
თუმცა, ყველაზე მეტად სააკაშვილის გამოსვლამდე დარბაზი ზვიად ძიძიგურმა ააფორიაქა, ის როგორც ყოველთვის ახლაც ემოციურ ფონზე მიმართავდა თავის მომხრეებს და საბოლოოდ არც აცია, არც აცხელა, გამოაცხადა, ჩვენ რომ გვიყურებთ, უბრალო ხალხი არ გეგონოთ, ამ დარბაზში ჩვენი სახით ალტერნატივა იბადებაო.
„ამ დარბაზში იბადება ალტერნატივა-ვისაც შეუძლია თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.
ჩვენ ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ეს ქვეყანა კაზინო კი არა, სამშობლოა. ჩვენ არა ვართ კაზინოში, რომ ფსონს ჩავიდეთ და ან მოვიგოთ, ან წავაგოთ. ჩვენ ამ ხელისუფლების ალტერნატივა ვართ. ამას იმითაც ვგრძნობთ, რომ სულ გვლანძღავენ და გვებრძვიან“.
გზა სააკაშვილს ღიად თუ შეფარულად კიდევ ბევრმა პოლიტიკოსმა და აკადემიკოსმა დაულოცა. სამსაათიანი დაძაბული ლოდინის შემდეგ თავად პარტიის თავმჯდომარეც ავიდა სცენაზე.
„მთავარი განსხვავება ჩვენსა და ხელისუფლებას შორის ის არის, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული პარტია, ის კი არის დამარცხებული ხელისუფლება“, - თქვა მან, მოწყვიტა ტაში და თავისი პარტიის უპირატესობებზე და სამომავლო გეგმებზე დაიწყო საუბარი.
თავიდან ახსნა, თუ რატომ არ შესრულდა მისი და მისი თანამოაზრეების ასე საგულდაგულოდ შექმნილი ხელშეკრულება თბილისთან, რომელიც საკრებულოს არარსებობის გამო ყველას მიავიწყდა.
სააკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს სამი დღის წინ მოპოვებული დოკუმენტი აუფრიალა, რომელსაც პრეზიდენტის რეზოლუცია ადევს, სხვათა შორის, გილიგაშვილის სახელზე, ხოლო შინაარსი ის არის, რომ სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება, რათა დაკანონდეს ძველი საკრებულოო.
ამ ფაქტმა დარბაზი დაძაბა და უფრო მეტი საბაბი მიეცა ხელისუფლების სალანძღავად. კულმინაცია კი ის იყო, ამ დარბაზიდან რომ მიმართა ედუარდ შევარდნაძეს, ეს მე კი არა, თქვენ ცრუობდით არჩევნებთან დაკავშირებითო.
ახლადჩამოყალიბებულ პარტიას ერთი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები ელის. ამ თარიღისთვის მზადება მათ უკვე დაიწყეს. ისინი იმედიანად არიან. მათ ამის საფუძველს მაღალი რეიტინგი და პოლიტიკური ძალებიდან შევარდნაძესთან ყველაზე მწვავე დაპირისპირება აძლევთ.