ლარი ნოკდაუნში აღმოჩნდა

ლარი ნოკდაუნში აღმოჩნდა

კვირა დილას ლარის თავზე შავი ღრუბლები შეიყარა. უიქენდისთვის განწყობილ მოქალაქეებს კი გუშინ კინაღამ თავზარი დაეცათ. განსაკუთრებით შეშფოთდნენ ისინი, ვინც ლარს ეგზომი ნდობა გამოუცხადა და დანაზოგის შენახვა სწორედ ეროვნულ ვალუტაში გადაწყვიტა. თუმცა, როგორც ქუხს, ისე არ წვიმს. დღის ბოლოსათვის შავი ღრუბლები მცირედ გადაიყარა და „იქმნა ნათელი“.

შავად გათენებულ კვირა დილით 1-მა დოლარმა 1.6-1.7 ლარს მიაღწია, მაგრამ საღამოს „მცირეწლოვანი“ ლარი ოდნავ მოსულიერდა და სუპერვალუტის გვერდით თავი 1.4-ად დაიფასა. „გადამცვლელებმა“ დრო იხელთეს და დაზაფრული კლიენტურა 100 დოლარში 150 ლარად მოთაფლეს.

ქართული ფინანსური ნევროზი დიდი რუსული რუბლის საჯარო დაცემამაც გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამა სოფლის ძლიერნი ხაზინადარნი საამო ძილსა და ეკონომიკურად სტაბილურ სიზმრებს გვპირდებოდნენ, „იავნანამ“ რატომღაც აშკარად არ გაამართლა. აქვე ურიგო არ იქნებოდა, მოგვეგონებინა აწ გარდაცვლილი კუპონი და მისი მაკულატურად გარდასახვის გზა. მაშინაც, აღმასრულებელი ფინანსისტები დიდი ოპტიმიზმით იყვნენ აღვსილნი და საპენსიო მანეთის ახალშობილ კუპონზე გადაცვლისკენ მოგვიწოდებდნენ.

იმედია, მსოფლიო სავალუტო ორგანიზაციების მიერ დღემდე კბილით მოტანილი ლარი კუპონის ავბედით გზას არ გაუდგება. ეროვნულ ბანკს კი იმედია, ძილქუში არ შეეყრება და ლარის დაცემის ხელოვნურ პროცესს ფრიად ბუნებრივად შეაჩერებს.

უიქენდზე ლარის „გაშავების’ რამდენიმე სავარაუდო მიზეზი წამოტივტივდა. ექსპერტთა აზრით, რუსეთ-საქართველოს სავაჭრო მარშრუტზე მოსიარულე რუბლის კვდომით დაზარალებული ვაჭრები კომპენსაციას ლარით აპირებენ. მიზანი ერთია: რუსეთში რუბლზე არასარფიანად ნაყიდი პროდუქცია საქართველოში როგორმე სარფიანად უნდა გაყიდონ. ლარის კურსის დაცემა და შესაბამისად, სასაქონლო ბაზარზე ფასების აწევა კი მიზნის მისაღწევ ერთადერთ ნაცად საშუალებად რჩება.

როგორც „რეზონანსს“ ერთ-ერთმა ინკოგნიტო ექსპერტმა განუცხადა, ლარის გაუბედურებაში თავისი წილი სავალუტო ბირჟაზე მოთამაშეებსაც მიუძღვით. რუსული ვალუტის სტაბილურობით მოტყუებული მაქინატორები, კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთში იაფი რუბლით აცდუნეს და დიდი ოდენობით შეაჩეჩეს. მოგვიანებით, გაცურებულებმა თავიანთი მდგომარეობის გამოსწორება საქართველოს სავალუტო ბაზარზე სცადეს და დოლარზე დაყრდნობით ლარი, კვირა დილით, ბეჭებზე დასცეს.

შაბათსვე მუთაქებში ლარებშენახულთათვის ნამდვილი პანიკა დაიწყო - არიქა, ლარი კვდებაო და მუთაქებსაც პირი მოხსნეს. ბანკებს მიღმა, ჩრდილში დარჩენილი ფული საკმაოდ „უხერხულ“ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სხვა საკითხია, რომ ბანკებამდე მოქალაქეთა ვერმიღწეული ლარები ისევ ბანკების ყოფილი თუ ამჟამინდელი „დამსახურებების“ ბრალია. არადა, საბანკო ანგარიშებზე დადებულ ლარებს ქართული უიქენდის ციებ-ცხელება ნაკლებად შეაშინებდა.

ლარის ბლიც-კრიზისი აბსოლუტურად მოულოდნელი იყო იმიტომაც, რომ საქართველოში საფუძვლიანი დეფლაციაა. ბოლო მონაცემებით, მან 3.6% შეადგინა.

მიუხედავად გაურკვეველი სიტუაციისა, ექსპერტები მაინც ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებენ: დაახლოებით რამდენიმე დღეში ლარი დოლართან მიმართებაში ისევ ძველ კურსს დაუბრუნდება.