გურამ შარაძე „კაგებეშნიკი“ არ ყოფილა

გურამ შარაძე „კაგებეშნიკი“ არ ყოფილა

(იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით)

დეპუტატ გურამ შარაძისა და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის, ლევან რამიშვილის დავამ მიხეილ ოსაძის საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამო კულმინაციას მიაღწია. რამიშვილი შარაძეს „კაგებეშნიკობაში“ ამხელდა. ოსაძის კომისიამ დაასკვნა, რომ რამიშვილის მხილება სიმართლეს არ შეეფერება.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე წლის წინათ საქართველოს უშიშროების არქივის ნაწილი, რომლის გატანა რუსეთში ვერ მოხერხდა, „ნასედკების“ საბუთებთან ერთად განადგურდა. სკეპტიკოსებმა შეიძლება თქვან კიდეც, საბუთები განადგურებულია და შარაძის „კაგებეშნიკობის“ უარყოფა სინამდვილეს არ შეესაბამებაო.

„რეზონანსის“ ამ კითხვაზე პასუხის სახით შარაძემ სკეპტიკოსებს, თავისუფლების ინსტიტუტსა და „სოროსის“ ფონდის წარმომადგენლებს ურჩია, ვლადიმირ პუტინს მიმართონ განცხადებით, რათა რუსეთის პრეზიდენტმა მათ საქართველოდან გატანილი ჩვენი უშიშროების არქივის ნაწილის გადასინჯვის უფლება მისცეს. „აგენტი უნდა იყო, რომ გამხილონ... ოკეანისგაღმა მათი „კარტოჩკების“ მოპოვება შეიძლება, ჩემსას კი ვერსად იპოვიან“, - აცხადებს შარაძე.

„რეზონანსი“: ბატონო გურამ, მოულოდნელი იყო თუ არა მიხეილ ოსაძის კომისიის დასკვნა თქვენთვის?

-ჩემთვის ეს დასკვნა დღესავით ნათელი იყო. იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერავითარი კომისია ვერ აღმოაჩენს, რაც არ უნდა დიდი იყოს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლების მსგავსი დემაგოგების მცდელობა და სურვილი, რაიმე იპოვონ. თუმცა, ადამიანურად უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ მიხეილ ოსაძესა და მის კომისიას ამ საკითხის ასე დეტალური შესწავლისთვის. ვფიქრობ, ოსაძის კომისია არის ნიმუში, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ საქართველოში სამართალდამცავი და სამართლის დამდგენი სტრუქტურები.

„რეზონანსი“: დაბრუნდებით პარლამენტში?

-მე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 4 ივნისს განვაცხადე, რომ თუ ის, რაც “რუსთავი - 2“-ის პირდაპირ ეთერში თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლ. რამიშვილმა განაცხადა, სიმართლეს შეესაბამება, მე არ მაქვს უფლება დავრჩე საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო თუ ეს სიმართლეს არ შეეფერება, შეურაცხყოფისთვის მისმა ავტორმა უნდა აგოს პასუხი-თქო. ჩემი ამ განაცხადების საფუძველზე დაევალა ამ საკითხის შესწავლა ოსაძის კომისიას. ამ კომისიის დასკვნაზე იყო დამოკიდებული, დავუბრუნდებოდი თუ არა პარლამენტს. მას შემდეგ, რაც კომისიამ დაადგინა, რომ ლ. რამიშვილის ბრალდება „ბოროტ ცილისწამებას“ წარმოადგენს და სიმართლეს არ შეესაბამება, მე მაქვს მორალური უფლება დავუბრუნდე პარლამენტს და გავაგრძელო ჩემი მოღვაწეობა.

„რეზონანსი“: რაც შეეხება ლევან რამიშვილს?

-მე რა თქმა უნდა, ამით არ დავკმაყოფილდები და ლ. რამიშვილს პასუხს სასამართლოში მოვთხოვ. კომისიის გადაწყვეტილებას არ დავლოდებივარ და სარჩელი შევიტანე ვაკე-საბურთალოს სასამართლოში ერთი თვის წინ. ეს საქმე დაეწერა მოსამართლე თემურ ტაბატაძეს. აღმოჩნდა, რომ ტაბატაძე არის ტენდენციური და არაობიექტური. ამის გამო მის წინააღმდეგ იუსტიციის საბჭოში ადმინისტრაციული დევნა გამოვაცხადე. იუსტიციის საბჭოსა და მისი თავმჯდომარის, პრეზიდენტ შევარდნაძის წინაშე დავსვი ტაბატაძის პასუხისმგებლობის საკითხი, სასამართლო პროცესზე კი აცილება მივეცი. საკასაციო სარჩელი შევიტანე საოლქო სასამართლოში, სადაც სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება.

გარდა ამისა, გენერალურ პროკურატურაში შევიტანე განცხადება, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე „სოროსის“ ფონდის წარმომადგენლის მიერ „მაგთიკომის“ საშუალებით გამოგზავნილი განცხადების - „სიკვდილი ფაშისტ გურამ შარაძეს, გაუმარჯოს თავისუფლების ინსტიტუტს!“ გამო. ამ ბოროტმოქმედების ჩამდენის ვინაობა გარკვეულია, მაგრამ, სამწუხაროდ, პროკურატურის გამომძიებელი გოდერძი ძიმისტარაშვილი ტაბატაძის მსგავსად ვერ აღმოჩნდა პროფესიული მოწოდების დონეზე, რის გამოც გენერალურმა პროკურორმა გაბრიძიძემ მას საქმე ჩამოაშორა. „გამომძიებელ“ ძიმისტარაშვილს პასუხს მოვთხოვთ. საქმე კი აღიძვრება „სოროსის“ ფონდის „ბოროტმოქმედი“ თანამშრომლის, ქაროსანიძის წინააღმდეგ.

„რეზონანსი“: ოსაძის კომისიის დასკვნა თქვენთვის დიდი კოზირია...

-ეს კოზირი კი არა, დოკუმენტია. მსოფლიოში ვერც ერთი სასამართლო ვერ ინატრებდა უკეთეს დოკუმენტს, რაც ოსაძის კომისიამ წარმოადგინა. გარდა ამისა, ლევან რამიშვილმა გააკეთა განცხადება, თითქოს მე სამაჩაბლოში არ ვყოფილვარ და არ მიბრძოლია და პრეზიდენტმა ტყუილად მომანიჭა ვახტანგ გორგასლის ორდენი. ლ. რამიშვილის ამ განცხადებამ მთელი სამაჩაბლოს გულისწყრომა გამოიწვია. ეს ყველაფერი დასაბუთებული მაქვს, როგორც ვიდეო და აუდიო კასეტებით, ისე წერილობითი სახით.